ორი ოქროს წესი მართვის მოწმობის გამოცდის ჩასაბარებლად

Alia 1 თვე წინ 86
ორი ოქროს წესი მართვის მოწმობის გამოცდის ჩასაბარებლად

-დამოუკიდებლად ვისწავლი ავტომანქანის მართვას, გინდ პრაქტიკას და გინდ თეორიას – რამდენს გითქვამთ? რამდენმა თქვენმა ახლობელმა ისწავლა დამოუკიდებლად? 

და მერამდენე ცდაზე ჩააბარა, თუ ჩააბარა? რამდენ თვეში ისწავლა, თუ ისწავლა?

ყველაზე დიდი მითი მართვის მოწმობას რაც ეხება, ესაა – თითქოს დამოუკიდებლად ბევრად სწრაფად და მარტივად სწავლობ. იმას, რომ აი, ძვირადღირებულია სწავლა და მაგიტომ არ დადიან კურსებზე, – თითქმის არავინ ამბობს, რადგან, მგონი, ყველაზე იაფად სწორედ ამის სწავლა შეგიძლია.

-რა უნდა მასწავლონ ავტოსკოლაში განსაკუთრებული? ბილეთებს ხომ მეც დავიზეპირებ?

ბილეთი ბევრია, მათი დაზეპირება გამოუსადეგარი, როდის რა კითხვა რა ფორმით შეგხვდება და როდის რა შეიცვლება არც ეგ იცი. სწორედ ამიტომ, სჯობს, არ დაიზეპირო და ისწავლო, რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცე სწორად და კანონიერად. თუ გაიაზრებ და წესს დაიმახსოვრებ და არა ფოტოს, რა ფორმითაც უნდა შეგხვდეს კითხვა, რა ფოტოთიც, სადაც უნდა შეგხვდეს, ბილეთში, თუ გზაზე – ყველგან და ყოველთვის თავს გაართმევ.

მე არ მაქვს მართვის მოწმობა, მე რაიკომის მდივანივით მიყვარს ცხოვრება, ჩაჯდები ტაქსიში, ან მეგობრის მანქანაში უკანა სავარძელზე, გზებს არ იმახსოვრებ, არც “პროწივებს”, არც ცუდ მძღოლებზე გეშლება ნერვი, არც არავინ გაჯარიმებს, ზიხარ შენთვის, სქროლავ, მუსიკას უსმენ, ლაპარაკობ.

რეალურად, ცხადია, მართვის მოწმობა არ მაქვს იმიტომ, რომ მანქანა არ მაქვს და არც მისი საყიდელი ფული, თორემ, რაღა დროს რაიკომის მდივანია, ხალხო? ეგ როგორ დაიჯერეთ?

კი, მართვის მოწმობა მაშინაც გჭირდება, როცა მანქანა არ გაქვს, უნარ-ჩვევაა, რომელიც რიგ სამსახურში, დიპლომზე მეტად გარგია. 

იცოდი, რომ მანქანის მართვა სტრესს ხსნის? განსაკუთრებით, მას ეხმარება, ვისაც ემოციების გამოხატვა უჭირს, ან გაბრაზება, ვისაც კომუნიკაციის პრობლემა აქვს. ერთგვარი ადრენალინია, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. ასევე, ერთ-ერთი კარგი გზაა თვითშეფასების ასამაღლებლად, მანქანის მართვა გარკვეული ძალაუფლების შეგრძნებას გაძლევს და შესაბამისად, სითამამეს. 

თუმცა, მანქანის მართვასა და კარგ მართვას შორის დიდი სხვაობაა. პირველად რომ დამსვეს საჭესთან 7 წლისაც არ ვიყავი. ბიძაჩემმა მითხრა რომ, ეგ არის, თეორიულად ვიცი ტარება და ახლა პრაქტიკის დროა. ასეც მოვიქეცით და ალბათ, გავატარებდი კიდეც, რომ არა პატარა გაუგებრობა – “პედლებს” ვერ მივწვდი.

ამ ბოლოს ხშირად მაქვს განცდა, რომ მძღოლთა დიდი ნაწილი ან “პედლებს” ვერ წვდება, ან რაღაც უფრო დიდი პრობლემაა. განსაკუთრებულად კარგად ჩანს ეს უამინდობისას, წვიმისას თითქოს ყველა ერთიანად ცუდი მძღოლი ხდება. შესაძლოა, იმიტომ რომ უმრავლესობამ, ასე, გამოცდისთვის, ერთჯერადად დაიზეპირა, ან ნახევრადდაიზეპირა ბილეთები, ან პრაქტიკული კურსი არ გაიარა პროფესიონალთან.

მაინც რატომ პროფესიონალთან? რატომ ავტოსკოლა?

იცი, რა სიახლე დაემატა თეორიულ გამოცდას? რამდენი ახალი მარშრუტები დაემატა და სად პრაქტიკული გამოცდისთვის? იცი, 2024 წლიდან კიდევ ვის მოუწევს გამოცდის ქუჩაში, რეალურ მოძრაობაში ჩაბარება? იცი, რა ცვლილებები შევიდა კანონში შშმ პირებისთვის?

