რა მიმართულებით განავითარებს მომსახურებას მიკრობანკის სტატუსით MBC?

News.ge 2 კვირის წინ 35
რა მიმართულებით განავითარებს მომსახურებას მიკრობანკის სტატუსით MBC?

საქართველოში პირველი მიკრობანკის MBC-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანია საფინანსო ბაზარზე მომხმარებლისთვის ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით ინვესტირებაზე გაამახვილებს ყურადღებას. ამის შესახებ გია პეტრიაშვილმა „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა.
საქმე ის არის, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 დეკემბერს, თითქმის ერთწლიანი განხილვის შემდეგ, ქვეყანაში მიკრობანკის პირველი ლიცენზია MBC-ზე გასცა. გია პეტრიაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ კომპანია თავის მომხმარებელს მიკრობანკის სტატუსით განსაზღვრულ პროდუქტებს ახალი წლიდან შესთავაზებს.
„ამ სტატუსის მიღება არ ნიშნავს მყისიერ ცვლილებას, ამ ცვლილებისთვის ჩვენ წლებია ვემზადებოდით, თვითონ ლიცენზირების პროცესი რამდენიმე თვე მიმდინარეობდა, ჩვენ ვადასტურებდით, რომ ვპასუხობდით მაღალ სტანდარტს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მომხმარებელი უნდა ელოდებოდეს გაცილებით მაღალი სტანდარტის მომსახურებას ჩვენგან, ვიდრე ჩვენ მას ვაწვდიდით. ეს ნიშნავს მეტ ნდობას ჩვენი ინვესტორების მხრიდან, ეს ნიშნავს უფრო მეტი და იაფი თანხების მოზიდვის შესაძლებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მომხმარებლისთვის სესხების გაიაფების შესაძლებლობას მოგვცემს“, – აღნიშნა პეტრიაშვილმა. ხოლო „საქმის კურსის“ წამყვანის კითხვას – რა მიმართულებით გეგმავს კომპანია განავითაროს თავისი სტრუქტურა, MBC-ის გენერალურმა დირექტორმა უპასუხა: „ჩვენ ქსელს ფილიალებით გავზრდით, მათ შორის ძირითადი აქცენტი იქნება დისტანციურ მომსახურებაზე და უფრო მეტ ციფრულ პროდუქტს შევთავაზებთ მომხმარებელს“.
გია პეტრიაშვილი იმასაც განმარტავს, რომ გასული წლების განმავლობაში MBC ყოველწლიურად მოგებიანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, რამაც მათ მიკრობანკის ლიცენზიაზე განაცხადის შეტანის შესაძლებლობა მისცათ.
„მისო-ებისთვის სუპერმოგებიანობის პერიოდი დამთავრდა, ნამდვილად ასეა, ეს ნიშნავს, რომ მიკროსაფინანსო სექტორი დიდი ხანია დაღვინების ფაზაშია გადასული. რაც შეეხება საბანკო სექტორს, ეს ფაზა დიდი ხნის წინ გაიარა.
მიკროსაფინანსო სექტორი ძალიან განსხვავებულია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ამ ბაზარზე გარკვეულწილად თეთრი ყვავი ვიყავით და საბანკო სექტორში გადასვლის სურვილი გაგვიჩნდა. ჩვენ გავაგრძელებთ ოპერირებას, რომ კონცენტრირებული ვიყოთ ბიზნესის დაკრედიტებაზე, მისო-ების შემთხვევაში უმთავრესად ეს სალომბარდე ტიპის დაკრედიტებაა, როგორც ოქროს ასევე ავტოლომბარდის მიმართულებით, რაც პრინციპულად სხვა მოდელია, ვიდრე MBC-ის აქვს“, – განმარტავს გია პეტრიაშვილი.

სრულად წაიკითხეთ სტატია