
ყველასთვის ცნობილია, რომ ქვეყნების ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ენერგეტიკაა. საქართველო, თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობითა და განახლებადი ენერგიის წყაროების სიუხვით, ყოველთვის იპყრობდა ინვესტორების ყურადღებას. თუმცა, როგორია რეალობა? რამდენად ეფექტურად ვიყენებთ ამ პოტენციალს და რა როლს ასრულებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩვენი ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში? ეს არის ის საკვანძო კითხვები, რომლებიც სექტორის მიმართ ყოველთვის ჩნდება.
თუკი ჩვენ უკანასკნელი წლების სტატისტიკას ავიღებთ, ნათლად დავინახავთ, რომ ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიურად მზარდი ტენდეცია არ გვაქვს, პირიქით, როგორც მთლიან ინვესტიციებში, ისე ამ სექტორშიც, გარკვეული მერყეობები ცალსახაა. ამის ნათელი ილუსტრირება უკანასკნელი 6 წლის სტატისტიკური ანალიზითაცაა შესაძლებელი.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობით ინვესტირება 2019 წელს განხორციელდა 262 მილიონი დოლარის მოცულობით, შემდგომში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდა და 2020 წელს მხოლოდ 25 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა. ეს ფაქტიც ლოგიკურია იმ თვალსაზრისით, რომ პანდემიის ფონზე ეკონომიკური აქტივობა მინიმუმამდე შემცირდა. შემდგომ ინვესტირება სექტორში შედარებით გამოცოცხლდა და 2021 წელს ჯამში ენერგეტიკაში 183 მილიონი დოლარი ჩაიდო. შემდგომ წლებში კი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების კლების ტენდეცია გრძელდებოდა. ეს ყველაფერი ლოგიკურია, რადგან 2021 წელს მოხდა ნამახვანჰესთან დაკავშირებით კონფლიქტი, რომლის შემდგომაც ინვესტორებს არ მიეცათ აღნიშნული ჰესის აშენების საშუალება. შესაბამისად, საქართველომ იმიჯურად მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო, რამაც უცხოელი ინვესტორების ნდობა შეამცირა, ხოლო შემდგომ ფინანსების მოზიდვის პრობლემებიც სწორედ აქედან დაიწყო.
ცალკე უნდა გავაანალიზოთ 2025 წლის პირველ კვარტალში შემოსული ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში, რომელიც 70.2 მლნ დოლარს შეადგენს და მთლიან უცხოურ ინვესტიციებში სოლიდურ 39.1 პროცენტიან წილს იკავებს. თუმცა აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ სად წავიდა აღნიშნული ინვესტიცია? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობაზე დაიხარჯა თუ ქსელის მოდერნიზებაზე? ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის დირექტორმა მაია მელიქიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სექტორში ინვესტიციები ძირითადად გამანაწილებელი კომპანიების მხრიდან იდება და გენერაციის მხარე ამ ზრდაში წამყვანი არ არის.
„ჩვენ რასაც ვუყურებთ, მასიურად ინვესტიციების განხორციელება მიმდინარეობს ქსელში, ქსელური კომპანიები ახორციელებენ ამას, გამანაწილებელი კომპანიები. ეს შეიძლება იყოს როგორც “თელმიკო”, ასევე “ეპ ჯორჯია” მიწოდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვხედავთ ინვესტიციების მოზიდვის ჭრილში გენერაციის მხარეს, ელექტროენერგიის წარმოების მხარეს”- აღნიშნა მაია მელიქიძემ.
უცხოური ინვესტიციების არსებული დინამიკა ენერგეტიკის სექტორში და მისი შემდგომი განაწილებაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გარკვეული დასკვნები გამოვიტანოთ. როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე თავად საქართველოც ერთხმად აღნიშნავენ, რომ განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით და ელექტროენერგიის გენერაციის წყაროების კიდევ უფრო გაზრდის მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია, რომლის მხოლოდ 25-30 პროცენტს ვიყენებთ. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკაში არა თუ არასტაბილურობით, არამედ მზარდი დინამიკით უნდა ხასიეთდებოდეს. იმისათვის, რათა ეს ასეც მოხდეს, საჭიროა, ინვესტორებთან აქტიური მუშაობა, რათა ის მძიმე გამოცდილება, რაც ნამახვანჰესის შემთხვევაში გვქონდა, აღარ განმეორდეს. მეორეს მხრივ, საჭიროა, აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რათა მათ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია თუ რა სიკეთე მოაქვს ჰესების მშენებლობას და ასევე გენერაციის სხვა ობიექტების განხორციელება-განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ დინამიკით ძალიან გაჭირდება სწრაფად პოტენციალის ათვისება, მეტიც, ათწლეულები იქნება საჭირო. აქ კი რიტორიკული კითხვა უნდა დავსვათ: რატომ არ უნდა ავითვისოთ ენერგეტიკული პოტენციალი ახლა? და ამით ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება გავიუმჯობესოთ? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ჩვენზე როგორც პირდაპირი, ისე ირიბი სარგებელი აქვს, რომლის მიღებაც მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ჰესების მშენებლობას აქტიურად დავიწყებთ, რასაც ასევე გვერდით უნდა მიჰყვეს განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების განვითარებაც.