კი, მე ვიცი, მაგრამ არ მინდა რომელიმე გამომრჩეს, ან არასრულფასოვნად აგიხსნა. მე მხოლოდ გიდი ვარ, შენსა და პროფესიონალს, შენსა და ბაზარს შორის, ჩემი პროფესია ესაა. ის, რომ პური მეპურემ უნდა აცხოს, – მართალია. ყველა პროფესიას თავისი ნიუანსები აქვს და ამიტომაც პროფესიონალის მომსახურება ყოველთვის ხარისხიანია, არ იწელება დროში და რაკი ხარისხი და დრო ყველაზე მეტად ფასობს – მომგებიანიცაა. 

იცი, რამდენი ათასი ადამიანი ფიქრობდა შენსავით, რომ მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება უმნიშვნელოა? რამდენი ადამიანი არ მოემზადა სათანადოდ? – გასულ წელს, მაგალითად, მართვის მოწმობის მიმღების მსურველთა ნახევარი ჩაიჭრა. 2023 წლის მხოლოდ 9 თვეში, გამოცდებზე გასულ პირთა ნახევარზე მეტმა, 16 906 პირმა ვერ ჩააბარა.

ბიძაჩემი 18 წლიდან ატარებს მანქანას, უფროსი ბიძაშვილიც ასევე, გადაწყვიტეს, რომ უმცროსი ბიძაშვილი თავად უნდა ამეცადინონ. კარგად გაერთნენ, კი. შეეშლებოდა ლუკას რომელიმე ბილეთი და 15 წუთი იცინოდნენ, – აი, ეს როგორ შეგეშალაო. გამოცდაზეც რომ შეეშალა და არავის გაეცინა, კი გაუკვირდა ლუკას, მაგრამ უკვე გვიანი იყო. თეორია პროფესიონალთან გაირა შემდგომ, მაგრამ პრაქტიკა ისევ არ დაანება მამამ და ძმამ, ჩვენ რისთვის გყავართ, ამდენი წელია მანქანას ვატარებთო. აღმოჩნდა, რომ პარკირებას ცხოვრებაში სულ სხვაგვარად ვართმევთ თავს და გამოცდისთვის პარკირების სულ სხვა წესია, მარტივად რომ ვთქვათ, ლამის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველანი არასწორად ვაპარკინგებთ მანქანას და ამიტომაც იჭრება გამოცდაზე ბევრი პარკირების პროცესში. ქუჩებში, არასწორად პარკირებულ მანქანებს რომ ვხედავთ, მათ მამებმა ასწავლეს ასე პარკირება, იმათ თავიანთმა მამებმა და ასე – ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული, ტრადიციული პარკირება, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს და გამოცდაზე არ გამოგვადგება.

კარგი ამბავი ისაა, რომ ქართული მართვის მოწმობები აღიარა ირლანდიამ, ესპანეთმა, საბერძნეთმა, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ქვეყნებში, გამოცდის გარეშე შეგვიძლია იმ ქვეყნების მართვის მოწმობის აღება. 

რომელ ასაკში შემიძლია სწავლა?

თუ 60 ან მეტი წლის ხარ და ისევ არ იცი მანქანის ტარება, ზუსტად ახლაა დრო ისწავლო, ახალი გამოცდილება ცხოვრებას გაგიხალისებს 

თუ 17 წლის ხარ, შენც ზუსტად ახლა უნდა ეძებდე ავტოსკოლას, მალე სტუდენტი გახდები, ან სამსახურს დაიწყებ, ცხოვრების ახალ ეტაპს, ერთი ბონუსით მეტით შეხვდები.

ასე რომ, პასუხია – ნებისმიერ ასაკში.

როგორ ვიპოვოთ კარგი ავტოსკოლა, 

პროფესიონალი კადრებით?

რის მიხედვით ეძებ?

–იქნებ, სქესის? – ქალი პედაგოგი გინდა, თუ კაცი? 

–იქნებ, ენის მიხედვით? – რა ენაზე გსურს სწავლა?

–იქნებ, ტერიტორიის მიხედვით? – ქალაქი, უბანი, ქუჩა – აირჩიე.

–ინდივიდუალური, თუ ჯგუფური? – მე ჯგუფურზე დავიწყე ახლა სიარული, გადავწყვიტე, მეგობრების მანქანები ვატარო, ვიქნები ფხიზელი მძღოლი, მაგალითად. 

–იქნებ, ასაკის მიხედვით? – მაგალითად, ფიქრობ, რომ თანატოლთან უკეთ ისწავლი? თუ ასაკით უფროსი პედაგოგი გირჩევნია?

–იქნებ, დროის მიხედვით? – გვიან საღამომდე მუშაობ და შესაბამისად, მხოლოდ საღამოს საათები გაქვს თავისუფალი?

