
ტაბულას მთავარი რედაქტორის წერილი პაპის გარდაცვალების შესახებ
როცა 2013 წლის 13 მარტს კარდინალმა ტორანმა 1.3 მილიარდ კათოლიკეს ლათინურად გვამცნო, რომ ახალი პაპი გვყავდა, რომელმაც სახელად ფრანცისკე აირჩია, ჩემთვის უკვე ცხადი გახდა, რა გველოდა.
ფრანცისკე არ არის სახელი, რომელსაც საეკლესიო ისტებლიშმენტი ირჩევს. ფრანცისკე იმ კაცის სახელია, ვისი არსებობაც კი, საუკუნეებია იერარქიის კრიტიკას წარმოადგენს.
ხორხე მარიო ბერგოლიო უზენაეს პონტიფექსად აირჩიეს მას მერე, რაც მისი წინამორბედი, დასავლეთის ნამდვილი პატრიარქი, რელატივიზმის დიქტატურასთან მებრძოლი, ტრადიციონალისტების იმედი და ეკლესიის დოქტორი, მოულოდნელად, სრულიად არატრადიციონალისტურად გადადგა.
ბენედიქტე XVI გერმანელი ღვთისმეტყველი იყო და ზედაპირულ მედიას თავი ტრიუმფალური შემოსვით დაამახსოვრა. იოზეფ რატცინგერს უყვარდა ძველი საპაპო სკივრებიდან შუა საუკუნეების შესამოსლის ამოქექვა. სწორედ ამიტომ კონტრასტი უბრალოდ აყვირდა, როცა ფრანცისკე წმიდა პეტრეს ცენტრალურ აივანზე პირველად გამოჩნდა. მას არათუ სახელგანთქმული წითელი ქოშები, წითელი მოცეტაც კი არ ემოსა, ხოლო სანამ დაგვლოცავდა, დალოცვას იქით ითხოვდა.
თითქოს არაფერი, მაგრამ ინსტიტუციაში, რომელიც სიმბოლიზმით იმართება, ეს რევოლუცია თუ არა, რადიკალური სიახლე გახლდათ.
მამა კარდინალებმა, როგორც პირველივე სიტყვაში თავადვე თქვა, ახალი პაპი აირჩიეს ქვეყნიერების დასალიერიდან – არგენტინიდან.
პერიფერიიდან მოსულმა პაპმა ვატიკანში დემონსტრაციული უბრალოება და განსხვავებული კონტექსტი მოიტანა.
მე ყოველთვის უბოდიშო “ბენედიქტელი” გახლდით, ამიტომ ფრანცისკეს ამ ჟესტებს გამიზნულ კრიტიკად აღვიქვამდი. მალევე მივხვდი, რომ ვცდებოდი.
ხორხე მარიო ბერგოლიოს არავის კრიტიკა განუზრახავს, მისი გადამდგარი წინამორბედიც ძმური სიყვარულით აცხოვრა ვატიკანში ისე, რომ თავზე ბუზი არ აფრენია.
სიმართლე ის იყო, რომ მოგწონდა თუ არ მოგწონდა, ფრანცისკე არავის და არაფერს თამაშობდა, საკუთარი თავის გარდა.
ახლა, როცა ჩემი კათოლიკეობის ორივე პაპი გარდაცვლილია, მაქვს შთაბეჭდილება, რომ ბენედიქტე და ფრანცისკე ერთმანეთს რაღაცით მაინც ჰგავდნენ: მწყემსთავრობის დასაწყისში თითქოს ვერცერთი აცნობიერებდა იმ ინსტიტუციის ზომას, რომელსაც მართავდა.
თუ ბენედიქტემ ქრისტეს ეკლესია მწყემსა, როგორც პროფესორმა აუდიტორია, ფრანცისკემ მართა ის, როგორც სოფლის მღვდელმა პატარა სამრევლო.
სწორედ ამ გამარტივებულ ენაში ეპარებოდა მას ის მრავალი და უცნაური გამონათქვამი, რომელმაც ამდენ სკანდალში გახვია ეკლესია და ამდენი განმარტების, თუ განმარტების განმარტების გავრცელება გახადა საჭირო.
ასეა, როცა პაპს ქვეყნიერების დასალიერიდან ირჩევ, დასავლური ცივილიზაციის ცენტრალურ ტახტზე აგყავს დასავლური ცივილიზაციის მიღმიერი კონტექსტი.
ამას თავისი შედეგები აქვს.
ღიად უნდა ითქვას, რომ ფრანცისკეს არ ესმოდა დასავლური კონტექსტი, მეტიც, მას არ ესმოდა ამ ცივილიზაციის ფასი, რომლის საძირკველშიც მისმა წინამორბედებმა სისხლი და ოფლი ჩაღვარეს.
ეკლესია ნამდვილად არის საყოველთაო, ის ნამდვილად ეკუთვნის ყველა ადამიანს, ყველა ერს და ყველა ცივილიზაციას, მაგრამ ის ვერ იქნება ყოველთვის ყველანაირი.
სწორედ ამ ილუზიით გაანაწყენა მან ჩვენი ცივილიზაციის მრავალი ენთუზიასტი შოკისმომგვრელი შეფასებებითა თუ გადაწყვეტილებებით.
