მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (Reporters Sans Frontières – RSF) მიერ 2 მაისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პრესის თავისუფლების ინდექსი საქართველოში 103-ე ადგილიდან 114 ადგილამდე გაუარესდა. „სამოქალაქო საქართველოსთან“ საუბრისას, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჟან კაველიემ ხაზი გაუსვა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ზრდას და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრებას, რომელსაც „პროფესიის გამო უფრო მკაცრად ეპყრობიან“. RSF-მა ასევე გააკრიტიკა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე მზარდი პოლიტიკური კონტროლი, რომელიც „მმართველი პარტიის რუპორად იქცა“.
წლევანდელ ანგარიშში, ჟურნალისტებზე უფრო თვალსაჩინო, ფიზიკური თავდასხმების გარდა, ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა პრესის თავისუფლების გლობალურ გამოწვევებზე, რომლებიც ეკონომიკური სისუსტისა და ეკონომიკური ზეწოლის შედეგია და მნიშვნელოვან „უფრო მზაკვრულ“ პრობლემას წარმოადგენს.
ორგანიზაციის თქმით, საქართველოში „ქართული ოცნების“ პარლამენტი „აგრძელებს პრესის თავისუფლების შემზღუდველი კანონების მიღებას, რომელთა შორისაა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შესწორებული ვერსია, რომელიც საფრთხეს უქმნის უცხოელი დონორების მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალებებს“.
RSF-ს თქმით, იმ პირობებში, როდესაც რეგიონში შეინიშნება „დამოუკიდებელი პრესის ნელი ეკონომიკური მოხრჩობა“, საქართველოში კომპანიები თავს იკავებენ ამ მედიასაშუალებებში რეკლამის განთავსებისგან, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი სულ უფრო მეტად მოქმედებს როგორც მმართველი პარტიის რუპორი და სამსახურიდან ათავისუფლებს იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მის სარედაქციო პოლიტიკას არ ეთანხმებიან.
გაუარესებული რეიტინგი, რომლის მიხედვითაც ქვეყანა პრესის თავისუფლების მხრივ ამჟამად „რთულ“ ქვეყნებს შორისაა და ჯამში 50.53 ქულა მიიღო, ქვეყანაში ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობის ზრდას ასახავს: „ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი პირების მუდმივ დაუსჯელობას ბოლო დროს დაემატა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობის ზრდა იმ რეპორტიორების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ“, – განუცხადა ჟან კაველიემ „სამოქალაქო საქართველოს“.
მისი თქმით, საქართველოში ჟურნალისტად მუშაობა სულ უფრო რთული ხდება. მან 100-ზე მეტი დოკუმენტირებული შემთხვევა დაასახელა, „მათ შორის ცემა, თვითნებური დაკავებები და ჟურნალისტური აღჭურვილობის ჩამორთმევა ან განადგურება“.

ორგანიზაცია დაკავებული ჟურნალისტისა და „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს „საქართველოს მედიის ჩახშობის სიმბოლოდ“ მოიხსენიებს. RSF აფრთხილებს, რომ ქვეყანა, რომელიც ოდესღაც კავკასიაში დემოკრატიის შუქურად ითვლებოდა, ახლა მზარდი რეპრესიების წინაშე დგას. ამაღლობელს, რომელსაც ბრალად ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმა ედება, „პროფესიის გამო უფრო მკაცრად ეპყრობიან“, – აცხადებს ორგანიზაცია.
RSF აცხადებს, რომ კრიტიკული მედიის მიმართ მტრულ გარემოს კიდევ უფრო ამძაფრებს პოლიტიკოსების ცილისმწამებლური რიტორიკა, ადმინისტრაციული აკრძალვები და მუდმივი შიშის კლიმატი. ორგანიზაციამ ასევე მიუთითა იმ შემთხვევებზე, როდესაც ორ ფრანგ ჟურნალისტს ევროკავშირის მხარდამჭერი აქციების გაშუქების შემდეგ საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა და ამას ავტორიტარიზმისკენ სვლის ნიშანი უწოდა.
ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მედია სარეკლამო ბაზარი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ იმყოფება, რაც დამოუკიდებელ მედიას კომერციული მხარდაჭერის მოზიდვის შესაძლებლობას უზღუდავს. ორგანიზაციის თქმით, ახალი „უცხოური გავლენის“ კანონი [FARA] კიდევ უფრო ზღუდავს ალტერნატიულ დაფინანსებაზე წვდომას მიმდინარე ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციების ფონზე.
ყველაფერთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ბიუჯეტის შემცირებამ – მათ შორის რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსების შეჩერებამ – „სერიოზულად დაასუსტა ისედაც დაუცველი სექტორი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც ავტორიტარულ რეჟიმებს, კორუფციას და ომს ებრძვიან“, – აცხადებს ორგანიზაცია.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/05/2024 – პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
- 03/05/2023 – პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 77-ე ადგილზეა
- 03/05/2022 –პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუარესდა
- 20/04/2021 – საქართველოს რეიტინგი 2021 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში