
პროექტირების ეტაპზე ამ დროისთვის ავარიული სახლების 30-მდე მისამართია – ამის შესახებ თბილისის განვითარების ფონდის უფროსმა თამაზ ალიბეგაშვილმა „რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტზე საუბრისას აღნიშნა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის 4 მიმდინარე პროექტია, რომლიდანაც 1 დასრულებულია, შესაბამისად, 36 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინები უკვე გადაეცა.
თუმცა, როგორც თამაზ ალიბეგაშვილმა აღნიშნა, თუ მიმდინარე ეტაპზე აღებული ყველა პროექტის ბოლომდე მიყვანა მოხერხდა, ბინით ჯამში 2 200 ოჯახი დაკმაყოფილდება.
„ზოგადად, დედაქალაქისთვის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. წლების განმავლობაში შეიძლება, ეტაპობრივად გაიზარდოს მათი რაოდენობა თბილისის მასშტაბით.
დაახლოებით, 10 000-მდე ასეთი მისამართია, რომელიც ეტაპობრივად უნდა ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში და უნდა მოხდეს ჩანაცვლება.
პროექტირების ეტაპზე ამ დროისთვის არის 30-მდე მისამართი. აღნიშნულიდან დაახლოებით, 6-მდე წლის ბოლომდე უკვე დასრულდება და ვფიქრობთ, რომ ამაზე უკვე გამოვაცხადებთ სახელმწიფო შესყიდვას. გარდა ამისა, 4 მიმდინარე ობიექტი გვაქვს, საიდანაც 1 უკვე დასრულებულია და 36 ჯახს უკვე გადაეცა თანამედროვე სტანდარტების ახალაშენებული ბინები.
გარდა ამისა, წლის ბოლოს ვფიქრობთ, რომ სამიც „ჩაიხურება“ და 120-მდე ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული.
შემდეგ, კიდევ გვაქვს 2 მისამართი, სადაც უახლოეს მომავალში ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ. შედეგად, კიდევ 100 მოსახლე დაემატება [საცხოვრებლით დაკმაყოფილებული]. ასევე, მომართვიანობა არის 70 მისამართიდან და ეს სულ რომ მოვიყვანოთ რეალიზაციაშიც, დაახლოებით 2 200-მდე ოჯახი იქნებ დაკმაყოფილებული. თუმცა, ამ საკითხზე მომართვიანობა იზრდება და ფონდიც შესაბამისად ვმუშაობთ“,- განაცხადა თამაზ ალიბეგაშვილმა.
www.bpn.ge