მაგრამ დღის ბოლოს ალბათ უნდა გვახსოვდეს, რომ პაპებს საუკეთესო პოლიტიკური შეხედულებების გამო არ ირჩევენ.
რამდენიც უნდა ამტკიცოს ფრანგულმა ფილოსოფიამ, ყველაფერი პოლიტიკური არ არის.
გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, ფრანცისკე არ ყოფილა არანაირი ლიბერალი, ამ სიტყვის დასავლური გაგებით. თუ მის ქადაგებებს მედიაში დამოკლებული სათაურების მიღმაც წაიკითხავთ, ეკლესიას ის გვარიანად მამხილებელი რიგორიზმით მართავდა, როცა სჭირდებოდა.
ფრანცისკე მართლა ჰგავდა სოფლის მღვდელს. ბრაზდებოდა ისე, როგორც პერიფერიის მღვდელი უბრაზდება სამრევლოს და შენდობას გასცემდა ისე, როგორც სოფლის მღვდელი გასცემს – მაინდამაინც არც ერთს რომ ეთქმის კანონიკური და არც მეორეს, მაგრამ ორივე ეკლესიის ნამდვილ, ინტერნალურ, შიდა და სამოძღვრო სუნთქვას წარმოადგენს, სადაც სული ქრის მისი ერის საცხოვნებლად. სული კი იქ ქრის, სადაც სურს და არა იქ, სადაც კანონიკური კოდექსით მიუთითებენ.
ფრანცისკეს არ აკვირვებდა ცოდვა, ჰქონდა რა ნაწმენდი აბლაბუდები ადამიანთა სულების ბნელი კუთხეებიდან… მაგრამ ერთია, ეს ქნა პირადად, ინტერნალურად – გასცე შენდობა, აზიარო ადამიანი და მეორეა, თქვა ეს ექსტერნალურად, საჯაროდ, საპაპო კათედრიდან.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სამოძღვრო პრაქტიკაში არავინ იცავს იმას, რაც კანონიკურ კოდექსში წერია, მაგრამ როცა ეს პაპის პირიდან გესმის, სულ სხვა საქმეა. მასშტაბია სხვა და წესებს ემუქრება. წესები კი საჭიროა – ამიტომ მიიღო ეკლესიამ საკუთარ წიაღში სამართალი და აქცია კანონიკად.
პონტიფიკატის დასაწყისში ფრანცისკეს ჰქონდა იმედი, რომ მონარქიულ ძალაუფლებას ეკლესიის დემოკრატიზებისთვის გამოიყენებდა, მაგრამ ეს თავშივე განწირული იდეა გახლდათ. მისი ძალაუფლება მისი არ ყოფილა, სხვებისთვის რომ გადაეცა.
როცა ჭეშმარიტად პროგრესისტი გერმანელი ეპისკოპოსების ნაწილმა “სინოდური გზა” აირჩია და ფრანცისკემ დაუმორჩილებლობა შენიშნა, მან თქვა: “გერმანიას უკვე აქვს ერთი, ლამაზი, ევანგელური ეკლესია და მეორე აღარ სჭირდება”.
როგორცვე მიხვდა, რომ ტრადიციონალისტი კათოლიკეები ძველ ლიტურგიას სქიზმატური მიდრეკილებებით იყენებდნენ, მან რკინის ხელით შეზღუდა ისინი.
ვეთანხმებოდი თუ არა ამ უკანასკნელს? ნაწილობრივ არა, მაგრამ ვაცნობიერებდი იმას, რომ თვალსა და ხელს შუა ქვეყნიერების დასალიერიდან მოსული სოფლის მღვდელი უნივერსალური ეკლესიის უზენაესი პონტიფექსი ხდებოდა. განა პირველია ცუდი ან მეორე უკეთესი – უბრალოდ, ეს ორი სხვადასხვა რამაა. ორი სხვადასხვა მსახურებაა. ფრანცისკემ ის შეიტკბო, როგორც პაპმა და გაკვეთილიც ისწავლა.
პონტიფიკატის ბოლოსკენ ფრანცისკე არ ყოფილა არანაირი დემოკრატი, რადგან ეკლესია ვერ იქნება არსებითად დემოკრატიული. მას კი უყვარდა ეს ეკლესია. უყვარდა მსახურება და მსახურთა მსახურება – როგორც ეს მის ტიტულშია.
ფრანცისკე იყო ღარიბების პაპი. პაპი, რომელიც შთაგაგონებდა და გასწავლიდა ლოცვას, სიყვარულსა და იმედს. პაპი, რომელსაც სურდა წყალობა და არა მსჯავრი.
ბენედიქტესგან განსხვავებით ის დაუძლურებული აღესრულა პეტრეს კათედრაზე. ტრადიციულად. როგორც ეს წესია.
მის საფლავზე კი იქნება ის ერთადერთი სახელი, ორნამენტებისა და ტიტულის გარეშე, რომლის გაგონებამაც ყველა ჩაგვაგდო საგონებელში.
განისვენე მშვიდობით, მამავ წმინდაო, ღვთისმშობლის ხატის ქვეშ, რომელიც ასე გიყვარდა.