რა არის კოქსართროზი და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს? – გიორგი ჯგუშია

Alia 3 თვის წინ 113
რა არის კოქსართროზი და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს? – გიორგი ჯგუშია

რა არის კოქსართროზი, როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება, ვინ მიეკუთვნება რისკ–ჯგუფში, მკურნალობის რა მეთოდები არსებობს? – ამ და სხვა კითხვებზე “ალიას“ უპასუხა, კლინიკა ნიუ–ჰოსპიტალსის ექიმმა, ორთოპედ–ტრავმატოლოგმა გიორგი ჯგუშიამ.
გიორგი ჯგუშია საქართველოს ორთოპედიული ქირურგიის, ტრავმატოლოგიისა და სპორტული მედიცინის ეროვნული ასოციაციის წევრი და თანადამფუძნებელია.

– რა არის კოქსართროზი?

– კოქსართროზი არის მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი, ქრონიკული, პროგრესირებადი პროცესია და მოიცავს ხრტილის, ძვლის სუბქონდრალური შრის, სასახრე ჩანთის, პერიარტიკულარი ქსოვილებისა და კუნთების დაზიანებებს.

– რა არის კოქსართროზის გამომწვევი მთავარი მიზეზი?

–კოქსართროზის განვითარებისას მნიშვნელოვანია გენეტიკური წინასწარგანწყობა, რევმატული დაავადებები, მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, სახსარშიდა მოტეხილობები, იშვიათად ენდოკრინული და ნევროლოგიური ართროპათიები.

–რა სიმპტომები ახასიათებს კოქსართროზს?

– კოქსართროზი ვლინდება სპეციფიკური სიმპტომებით, როგორიცაა ტკივილი საზარდულისა და დუნდულა კუნთების მიდამოში, რომელიც ირადირებს ქვედა კიდურისკენ მტკივნეულ მხარეს. პაციენტებს უჭირთ გადაადგილება, კიბეზე ასვლა. ტკივილი დაავადების სტადიებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს როგორც დატვირთვისას, ასევე, მოსვენებულ მდგომარეობაში. სიმპტომების გამოვლენისას მნიშვნელოვანია მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.

– როგორ ხდება კოქსართროზის დიაგნოსტიკა?

– მენჯ-ბარძაყის ტკივილის გამოვლენის ან მოძრაობის შეზღუდვის შემთხვევაში, პირველ რიგში ორთოპედ-ტრავმატოლოგი პაციენტს ჩაუტარებს ფიზიკურ გამოკვლევას და შეაფასებს დაზიანებას იმ წერტილებზე დაკვირვებით, სადაც პაციენტი ყველაზე დიდ ტკივილს განიცდის. პირველი შეფასება მოიცავს პაციენტის სახსრის მოძრაობის შესწავლას.

პაციენტის პირველადი შეფასების შემდეგ, საჭიროა კონკრეტული დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება, რომელიც უფრო ფართო ინფორმაციას იძლევა – რენტგენოლოგიური კვლევა და საჭიროების შემთხვევაში კტ, მრტ და სცინტიგრაფია.

– როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან კოქსართროზი?

– ხშირ შემთხვევაში მენჯ-ბარძაყის კოქსართროზის განვითარების თავიდან აცილება შეუძლებელია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. თუმცა, არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლითაც შესაძლებელია გაუმჯობესდეს პაციენტის მდგომარეობა.

პირველ რიგში, მიზანშეწონილია დაბალანსებული და ჯანსაღი დიეტის დაცვა; ამ გზით შენარჩუნებული იქნება სხეულის ჯანსაღი წონა და არ მოხდება მენჯ-ბარძაყის სახსრის ზედმეტი დატვირთვა, შესაბამისად შემცირდება ხრტილოვანი მატრიქსის დეგენერაციული პროცესები, შემცირდება ტკივილი სახსარში.

მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, მენჯ-ბარძაყის სახსრის თავისუფალი მოძრაობა ნაკლები მექანიკური დატვირთვით. (სამკურნალო ფიზკულტურა, ცურვა, ველოტრენაჟორი)

– რომელია კოქსართროზის ძირითადი სამკურნალო მეთოდები?

– პაციენტის ზუსტი და სრული დიაგნოსტირების შემდეგ, ინიშნება შესაბამისი მკურნალობა, რომელიც დამოკიდებულია დაავადების განვითარების სტადიაზე.

კოქსართროზის მკურნალობისას ფიზიოთერაპიით და რეაბილიტაციით შესაძლებელია პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება, რადგან ეს ხელს უწყობს კუნთების გაძლიერებას და სახსრების მოძრაობის გაუმჯობესებას.

კოქსართროზის იმ შემთხვევებში, როდესაც კონსერვატიული თერაპია ვერ იძლევა დადებით შედეგს, რეკომენდებულია ოპერაციული მკურნალობა – მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება. მტკივნეული სახსარი ჩანაცვლდება ენდოპროთეზის კომპონენტებით, იცვლება მენჯ-ბარძაყის სახსრის როგორც პროქსიმალური, ასევე დისტალური ნაწილები.

(R)

The post რა არის კოქსართროზი და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს? – გიორგი ჯგუშია appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია