პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

Primetime.ge 23 საათი წინ 15
პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზებას და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი სამინისტროს - რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას პარლამენტმა 81 ხმით მხარი დაუჭირა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით წარადგინა.„აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება სამთავრობო პროგრამის წარმატებით განხორციელებას. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა კი, როგორც რეგიონული განვითარების მიმართულებით, ისე ინფრასტრუქტურის მიმართულებით ითვალისწინებს მნიშვნელოვან და საკმაოდ ამბიციურ ცვლილებებს“, - განაცხადა მომხსენებელმა.მისი თქმით, ერთი სამინისტრო იმუშავებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ხოლო მეორე - რეგიონული განვითარების მიმართულებით.„მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ პრინციპით, რომ საშტატო რიცხოვნობის ზრდა არ გამოიწვიოს. კანონით გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში თემატურად მომუშავე თანამშრომლების გადანაწილება ორ ახალ სამინისტროში. რეგიონული განვითარების სამინისტროს ასევე, დაემატება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის და მთის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს საშტატო რიცხოვნობა, იმისათვის, რათა ახალშექმნილმა სამინისტრომ უკვე სრულყოფილად მოიცვას რეგიონული განვითარების თვალსაზრისით ყველა ის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია და მიმართულებები, რომელიც დღესდღეობით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის არის გადანაწილებული“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.მისი განმარტებით, კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია, საქართველოს მთავრობის ვალდებულება - შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც იმუშავებს განსაზღვრულ ვადაში ამ სამინისტროს უფლებამონაცვლე სამინისტროებს შორის აქტივების და ვალდებულებების გადანაწილებაზე.
სრულად წაიკითხეთ სტატია