საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 29 ნოემბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ საჯარო მოხელეების სოლიდარობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა მთელ საქართველოში დაწყებულია და არ დასრულდება. მან ასევე მოუწოდა სპეცრაზმს, ხელი არ აწიონ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავისი ვიდეომიმართვის დასაწყისში ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ძალიან მაგარია საქართველო და ძალიან მაგარია მისი საზოგადოება“ და რომ „არავინ არ არის მზად, შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუციაწართმეულ საქართველოს, არალეგიტიმურ მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს“. მან აღნიშნა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს სპონტანურ და „უაღრესად მშვიდობიან“ საპროტესტო აქციებს, რომლებიც იმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახმეტაში, ლაგოდეხსა და თელავში.
პრეზიდენტის თქმით, მან იცის, რომ „რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს საპატრულო პოლიცია და მინდა, ამისათვის მადლობა ვუთხრა“. მან სპეცრაზმს მოუწოდა არ აწიოს ხელი ახალგაზრდებსა და სხვა მომიტინგეებზე და თავი შეიკავონ ძალადობისგან, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს. „ამიტომ ეს თქვენი პასუხისმგებლობაა, მხოლოდ თქვენი და თქვენი უფროსების. მათაც იფიქრონ ამაზე!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ხალხის მნიშვნელობას, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად გამოვიდნენ ქუჩებში ბერლინში, პარიზში, ვაშინგტონში, ბრიუსელში, პოზნანსა და სტრასბურგში. მან აღნიშნა, რომ ეს „ძალიან დიდი მოძრაობა მოითხოვს, რომ ჩვენი საგარეო უწყება, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი გახდეს ამ პროცესის სრულიად თანამონაწილე და ნელ-ნელ ხდება კიდეც და ამ პროტესტსაც აქვს თავისი შედეგი. დღეს ვნახეთ, რომ უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს 155 თანამშრომელი გაემიჯნა ჩვენს ახალ, პრორუსულ პოლიტიკას და გამოხატა თავის პროტესტი ხელმოწერებით, ასევე, გადადგა ჩვენი ელჩი ბულგარეთში და სხვებმა, ხუთ სხვა ქალაქში გამოხატეს ასევე, თავიანთი პროტესტი“.
ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების პროტესტის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ როგორც მთავარსარდალს ესმის, რამდენად მიუღებელია ქართული არმიისთვის პარტნიორების შეურაცხყოფა და მათი არასანდოდ მიჩნევა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა განათლების სფეროში მომუშავე 450-ზე მეტი ადამიანის, 19 მოსამართლის, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 100-ზე მეტი თანამშრომლის, საკონსტიტუციო სასამართლოს 16 თანამშრომლის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 42 თანამშრომლის პროტესტი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „ძალიან დიდი მოძრაობა“ და დასძინა: „ეს იმას ნიშნავს, რომ იქ სადაც ყველაზე მეტად ემსახურებიან სახელმწიფოს, მის მომავალსა და ინტერესებს, იქ ეს პროტესტი გაჩნდა და აღარ გაჩერდება“.
„აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ადამიანები, რომელიც იქ მუშაობენ მაინცდამაინც უნდა გადადგნენ. არა, ეს ადამიანები უნდა დარჩნენ თავიანთ ადგილას, რადგან ხვალაც ემსახურონ ქვეყანას და სახელმწიფოს, მაგრამ უნდა გამოთქვან თავიანთი პროტესტი“, – განაცხადა პრეზიდენტმა. მან ასევე დაპირდა მათ დაცვას არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით პოლიტიკური შეხედულებების გამო მათ მიმართ სადამსჯელო ზომების გატარების შემთხვევაში.
პრეზიდენტის თქმით, იგი, ისევე როგორც ქართული საზოგადოება, გრძნობს პასუხისმგებლობას გუშინდელ აქციაზე დაკავებული 43 ადამიანის მიმართ და არ დაივიწყებს მათ.
„წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია! დაწყებულია თქვენს მიერ, არავის მითითებით, არავის მოთხოვნით, სპონტანურად. ეს არის მშვიდობიანი და კონსტიტუციური წინააღმდეგობის მოძრაობა, რომლის მიმართაც მეც სოლიდარული ვარ. თქვენ გვერდით ვართ და ჩვენ ვართ ყველანი ერთად, სანამ საქართველო არ მიაღწევს თავის მიზანს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, მიაღწიოს ახალ არჩევნებს და მიაღწიოს იმას, რომ მისი მიმავალი ერთხელ და სამუდამოდ იყოს დაცული“, – დასძინა პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ: