დემოკრატიული უკუსვლის, რეპრესიების, ანტიდასავლური რიტორიკისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უპრეცედენტო საერთაშორისო იზოლციის ფონზე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 13 მაისს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს ღია წერილით მიმართა. წერილი წინ უძღვის MEGOBARI აქტის აშშ-ის სენატში დაგეგმილ განხილვას მას შემდეგ, რაც ის გასულ კვირას კონგრესმა მიიღო. წერილში გამოხატულია მთავრობის წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მისი წინადადება აშშ-სთან ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ აღდგენის შესახებ უგულებელყოფილ იქნა.
„სამოქალაქო საქართველო“ ღია წერილზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების გამოხმაურებებს გთავაზობთ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები
მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება“: „ჩვენ თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ ხმამაღლა თამამად შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ ჩვენ მართლები ვართ საკუთარ საზოგადოებასთან და მერე ყველა პარტნიორთან ურთიერთობაში. როცა მეორე მხრიდან ვიღებთ უსამართლო დამოკიდებულებას, როგორც მინიმუმ დუმილის სახით, ამასთან დაკავშირებით დღეს შეგვიძლია, რომ თამამად ვილაპარაკოთ და ვლაპარაკობთ ამაზე, ჯერ კულისებში, შემდეგ საჯაროდ“.
ეკა სეფაშვილი, „ხალხის ძალა“: „როგორც ჩანს, დამატებითი ზომებია საჭირო, რომ ურთიერთობა უფრო პოზიტიური იყოს ვიდრე ლევან დავითაშვილის [ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი] ვიზიტმა მოიტანა ეს… ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ეს ვითარება გამოსწორდება. როგორც ჩანს „დიფ სთეითი“ იმაზე უფრო ძლიერია ვიდრე თუნდაც ტრამპს ეგონა და თუნდაც ჩვენ გვეგონა“.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: „მასში [წერილში] ხელისუფლების სრული სასოწარკვეთა ჩანს. ეს პირველი შედეგია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს. ის ვერც „MEGOBARI აქტის“ შედეგებს დაალაგებს და ცხადია, „ქართული ოცნების“ რიგებში ძალიან დიდი ნერვიულობაა, სწორედ ამის გამომჟღავნებაა ეს წერილი. მაინტერესებს ოდესმე თუ წაიკითხავს ამას ამერიკის პრეზიდენტი… მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის გამაოგნებელი იქნება იმ ქვეყნიდან წასული წერილი, რომელსაც ამერიკა 30 წელზე მეტია ყველა კუთხითა და ფორმით ეხმარება… არ ვიცი სად იკარგება ჩვენი ტრადიციები, მაგრამ დღეს უნდა დავინახოთ, რომ ეს ამ ხელისუფლების მორალური და პოლიტიკური ჩამოშლის მაჩვენებელია“.
ოპოზიცია
მამუკა ხაზარაძე, „ძლიერი საქართველო“: „ბიძინას “ოცნება” აგონიაშია, კობახიძეს ღია წერილებს აწერინებს, მას მერე რაც ორბანმა არ გაუმართლა და ე.წ ვიცე-პრემიერს ამერიკაში არავინ შეხვდა. თუ სადმეა „დიფ სთეითი“ ეს ბიძინა და მისი მარიონეტები არიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამერიკის „დიფ სთეითს“ ებრძვის, თურმე, ბიძინა, რომელსაც ქვეყნის ყველა დემოკრატიული ინსტიტუცია მიტაცებული აქვს, მოპარული აქვს არჩევნები და ქვეყანას კომუნისტური, მასიური კორუფციული სისტემით მართავს. მალე დამთავრდება ეს მარაზმი ქვეყანაში, ვერ დაალაგეთ და ვერც დაალაგებთ ვერავისთან! ქვეყანა იზოლაციაში მოაქციეთ და განვითარების პერსპექტივა დაუკარგეთ. ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ეს არის პოლიტიკური გადატვირთვის ერთადერთი გზა“.
ხატია დეკანოიძე, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“: „ეს წერილი, როგორც აღმოჩნდა, ბევრმა არ იცოდა და პირადად ივანიშვილის სიგიჟეა კობახიძის ხელით შეთითხნილი. აცნობიერებენ, რომ ამერიკელებთან ღია ომში შესვლა ძალიან მძიმე იქნება ქოცობისთვის და თან, საჯაროდ პუტინთან ჩახუტება (რასაც რუსები აუცილებლად მოითხოვენ) – დიდი ფასია გავრილოვის გამოცდილებით“.
დიმიტრი ცქიტიშვილი, „გახარია – საქართველოსთვის“: „მე ვფიქრობ, რომ ეს წერილი არის ცალსახად შიდა აუდიტორიისთვის, ზოგადად, არა ქართული აუდიტორიისთვის, არამედ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის და ეს არის… ის, რომ გააჩინოს გარკვეული ლეგიტიმაცია როგორ დაიწყოს დისტანცირება ამერიკის შეერთებული შტატებისგან. რეალურად ისინი ხედავენ და იცოდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ვერ მოაგვარებდნენ სიტუაციას… იმ პირობებით, რომლითაც მათ უნდათ… ამ პირობებზე რა პირობებსაც ამერიკის შეერთებული შტატები სთავაზობს, „ქართული ოცნება“ მზად არ არის, შესაბამისად მათ სჭირდებათ რაღაც არგუმენტაცია რომ დისტანცირება დაიწყონ“.
წინააღმდეგობის პლატფორმის განცხადება
„ჩვენ, წინააღმდეგობის პლატფორმა, ვამბობთ: საქართველო არ არის ივანიშვილისა და მისი არალეგიტიმური დაჯგუფების მძევალი. საქართველოს მომავალი, დაცულობა და უსაფრთხოება დაკავშირებულია ძლიერ ევროპასთან, ძლიერ ამერიკასთან. ჩვენი ქვეყნის მარტო და დაუცველად დატოვება წარმოადგენს მტრის ინტერესს. კობახიძის წერილი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის წარმოადგენს ძალაუფლების მიმტაცებელი მცირე ჯგუფის ინტერესს, რომელიც ცდილობს დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციაში გადარჩენას. ჩვენ უარვყოფთ კონსპირაციებს, ყალბ ბრალდებებს და ანტიდასავლურ კამპანიას, რომელსაც რეჟიმი კოორდინირებულად ახორციელებს. ჩვენი მიზანია არ დავუშვათ ურთიერთობების გაფუჭება აშშ-სთან და ევროპელ მეგობრებთან, რომ ქართველი ხალხი დაუბრკოლებლად დაუბრუნდეს თავის უალტერნატივო მომავალს და განვითარების პერსპექტივას, რაც უკავშირდება ევროკავშირის წევრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან… არ დავუშვებთ, რომ ვინმემ გაანადგუროს ათწლეულების მანძილზე ნაშენები ნდობა და მეგობრობა ამერიკასთან. ამ კრიზისიდან, რომელიც რეჟიმის მიერ შეგნებულადაა შექმნილი, არსებობს ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი – ახალი, თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება“.
ასევე წაიკითხეთ: