პოპულარული პესტიციდი დაკავშირებულია ბავშვებში თავის ტვინის ფართოდ გავრცელებულ პათოლოგიებთან - ახალი კვლევა

Primetime.ge 3 საათი წინ 4
პოპულარული პესტიციდი დაკავშირებულია ბავშვებში თავის ტვინის ფართოდ გავრცელებულ პათოლოგიებთან - ახალი კვლევა
ინსექტიციდი ქლორპირიფოსი მძლავრი ხელსაწყოა სხვადასხვა მავნებლების კონტროლისთვის, რის გამოც, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი პესტიციდი იყო. თუმცა, სხვა მრავალი პესტიციდის მსგავსად, ქლორპირიფოსსაც აკლია სიზუსტე. გარდა იმისა, რომ აზიანებს არასამიზნე მწერებსაც, თუნდაც ფუტკრებს, ის ასევე დაკავშირებულია გაცილებით დიდი ცხოველების და ადამიანების ჯანმრთელობის რისკებთან.აშშ-ში ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ეს რისკები შეიძლება ადამიანის დაბადებამდეც კი იწყებოდეს. ნაყოფზე ქლორპირიფოსის ზემოქმედება ზრდის იმის ალბათობას, რომ ბავშვს გამოუვლინდეს თავის ტვინის სტრუქტურული პათოლოგიები და შეზღუდული მოტორული ფუნქციები ბავშვობასა და მოზარდობაში.ქლორპირიფოსის დაბადებამდელი ზემოქმედების თანდათანობითი ზრდა დაკავშირებული აღმოჩნდა ტვინის სტრუქტურის, ფუნქციისა და მეტაბოლიზმის გადახრების ზრდასთან ბავშვებსა და მოზარდებში; ასევე გაუარესებული იყო მოტორული სიჩქარე და მოტორული პროგრამირება.„ჩვენ მიერ შემჩნეული ტვინის ქსოვილისა და მეტაბოლიზმის დარღვევები, რომლებიც ამ ერთი პესტიციდის პრენატალურმა ზემოქმედებამ გამოიწვია, საოცრად იყო გავრცელებული მთელ ტვინში“, - ამბობს კვლევის ავტორი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის განვითარების ნეირომეცნიერი ბრედლი პეტერსონი.ახალი კვლევა ეთანხმება წინა კვლევებს, რომლებიც ქლორპირიფოსს უკავშირებდნენ კოგნიტური ფუნქციისა და ტვინის განვითარების დარღვევას. თუმცა, ეს კვლევა გვთავაზობს პირველ მტკიცებულებას თავის ტვინში ფართოდ გავრცელებული ხანგრძლივი მოლეკულური, უჯრედული და მეტაბოლური ეფექტებისა.მეცნიერებმა შეისწავლეს 1998 – 2015 წლებს შორის ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში ორსულთა კოჰორტებში შეგროვებული მონაცემები. თავდაპირველ კოჰორტაში შედიოდნენ 18-დან 35 წლამდე ასაკის აფროამერიკელი და დომინიკელი დედები.დედები ავსებდნენ პრენატალურ კითხვარებს და ზოგიერთს უღებდნენ დამატებით მონაცემებსაც, მათ შორის, დაბადებისას მათი ბავშვის ორგანიზმში ქლორპირიფოსის დონეს ჭიპლარის ან დედის პლაზმის ნიმუშების მეშვეობით.წლების შემდეგ, მკვლევრებმა შეაგროვეს 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების მაგნიტურ-რეზონანსული ვიზუალიზაციისა (MRI) და ქცევითი მონაცემები. საბოლოოდ, მათ ხელთ აღმოჩნდა 270 სუბიექტი, რომელთა ქლორპირიფოსის დონე დაბადებისას გაზომილი იყო, ბავშვობაში ან მოზარდობაში კი აღებული ჰქონდათ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებადი მონაცემები.მათ ანალიზებში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი კავშირი პრენატალური ქლორპირიფოსის დონესა და ბავშვობაში თავის ტვინის ანომალიებს შორის, რაც მკვლევართა აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ დაბადებამდელი ზემოქმედება შეიძლება განაპირობებდეს ტვინის სტრუქტურის, ფუნქციისა და მეტაბოლიზმის მდგრად დარღვევებს, რომლებიც ზემოქმედების დონის პირდაპირპროპორციულია.სავარაუდოდ, ამ ურბანული კოჰორტის სუბიექტები, ქლორპირიფოსის ზემოქმედების ქვეშ სახლში იმყოფებოდნენ, რადგან მრავალი მათგანი იქამდე იყო დაბადებული, ვიდრე აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო 2001 წელს ქლორპირიფოსის საცხოვრებელ გარემოში გამოყენებას აკრძალავდა.მსგავსი შეზღუდვები შემდეგ სხვა ქვეყნებშიც მიიღეს, მაგრამ ეს პესტიციდი დღემდე მთელ მსოფლიოში გამოიყენება სოფლის მეურნეობაში.„ამ კვლევაში შესწავლილის დონის ფართო ზემოქმედება დღემდე გრძელდება ფერმის მუშებზე, ფეხმძიმე ქალებზე და ნაყოფებზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ზემოქმედების დონის მეთვალყურეობა პოტენციურად მოწყვლად პოპულაციებში, განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალებში სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებებში, რადგან მათი ჩვილები დღემდე რისკის ქვეშ არიან“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერი ვირჯინია რაუჰი. მკვლევრები მიუთითებენ გარკვეულ შეზღუდვებზე - კვლევა დაკვირვებითი იყო და შესაბამისად, აჩვენებს მხოლოდ კავშირებს და არ შეუძლია მიზეზშედეგობრიობის დადასტურება.კვლევა ფოკუსირებული იყო ქლორპირიფოსის მხოლოდ დაბადებამდელ ზემოქმედებაზე, არ ზომავდა ან აკონტროლებდა დაბადების შემდეგ ზემოქმედებას და არ ამოწმებდა ქლორპირიფოსთან ერთად ხშირად გამოყენებული სხვა ინსექტიციდების ზემოქმედებას. კვლევის კიდევ ერთი შეზღუდვაა დემოგრაფიული მრავალფეროვნების ნაკლებობა.მიუხედავად ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გარემოში ქლორპირიფოსი და მსგავსი ნაერთების ყველგანაა გავრცელებული, ეს კვლევა მიუთითებს ამ ძლიერმოქმედი პესტიციდების შესახებ მეტი კვლევის საჭიროებაზე.„სავარაუდოდ, ასეთივე ეფექტები აქვს სხვა ორგანოფოსფატულ პესტიციდებსაც. ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის ზომების მიღებაა საჭირო ორსულობისას, ჩვილობისას და ადრეულ ბავშვობაში, როცა თავის ტვინის განვითარება სწრაფია და განსაკუთრებით მოწყვლადია ამ ტოქსიკური ქიმიკატებისადმი“, — ამბობს პეტერსონი.კვლევა JAMA Neurology-ში გამოქვეყნდა.მომზადებულია publichealth.columbia.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.მასალა თარგმნა: მიხეილ ჭაბუკაშვილმა
სრულად წაიკითხეთ სტატია