პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეას ესწრება

Civil Georgia 3 კვირის წინ 15
პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეას ესწრება

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეაში მონაწილეობს, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება. ვიზიტის ფარგლებში, პაპუაშვილი ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგებთან, მათ შორის ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარესთან ამირ ოჰანასთან, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან ნუმან ქურთულმუშთან, ასევე ბელგიის სამეფოს წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ პიტერ დე რუვერთან და სენატის პრეზიდენტ ვინსენტ ბლონდელთან.

პაპუაშვილის გამოსვლა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე

ასამბლეაზე, რომლის მთავარი თემაც იყო „საპარლამენტო საქმიანობა სოციალური განვითარებისა და სამართლიანობისთვის“, შალვა პაპუაშვილმა „ინკლუზიური და პროგრესული საზოგადოებების ჩამოყალიბებაში“ პარლამენტის როლს გაუსვა ხაზი.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული მრავალი გამოწვევის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდა როგორც სიღარიბის შემცირებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის, ისე ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონული მშვიდობის მიღწევის ინსტრუმენტია“, – განაცხადა მან.

შალვა პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა სოციალური განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებიც „მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაზეა მიმართული“. მან განაცხადა, რომ „ოჯახს საზოგადოებაში წამყვანი ადგილი უჭირავს და ამიტომ ოჯახების მხარდაჭერა სოციალური განვითარების დღის წესრიგში ცენტრალურ ადგილს იკავებს“.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებიც „ახალი გლობალური სოციალური შეთანხმების ნაწილს უნდა წარმოადგენდეს“. მისი თქმით, ახალი სოციალური შეთანხმება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს უნდა პასუხობდეს და უნდა მოიცავდეს შემდეგ მნიშვნელოვან მიმართულებებს: ადგილობრივი და გლობალური მშვიდობის ხელშეწყობა; დემოკრატიული მმართველობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა; ეკონომიკური ზრდა, რომელიც არა მხოლოდ მშპ-ზე იქნება ფოკუსირებული, არამედ, აგრეთვე, უთანასწორობების შემცირებასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე; მდგრადი გარემოს უზრუნველყოფა, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა, რაც დაიცავს ქვეყნებსა და პლანეტას; ტექნოლოგიების გამოყენების ეთიკური საკითხების შესწავლა და გათვალისწინება.

პრესრელიზის თანახმად, “მან, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა თანასწორობის უზრუნველყოფასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის შექმნაზე, მათ შორის,  საქართველოს კანონზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, ქალებისა და კაცების თანასწორობის კონცეფციაზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციაზე”. 

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” პარლამენტმა 1 აპრილს საქართველოს ყველა კანონიდან ამოიღო ტერმინები „გენდერი“ და „გენდერული თანასწორობა“. გასული წლის აპრილში პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა სავალდებულო გენდერული კვოტები, რითიც შეცვალა საქართველოს საარჩევნო კოდექსის დებულება, რომლის თანახმადაც პარტიულ სიაში ყოველი ოთხი ადამიანიდან ერთი მაინც ქალი უნდა ყოფილიყო.

შეხვედრა ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარესთან

ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის – ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოჰანას შეხვდა. პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა ხაზი გაუსვეს „საქართველოსა და ისრაელის ხელისუფლებებს შორის ღირებულებით და ინტერესთა თანხვედრასა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის საკითხებს“.

შეხვედრაზე ისაუბრეს ისრაელში და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე. პრესრელიზის თანახმად, აღინიშნა, რომ „დადებითად ვითარდება საპარლამენტო თანამშრომლობა“. მხარეებმა გამოხატეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერების მზაობა, მათ შორის საპარლამენტო თანამშრომლობის სხვადასხვა დონეზე დელეგაციების გაცვლის გზით.

შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის „მეგობრულ კავშირებს“. „გამოითქვა მზადყოფნა კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი საპარლამენტო კავშირები, ასევე ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებში არსებული პოლიტიკური ვითარება და რეგოინული უსაფრთხოება“, – წერს პაპუაშვილი.

https://twitter.com/shpapuashvili/status/1908764138530103476?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1908764138530103476%7Ctwgr%5E7d1307df7bfcf0183024bc50be77e5a00ae92985%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fcivil.ge%2Farchives%2F674335

შეხვედრა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან

პაპუაშვილი ასევე შეხვდა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ნუმან ქურთულმუშს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ „საქართველოსა და თურქეთს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა და ხალხთაშორისი მეგობრობა აკავშირებთ“.

პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ „უახლოეს ხანში შეიქმნება საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი თავმჯდომარეების დონეზე“.

მხარეებმა განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის უკრაინის ომის დასრულების სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც უკავშირდება აშშ-ის ახალ პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მხარეები საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.

https://twitter.com/shpapuashvili/status/1908775453034479948?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1908775453034479948%7Ctwgr%5E7d1307df7bfcf0183024bc50be77e5a00ae92985%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fcivil.ge%2Farchives%2F674335

შეხვედრა ბელგიის სამეფოს ორპალატიანი პარლამენტის თავმჯდომარეებთან

ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი ბელგიის სამეფოს წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ პიტერ დე რუვერს და სენატის პრეზიდენტ ვინსენტ ბლონდელს შეხვდა.

პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის „მეგობრულ კავშირებზე, რომლების საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება“. საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. შალვა პაპუაშვილის თქმით, „გაგრძელდება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და საქართველოს შემდგომი დაახლოება ევროკავშირთან, რაშიც ბელგიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“.

https://twitter.com/shpapuashvili/status/1908882640259678295?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1908882640259678295%7Ctwgr%5E7d1307df7bfcf0183024bc50be77e5a00ae92985%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fcivil.ge%2Farchives%2F674335

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია