ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქი” “მაიამი ჰიტთან” ოვერტაიმში 119:125 დამარცხდა. ტრავმის გამო ორკვირიანი უქმობის შემდეგ, “მეჯიქს” გოგა ბითაძე დაუბრუნდა. იგი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 22 წუთით ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 დაფარება მიითვალა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე “ჰიტის” ლიდერი ტაილერ ჰირო გახდა, მსროლელმა 48 წუთში 30 ქულა, 8 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
“ორლანდოდან” ყველაზე შედეგიანი ფრანც ვაგნერი გახლდათ, გერმანელმა კალათბურთელმა 40 წუთში 29 ქულა, 8 მოხსნა და
3 ასისტი დააგროვა.
ამრიგად, “მეჯიქი” 24 გამარჯვებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 31 იანვარს სტუმრად “პორტლენდთან” გამართავს.