რა ზარალს მიიღებენ ქართული კომპანიები ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის გამო? – ჰოტელიერის პასუხი

News.ge 8 საათი წინ 8
რა ზარალს მიიღებენ ქართული კომპანიები ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის გამო? – ჰოტელიერის პასუხი

ისრაელსა და ირანს შორის განვითარებული სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოს ტურიზმის სექტორზეც აისახა. განსაკუთრებით იმ კომპანიებსა და სასტუმროებზე, რომლებიც ს ბაზარზე ოპერირებენ. როგორც ჰოტელიერი, მაია მურაჩაშვილი BMG-სთან აცხადებს, დაძაბულობის ფონზე ისრაელიდან განხორციელებული ყველა ტურისტული ჯავშანი გაუქმდა.
„ერთი სეზონი, ერთი ზაფხული პანდემიის მერე არ დაგვცალდა, რომ სიმშვიდე გვქონოდა. ამ თვეში, ისრაელიდან მთლიანად გაუქმდა ყველა ჯავშანი. ფრენები არ არის და ფიზიკურადაც ვერ ჩამოვლენ“, – განაცხადა მურაჩაშვილმა.
მისი თქმით, მისი კომპანია 90%-ით სწორედ ისრაელის ბაზარზე მუშაობს და ივნისში დაგეგმილი ტურების გაუქმება ბიზნესზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს. რადგან ფორსმაჟორის გამო, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ჯავშნები ზედმეტი გადასახადების გარეშე გააუქმონ.
„მხოლოდ ხუთი დიდი ჯგუფის გაუქმებით, დაახლოებით 200 კაცამდე, ჩვენი კომპანიის მოგება $20,000-ის პროპორციული უნდა ყოფილიყო. ეს თანხა უნდა გადანაწილებულიყო სასტუმროებზე, კვებაზე, ტრანსპორტზე, გიდებზე, მუზეუმებზე. სრული ზარალი არ დამითვლია, მაგრამ მთლიანობაში ზარალი 200-220 ათასი დოლარის ფარგლებშია, და ეს მხოლოდ ჩემი კომპანიის მაგალითზე“, – აცხადებს მურაჩაშვილი.
მისი ინფორმაციით, ივნისში მათ სასტუმროებში ისრაელელი ტურისტების წილი 10-12%-ს შეადგენდა. იმის გათვალისწინებით, რომ სასტუმროები ბიუჯეტური არ არის, ზარალი საკმაოდ სოლიდურ თანხებზე ავა.
„ივლისი-აგვისტოსთვის კვლავ არის ბევრი დაჯავშნილი ჯგუფი ისრაელიდან, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. არსებობს სასტუმროები, რომელთა ძირითადი ნაკადი სწორედ ისრაელიდან იყო და ეს კრიზისი მათთვის გაცილებით სერიოზული შედეგების მომტანი იქნება“, – აღნიშნა მურაჩაშვილმა.
მისივე თქმით, განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც საქართველოში ინდივიდუალური, ნაკლებად ორგანიზებული ტურისტები ჩამოდიოდნენ, 2025 წელს უფრო დიდი ჯგუფები და ორგანიზებული ტურები იყო დომინანტი. შესაბამისად, მათი გაუქმება ერთდროულად ასახვას პოულობს მთელ სექტორზე – სასტუმროებიდან დაწყებული ტრანსპორტითა და კვებით დამთავრებული.

სრულად წაიკითხეთ სტატია