საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 13 დეკემბერს ქართველი ხალხისთვის ვიდეომიმართვა გაავრცელა. საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვენის წლისთავის წინა დღეს, მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველების ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა, და გაიმეორა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს მშვიდობასა და დიალოგს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გააგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას.
პრეზიდენტმა მაკრონმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი მიუღებელია და რომ საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა მოკვდეს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს სუვერენული არჩევანი ევროპული გზის მიმართ ახლა მშვიდობიანად გამოიხატება საპროტესტო აქციებით თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირმა დადებითად უპასუხა ქართველი ხალხის მისწრაფებებს და რომ ევროპული არჩევანი, რომელიც საქართველომ გააკეთა, შეიცავს გარკვეულ პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში უნდა განხორციელდეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გზა დასახულია, საქართველოს ახლა შეუძლია ხელიხელჩაკიდებულმა იმუშაოს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან, თავდაჯერებულად, რათა ააშენოს ეს ევროპული მომავალი, „ან დაელოდოს და გადაავადოს, მაგრამ რას დაელოდოს და რატომ?“
მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი არ ავალდებულებს, არამედ ევროპა სთავაზობს, თანასწორი პარტნიორობის გზის დასახვით, კეთილდღეობისა და საერთო ღირებულებებისთვის. „ევროპა არ აშინებს, არ იყენებს მუქარას. ევროპა არ ცდილობს ქაოსის დათესვას, ევროპა არ ცდილობს მეზობლების დესტაბილიზაციასა ან დამორჩილებას ომით ან ჰიბრიდული საშუალებებით. ის არ ცდილობს თავის მოქალაქეებს შორის განხეთქილების ან დაბნეულობის დათესვას. ევროკავშირი პატივს სცემს ხალხთა სუვერენულ ნებას, ერების ისტორიასა და იდენტობას, როგორიცაა ქართველი ხალხის ათასწლოვანი ისტორია“, – აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი არ კარნახობს რა არის ეროვნული ინტერესი. ის პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას, კერძოდ საქართველოსას. „ევროკავშირი არ უჭერს მხარს სეპარატისტებს თქვენს ქვეყანაში. ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ევროპის მშენებლობის საფუძველია მისი დაარსებიდან. ევროკავშირს არც აგრესიული ომი დაუწყია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ევროპა ეს არის სოლიდარობა, მშვიდობის არჩევანი, ერთი ოჯახისთვის საერთო სტრატეგიული ინტერესების კოლექტიური დაცვა“, – განაცხადა მან.
მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და რომ ქართველების ხმის გაგონება და პატივისცემაა საჭირო. „ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ თქვენი ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს ავიწროებენ, თუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას არ იცავენ“, – აღნიშნა მან.
პრეზიდენტმა მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ არსებობს გზა, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გზა ღია, თავაზიანი დიალოგისა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან. „ეს დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა. მან ქართველებს საშუალება უნდა მისცეს, ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი. ეს გზა თქვენია. ამიტომაც დიდი ნდობა მაქვს ქართველი ხალხის მიმართ და დიდი ნდობა მაქვს ყველას მიმართ, ვისთვისაც ძვირფასია ეს პატივსაცემი ევროპული გზა და არ სურს დანებდეს დაშინებას, პროპაგანდას, კიბერშეტევებს, ინფორმაციის მანიპულაციას“, – დასძინა მან.
ვიდეომიმართვას რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა პრეზიდენტ მაკრონის სატელეფონო საუბარი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან. საუბრისას მაკრონმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას. ივანიშვილთან საუბრამდე, პრეზიდენტი მაკრონი საფრანგეთში თავის ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროპა არის ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანი, რომელმაც „ქართული ოცნებისთვის“ უარის თქმის მანდატი არ მიუცია“.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/12/2024 – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს სტუმრობს