პრეზიდენტი ალიევი გმობს საფრანგეთის პრეზიდენტის ჩარევას საქართველოს საქმეებში

Civil Georgia 3 დღის წინ 8
პრეზიდენტი ალიევი გმობს საფრანგეთის პრეზიდენტის ჩარევას საქართველოს საქმეებში

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გააკრიტიკა თავისი ფრანგი კოლეგა ემანუელ მაკრონი საქართველოს საქმეებში ჩარევის გამო და განაცხადა: „ისევ ხედავთ, რომ მაკრონს ყურები აშვერილი აქვს, ვერ ისვენებს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში და უნდა, რომ საქართველოს საქმეებშიც ჩაერიოს“. რუსეთის ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტთან და რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი და დაფინანსებული სატელევიზიო ქსელის Russia Today-ის გენერალურ დირექტორთან, დიმიტრი კისელიოვთან ინტერვიუში, რომელიც პირდაპირ ეთერში 18 დეკემბერს გადაიცა, ალიევმა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია და USAID-ი გააკრიტიკა და სამხრეთ კავკასიის რეგიონზე ისაუბრა.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ილჰამ ალიევმა თქვა: „მე ვხედავ, რომ საქართველოში ვითარება სტაბილიზდება და ჩვენ ეს გვიხარია“. მან დასძინა: „საქართველო ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და ახლო მეგობარია. ჩვენი ხალხები მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ მშვიდობიანად და ჰარმონიაში. ამიტომ, საქართველოში დესტაბილიზაცია ან დესტაბილიზაციის საფრთხე ისეთივე საზიანოა აზერბაიჯანისთვის, როგორც საქართველოსთვის“.

შემდეგ მან აღნიშნა: „ამიტომ, ჩვენი მხრივ, ჩვენ ვისწრაფვით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ვითარება იყოს პოლიტიკურად სტაბილური და საქართველო წარმატებით განვითარდეს“.

ამ კონტექსტში მან დაგმო „გარე გავლენა“ და განაცხადა: „აღმოჩნდა, რომ საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, რომლებიც დასავლეთიდან იღებენ დაფინანსებას და ათიათასობით ადამიანია, თუ მეტი არა, ვინც  ამ ორგანიზაციებში მუშაობს და ხელფასს იღებს“.

მან აზერბაიჯანის გამოცდილება გაიხსენა ამ კუთხით და აღნიშნა: „და ჩვენ ვიცით, რა არის ეს, რადგან იყო პერიოდი აქ ჩვენს ქვეყანაში, როდესაც იგივე გრანტის მიმცემები და გრანტების მჭამელები რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ, მაგრამ ჩვენ ეს შევაჩერეთ. და ამიტომ ნებისმიერი გრანტი, რომელსაც გასცემს ნებისმიერი სტრუქტურა, იქნება ეს აზერბაიჯანული თუ უცხოური, უნდა დარეგისტრირდეს და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გადაწყვიტონ, დაუშვან თუ არა ის“.

მან აღნიშნა, რომ „დახმარება არ უნდა იყოს თავსმოხვეული“ და დასძინა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ისტორიაში დარჩება თავისი აბეზარობით. ის აცხადებდა, რომ USAID დაჟინებით მოითხოვდა  დახმარებას, ხოლო ჩვენ ვამბობთ: „გმადლობთ, ჩვენ არ გვჭირდება თქვენი დახმარება“. მან დასძინა: „USAID-ს სურს დახმარება, მაგრამ რატომღაც არა იქ, სადაც ჩვენ გვჭირდება“. კისელიოვის კომენტარის საპასუხოდ, რომ რუსეთმა საერთოდ აკრძალა USAID, ალიევმა განაცხადა: „აკრძალეთ? სწორად მოქცეულხართ“.

უცხოეთიდან მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებაზე საუბრისას ალიევმა განაცხადა: „ამიტომ, აქ ყველაფერი მოვაწესრიგეთ. მაგალითად, აზერბაიჯანული მედიის დაფინანსება არ შეიძლება უცხოური წყაროებით, თუნდაც 1%-ით. და რა საჭიროა ეს? ჩვენ ხომ არ ვაფინანსებთ მედიას აშშ-ში? მაშ, რატომ უნდა დააფინანსონ ჩვენი მედია? ისინი უკვე დღედაღამ ტალახს ესვრიან ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქვეყანას და ჩრდილს აყენებენ სომხეთზე ჩვენს გამარჯვებას მათი ხელდასმული რესურსებით, როგორიცაა ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება“.

სავარაუდოდ უცხოელი აგენტების კანონზე მინიშნებით, ალიევმა აღნიშნა: „მე მეჩვენება, რომ საქართველოში გარკვეული დრო დაიკარგა ამის მოსაწესრიგებლად… და როცა ეს გაკეთდა, როგორც ამბობენ, მატარებელი უკვე წავიდა“.  

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა: „მაგრამ კარგია, რომ ახლა სიტუაცია სტაბილურობისკენ მიდის. და ისევ ხედავთ, რომ მაკრონს ყურები აშვერილი აქვს, ვერ ისვენებს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში და უნდა, რომ საქართველოს საქმეებშიც ჩაერიოს (ინტერვიუში მან ასევე გააკრიტიკა საფრანგეთი ყოფილ კოლონიებში წარმოებული პოლიტიკის გამო, გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი „კოლონიალისტური“ პოლიტიკისთვის და ვრცლად ისაუბრა „ფრანგული კოლონიალიზმის შემზარავ სახეზე“.)

საქართველოს შესახებ საუბრისას, მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს საკითხი „ბევრად ფართოა, ვიდრე ჩანს, ეს არის ბრძოლა კავკასიისთვის, თუ შეიძლება ასე ვთქვა“. მან განაგრძო: „სომხეთი, გასაგებია, სად მიდის. ის დე-ფაქტო გავიდა CSTO-დან და, ჩვენი გადამოწმებული ინფორმაციით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დე-იურე არ გამოსულა CSTO-დან, არის ის, რომ მათ ჯერ არ მიუღიათ სიგნალი სახელმწიფო დეპარტამენტისგან. როგორც კი მიიღებენ, გავლენ იქიდან“.

შემდეგ მან აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანი არის დამოუკიდებელი მოთამაშე, საკმარისად კვალიფიციური და შეუძლია საკუთარი თავი თვითონვე დაიცვას”. „აქედან გამომდინარე, საქართველო მნიშვნელოვანი ფაქტორია კავკასიისთვის ბრძოლაში. როგორი იქნება ის – იქნება თუ არა ის ტრადიციული, ჩვენს კავკასიურ ღირებულებებზე დაფუძნებული?“

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია