პატრიარქის ქვეყანაში მშვიდობის დასაცავად ლოცვაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს

Civil Georgia 1 კვირა წინ 12
პატრიარქის ქვეყანაში მშვიდობის დასაცავად ლოცვაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 13 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ქართველებს ლოცვით გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანაში დაიცვან მშვიდობა, ასევე საქართველოს სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა. განცხადებაში პირდაპირი მითითება არ არის პოლიციის სისასტიკესა და ძალადობაზე ან ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებზე, და ბრალის თანაბრად გადანაწილების მცდელობის შთაბეჭდილება იქმნება.  

წერილში ხაზგასმულია, რომ ორმხრივი სიძულვილი არ დაეხმარება ქვეყანას ეროვნული მიზნების მიღწევაში. როდესაც პატრიარქი საუბრობს საქართველოს ევროპულ გზაზე, იგი აფასებს მას, როგორც დაფუძნებულს ქრისტიანულ და ტრადიციულ ღირებულებებზე და ამით „ქართული ოცნების“ ოფიციალურ რიტორიკას ეხმიანება. „საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ვალია,  ხელი შევუწყოთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ სულიერ-კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის ეროვნული სახელმწიფოს განმტკიცებასა და განვითარებას“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.

პატრიარქი აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები „ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისათვის ზრუნვა. ყოველი ადამიანი – დიდი თუ პატარა – უნდა გაემიჯნოს ძალადობას და გააცნობიეროს, რომ ჩვენს რთულ დროში მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის  ქვეყნის მთავარ მონაპოვარს – სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს!“.

პატრიარქი აცხადებს, რომ „უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია, კონსტრუქციულობით მიღწეულ იქნას დიალოგი“. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ისიცაა, რომ „ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ; გვავიწყდება, რომ უსიყვარულობა, ცინიზმი, უპატივცემულობა … რაც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილისათვის ჩვევად  იქცა, დამღუპველი ცოდვებია“.

პატრიარქი ხაზს უსვამს, რომ „ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით… ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ და საკუთარ თავსაც და სახელმწიფოსაც მხოლოდ დავაზარალებთ“.

„მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოსთვის ვლოცულობ. დღესაც,  მუდმივად შევთხოვ უფალს, მოგვცეს გული გონიერი და ლმობიერი. ჩვენ ყველას სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს; ამიტომაც მოგმართავთ: საქართველოს კეთილდღეობისათვის გავერთიანდეთ ლოცვით, რათა ღვთის შეწევნითა და შინაგანი მშვიდობით შევძლოთ მართებული ნაბიჯების გადადგმა“, – აცხადებს პატრიარქი.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია