
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საფრანგეთის ქალაქ პარიზში მიმდინარე უმსხვილესი საავიაციო გამოფენის International Paris Air Show 2025 – ის ფარგლებში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გენერალურ მდივანს ხუან კარლოს სალაზარს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დირექტორი გივი დავითაშვილი, შპს „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე და ICAO – ს ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური რეგიონის დირექტორი ნიკოლას რალო.
შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს სოხუმის აეროპორტის უკანონოდ ამოქმედება და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყება წარმოადგენდა.
მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ICAO გააგრძელებს საჭირო ზომების გატარებას ოკუპირებული რეგიონიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის მიზნით.
თავის მხრივ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია, როგორც გაეროს სტრუქტურა, მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ერთმნიშვნელოვნად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი და მისი მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე მოხდება. აქვე აღსანიშნია, რომ რამდენადაც სოხუმის აეროპორტი მდებარეობს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და საქართველოს საავიაციო ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, კონტროლი განახორციელოს ფრენების უსაფთხოებასა და საავიაციო უშიშროებაზე, საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიმართვის საფუძველზე ICAO-ს ადგილმდებარეობის განსამზღვრელი კოდი სოხუმის აეროპორტისთვის მოხსნილი აქვს.
მინისტრის მოადგილემ ICAO – ს გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში მიმდინარე ტენდენციები, აგრეთვე მიაწოდა ინფორმაცია დარგის შემდგომი განვითარების და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელების შედეგად საქართველო შეძლებს, სრულფასოვნად შეასრულოს რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია როგორც მგზავრთა გადაყვანის, ისე სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით.
ICAO – ს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა რეფორმები, რომლებიც საქართველომ განახორციელა სამოქალაქო ავიაციის სექტორში საერთაშორისო რეგულაციების დანერგვის მიმართულებით. ასევე ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია საავიაციო ზედამხედველობის მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველო მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ევროპის რეგიონში საავიაციო ზედამხედველობის მიმართულებით, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე და ამავე დროს, ზრდის ქვეყნის საავიაციო ბაზრის მიმზიდველობას. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ასევე მაღალი შეფასება მისცა ICAO – ს ეგიდით განხორციელებულ პროექტებში ქართველი სპეციალისტების მონაწილეობას.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ICAO – ს ეგიდით რეგიონული და გლობალური ფორუმების გამართვის შესაძლებლობაზე.
დასასრულს, მარიამ ქვრივიშვილმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს