საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 7 ნოემბერს ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეხუთე შეხვედრის გახსნით სესიას დაესწრო. უნგრეთში მასთან ერთად იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვიილ და მთავრობის ადმინიტრაციის უფროი ლევან ჟორჟოლიანი.
ეს იყო მთავრობის მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რაც ევროპელი ლიდერების უმეტესობამ „ქართულ ოცნებას“ არ მიულოცა, ვინაიდან ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორები მის შედეგებს სადავოდ მიიჩნევენ და გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
სამიტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უმასპინძლა, რადგან უნგრეთი ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.
ღონისძიებაზე 40-მდე ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა. მონაწილეებს შორის იყვნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
პრემიერ-მინისტრი შეხვედრები
სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „გვექნება შესაძლებლობა, რომ ევროპელ ლიდერებთან გავისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რაც არის საინტერესო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით“.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ სამი შეხვედრა გამართა. იგი შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალან ბერსეს, ევროპულილ საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს.
ალან ბერსესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობას, რომელსაც „მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში“, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში. მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
შეხვედრის შემდეგ კობახიძემ ტვიტერზე დაწერა, რომ მიმდინარე გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე კონტრუქციული დიალოგი გაიმართა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. „პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში. ამავე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა „ღია და გულწრფელი“ დისკუსიისთვის.
ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ განაცხადა, რომ მას „ძალიან მეგობრული“ და „კონსტრუქციული“ საუბარი ჰქონდა შარლ მიშელთან. მისი თქმით, მან უთხრა შარლ მიშელს, რომ „ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა“ და მას „არაფრის რესურსი არ აქვს“.
ოფიციალური ინფორმაციით, არც ერთ ზემოთხსენებულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება არ მიულოცეს.
თუმცა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, რომელიც სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან შეხვედრას ეხებოდა, ამ უკანასკნელმა „ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა“.
პრესრელიზის თანახმად, „შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“.
პრემიერ-მინისტრმა სლოვაკი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ: