ჟურნალისტები მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მოძრაობას აფუძნებენ

Civil Georgia 1 კვირა წინ 20
ჟურნალისტები მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მოძრაობას აფუძნებენ

რამდენიმე მედია საშუალების ჟურნალისტები და რედაქტორები გამოცემა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ახალ მოძრაობას აფუძნებენ. ამაღლობელი იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს, შესაბამისი განცხადება 27 მაისს საღამოს, სამი ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის – „ტვ პირველის“, „ფორმულასა“ და „კავკასიის“ – საერთო ეთერის დროს გააკეთა.

რამდენიმესაათიან გადაცემაში სხვადასხვა ტელევიზიისა და ონლაინ გამოცემის ცნობილი ჟურნალისტები და რედაქტორები მონაწილეობდნენ. მათ ამაღლობელს „სინდისის პატიმარი“ უწოდეს და განაცხადეს, რომ მისი დევნა „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში პრესის თავისუფლების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რეპრესიების ნაწილია.

„მის პატიმრობას ჩვენ, ჟურნალისტები, დამოუკიდებელი მედიების წარმომადგენლები, განვიხილავთ თავდასხმად სიტყვის თავისუფლებაზე, მისი მოგუდვის, გაჩუმების, მოთვინიერების მცდელობად“, – განაცხადა ზაუტაშვილმა.

მისი თქმით, მოძრაობა გააერთიანებს ყველა იმ პირს, ვინც ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. „კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, მზიას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული და იგი ისჯება ჟურნალისტური საქმიანობის გამო და არის სინდისის პატიმარი. ჩვენი მოძრაობა არ შეეგუება ჟურნალისტის ტყვეობას და გამოვიყენებთ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო პლატფორმას მზიას თავისუფლებისთვის“.

ონლაინ მედიასაშუალების „მთის ამბების“ რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა, განაცხადა, რომ მოძრაობა ამაღლობელის გათავისუფლების მიზნით ღონისძიებებსა და კამპანიებს განახორციელებს.  

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია