საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1 აპრილს ბრიტანეთის პარლამენტი გააფრთხილა, რომ საქართველო მზარდი შიდა კრიზისის წინაშე დგას, რასაც პრორუსული ავტორიტარიზმი, ფართო რეპრესიები და, სავარაუდოდ, მოსკოვის მიერ ორგანიზებული სისტემატური საარჩევნო მანიპულირება განაპირობებს.
ვიდეო ჩართვის მეშვეობით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი პირადად ვერ დაესწრო სხდომას ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, რასაც თან ახლავს ოპოზიციის ლიდერების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავება და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების შელახვა.
არჩევნების მანიპულირება და რუსული გავლენა
ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო „ფართომასშტაბიანი და კარგად ორგანიზებული მანიპულაციის ოპერაცია, რომელიც აშკარად რუსეთისა და რუსული მეთოდების შთაგონებით და მხარდაჭერით განხორციელდა“. „ამ პროცესის შედეგი იყო ის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, რადგან მას არალეგიტიმურად მიიჩნევენ“, – აღნიშნა მან.
ზურაბიშვილის თქმით, 3500 ქოლ-ცენტრი გამოიყენეს ამომრჩევლებზე მონიტორინგისა და ზეწოლის მიზნით, ხოლო პერსონალური მონაცემები მას შემდეგ გამოიყენეს, რაც მმართველმა პარტიამ ხელში ჩაიგდო დამოუკიდებელი უწყება, რომელიც ინფორმაციის დაცვას აკონტროლებს.
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო დარღვევების უამრავ ფორმაზე გაამახვილა ყურადღება, ზურაბიშვილმა აღიარა, რომ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ოპერაციასთან რუსეთის კავშირს დაადასტურებდა. „რა თქმა უნდა, არა“, უპასუხა მან კითხვაზე, აქვს თუ არა კონკრეტული მტკიცებულება და დასძინა, რომ ასეთი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა თუ საერთაშორისო პარტნიორების კომპეტენციაში უნდა შედიოდეს. თუმცა, მან მიუთითა რუსეთის გამოცდილებაზე მოლდოვასა და რუმინეთში, სადაც არჩევნებში ჩარევის მსგავსი ტაქტიკა გამოიყენებოდა. მან ასევე გაუსვა ხაზი ქართველ მიგრანტთა წინაშე არსებულ მნიშვნელოვან დაბრკოლებებს და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ერთი მილიონი ქართველიდან მხოლოდ 17 000-მა შეძლო ხმის მიცემა.
ბელარუსის ექო და რუსული თამაშის წესები
კითხვაზე, მიყვებოდა თუ არა საქართველო იმავე გზას, რასაც ბელარუსი ალექსანდრე ლუკაშენკოს პირობებში, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „დიახ, ეს იგივე თამაშის წესებია, რაც რუსეთსა და ბელარუსში“. მან საქართველოს პარლამენტის მიერ სამი სადავო კანონის ერთ დღეში, დებატების გარეშე მიღებაზე მიუთითა. „ეს თამაშის წესები აშკარად არ დაწერილა საქართველოში“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები ერთ მმართველს ემსახურებიან.
„კითხვაზე, გავხდებით თუ არა ბელარუსი, ვფიქრობ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა, ეს არის ის ეტაპი, რომელშიც ახლა სამოქალაქო საზოგადოება იმყოფება, რომელიც ძალიან მედეგია; ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშიც და მანამდეც, საქართველოს ისტორიის სხვა ეტაპზეც, ის ძალიან მედეგი იყო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერას და დასძინა, რომ „ჩვენ არ მივუტოვებივართ“.
„ქართული ოცნების“ პრორუსული ცვლილება კრემლის ზეწოლითა და ივანიშვილის დომინანტური როლითაა განპირობებული
„ქართული ოცნების“ მიერ პროევროპულიდან პრორუსულ პოლიტიკაზე გადასვლის შესახებ დასმულ კითხვაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის წინა პროევროპული პოზიცია შესაძლოა ზედაპირული იყო. „იქნებ კარგი იყო მანამ, სანამ არ არსებობდა გამოწვევები“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ როდესაც რეალური არჩევანი ჩნდება, „ჩვენი მეზობელი რუსეთი იწყებს უფრო მეტ ზეწოლას ხალხზე, რომლებზეც მას შეუძლია ზეწოლა მოახდინოს. და ცხადია, ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომლის მიმართაც რუსეთს ზეწოლის ინსტრუმენტები გააჩნია“.
ბრიტანელი კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას, ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა ივანიშვილის როლზე საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და საშინაო რიტორიკაში სწრაფი ცვლილებების თვალსაზრისით. მან ივანიშვილს საქართველოს პოლიტიკური მიმართულების ერთადერთი არქიტექტორი უწოდა და აღნიშნა, რომ მინისტრები, დეპუტატები და პარტიის პრესპიკერები ერთნაირად აჟღერებენ მის პოზიციებს. ზურაბიშვილის თქმით, ივანიშვილი, რომელიც ოდესღაც არაფორმალურად იყო პოლიტიკაში ჩართული, ახლა პირდაპირ კარნახობს მთავრობას გადაწყვეტილებებს, რაც საქართველოს სულ უფრო უბიძგებს ავტოკრატიისკენ.
ზურაბიშვილმა ასევე დაადანაშაულა ივანიშვილი ახალი „ოფშორული“ კანონის გამოყენებაში, 500 მილიონი დოლარის ღირებულების ნამუშევრების და, სავარაუდოდ, სხვა აქტივების საქართველოში გადმოსატანად, ყოველგვარი ფინანსური შემოწმების გარეშე. „მე ვეტო დავადე კანონს, მაგრამ ჩემი ვეტო გადალახეს“, – განაცხადა მან. „ეს უსაფრთხო თავშესაფარს ქმნის სანქცირებული ოლიგარქებისთვის“.
მან გააფრთხილა, რომ საქართველო შესაძლოა „ნაცრისფერი ზონა“ გახდეს, რომელიც სანქციების გვერდის ავლისთვის იქნება გამოყენებული.
რუსეთის 2008 წლის შემოჭრამ ვერ შეაჩერა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი
რაც შეეხება 2008 წელს რუსეთის შემოჭრას საქართველოში, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს სამომავლო აგრესიისთვის ნიადაგის მოსინჯვა იყო, რომელიც დასავლეთის შეზღუდული რეაგირებით იქნა წაქეზებული. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყო „ექსპერიმენტების ადგილი“ რუსეთის იმპერიული ამბიციებისთვის, ხოლო დასავლური სამყაროს არასაკმირისმა პროტესტმა გზა გაუხსნა ყირიმის ანექსიას და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას.
ზურაბიშვილის თქმით, როდესაც რუსეთმა გადააფასა სამხედრო ინტერვენციის ხარჯები, ის გავლენის მოხდენის უფრო დახვეწილ ინსტრუმენტებზე გადავიდა – მათ შორის არჩევნების მანიპულირებასა და მარიონეტული მთავრობების მხარდაჭერაზე, რა დროსაც საქართველო კვლავ იქნა გამოყენებული საცდელ პოლიგონად.
კითხვაზე, რომელიც ქართულ პოლიტიკაზე აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მეშვეობით რუსეთის გავლენას ეხებოდა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ საკითხს ყველა ქართველისთვის „რთული და მგრძნობიარე პრობლემა“ უწოდა. აღიარა რა რუსული ოკუპაციის მიერ გამოწვეული ტანჯვა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამას არ მიუცია მოსკოვისთვის ბერკეტი, ხელი შეეშალა საქართველოს პროდასავლური მისწრაფებებისთვის.
„ამას საქართველო არ დაუჩოქებია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. მიუხედავად მიმდინარე ოკუპაციისა, საქართველო ევროპული გზისა და ნატოში ინტეგრაციის ერთგული რჩება. ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის მთავარი მიზანი – საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა – საბოლოოდ ჩაიშალა.
სანქციების მიბმა მკაფიო პოლიტიკურ პირობებთან
ზურაბიშვილმა დასავლეთის მოკავშირეებს მოუწოდა სანქციებისადმი უფრო სტრატეგიული და პირობითი მიდგომა შეიმუშავონ და განაცხადა, რომ მიმდინარე სადამსჯელო ზომები ვერ აგვარებს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ამჟამად საქართველოშია. მიუხედავად იმისა, რომ მან თავი შეიკავა პიროვნებების დასახელებისგან, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სანქციები სისტემურ დანაშაულებს უნდა შეეხოს, როგორიცაა სასამართლო გადაწყვეტილებებით მანიპულირება, სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეთითხნილი მტკიცებულებები და მედიის თავისუფლებაზე თავდასხმები. ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციები სიმბოლური სასჯელის ფარგლებს უნდა გასცდეს და კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა მიებას, როგორიცაა რეპრესიული კანონების გაუქმება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების თარიღის დადგენა.
დასასრულს, ზურაბიშვილმა ოპტიმიზმი გამოხატა საქართველოს მომავლის მიმართ.
„ვფიქრობ, ჩემი იმედები საქართველოს მიმართ იგივეა, რისთვისაც დავბრუნდი საფრანგეთიდან, სადაც ჩემი ოჯახი ემიგრაციაში იმყოფებოდა და ეს არის საქართველოს ევროპული გზის, დემოკრატიული გზისა და სტაბილური მომავლის დახმარება და მხარდაჭერა. ვფიქრობ, რომ ამას იზიარებს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში ვიმყოფებოდეთ დღეს, საქართველოს მოსახლეობა მაინც მიაღწევს თავისას, ვინაიდან ის ყოველთვის იცავდა თავის ძლიერ დამოუკიდებლობას და თავის გზას უფრო ფართო ევროპისკენ“, – დასძინა ზურაბიშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/03/2025 – თბილისში გამართულ მრავალათასიან აქციაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შექმნისკენ მოუწოდებს
- 25/03/2025 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი ლიეტუვის პარლამენტს: საქართველო „ეგზისტენციალური გამოწვევის“ წინაშე დგას
- 20/03/2025 – სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ლიდერებს ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოზე მსჯელობისკენ მოუწოდებს
- 27/02/2025 – სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნების გეგმა წარმოადგინა
- 22/12/2024 – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ივანიშვილს ახალ არჩევნებზე მოლაპარაკება შესთავაზა