–იქნებ, გინდა კურსი დაჩქარებულად, ყოველდღიური და ხანგრძლივი მეცადინეობით გაიარო? – ასეც შეიძლება, კი. 

გგონია, შენს პირობებზე მორგებული სერვისის პოვნა გაგიჭირდება? – შეიძლება გაგიჭირდეს კიდეც, თუ არ იცი სად ეძებო. რამდენიმე წლის წინ, ნამდვილად გაგიჭირდებოდა. ინტერნეტმა ბევრი რამ საგრძნობლად გაამარტივა. ახლა უკვე შეგიძლია ერთ საიტზე, ერთ ლინკზე ნახო ყველა განცხადება, აარჩიო ფასის, შენზე მორგებული პირობების მიხედვით. შერჩეულ კანდიდატებთან როცა დარეკავ, არ დაგავიწყდეს, მეცადინეობის პროცესი უნდა იყოს კომფორტული და სასიამოვნო, შესაბამისად, პიროვნული თვისებებიც გასათვალისწინებელია.

მე, მაგალითად, იუმორის გრძნობის მიხედვით შევარჩიე. – ვისაც ჩემ ხუმრობაზე გაეცინა, იმ პედაგოგთან დავიწყე სწავლა. 

მართვის სწავლაში ფული როგორ გადავიხადო?

არა, სჯობს ჯარიმები გადაიხადო. სჯობს, უფასოდ დაიზეპირო ბილეთები, ბევრად მეტი დრო დახარჯო, ბევრად მეტი ენერგია, ბევრად მეტჯერ გახვიდე გამოცდაზე, ბოლოს და ბოლოს ჩააბარო გამოცდა გამოცდისთვის და მთელი ცხოვრება იხადო ჯარიმები არასწორად პარკირებისთვის, არასწორი მოხვევისთვის, არასწორი სიჩქარისთვის, არასწორად მოძრაობისთვის. 

განა, ერთხელ, იმ მცირე თანხის გადახდას, არ სჯობს მთელი ცხოვრება ჯარიმები იხადო? ნაწილს ჭკვიანი ვიდეოთვალი გამოგიწერს, ნაწილს – პატრული. შეიძლება სწავლა ერთი ჯარიმის ფასი დაგიჯდეს (გააჩნია ჯარიმას), სამაგიეროდ, თუ არ ისწავლი ბევრი ჯარიმა მოგივა, განა ყველაფერი ბევრი არ სჯობს?

ასევე, სჯობს, პირველი მანქანა იაფფასიანი იყიდო, რადგან თუ გამოცდას გამოცდისთვის ჩააბარებ, ალბათობა იმისა, რომ მანქანას მალევე დააზიანებ – მაღალია.

სად სჯობს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება?

აქ კიდევ ერთ მითს ვხვდებით. ზოგი ყვება, რომ ხუთჯერ გავიდა პრაქტიკულ გამოცდაზე, ხუთჯერვე ჩაიჭრა, მერე გორში წავიდა და იქ პირველივე ჯერზე ჩააბარა. 

ზოგი ყვება, რომ ყველაზე მეტი შანსი ჩაბარების ბათუმშია. 

ზოგს ამულეტი მიაქვს გამოცდაზე, ზოგი დილით ისე მიდის გამოსაცდელად, ხმას არავის სცემს, ზოგი – ლოცვებს კითხულობს, ზოგი “კარგი ფეხის მქონე” მეგობარს გაიყოლებს და ზოგსაც კიდევ, მართლა სჯერა, რომ რომელიმე სხვა ქალაქში თუ წავა ჩასაბარებლად, პირველივე ცდაზე გაუმართლებს.

რეალურად კი, ცხადია, მანქანის მართვას არანაირი შეხება არ აქვს არც ქალაქთან, არც შელოცვასთან, არც ბედთან, თუ უბედობასთან. ეს არაა რომელიმე საგნის გამოცდა, რომ ის ბილეთი შეგხვდეს, რომელიც იცი. თუ საჭესთან გინდა დაჯდომა, უნდა გქონდეს გააზრებული, რომ პასუხისმგებელი ხარ შენი და სხვა ადამიანების სიცოცხლეზე, ამიტომ ყველა ბილეთი უნდა იცოდე. 

არანაირი მნიშვნელობა აქვს სად ჩააბარებ გამოცდას, რომელ ქალაქში, ან როდის, რომელ საათზე, მთავარი ისაა, სად ისწავლი, ვისთან და როგორ ისწავლი. 

და გახსოვდეს, ყველაფერი შენს ხელშია – სწავლაც და უსწავლელობაც, ჩაჭრაც და უხვი ჯარიმებიც, კარგად ტარებაც და ცუდად ტარების “დაბრალებაც” შუქნიშნებისთვის, ნიშნებისთვის, სხვა მძღოლებისთვის…

ეცადე, სწავლების პროცესი იყოს სასიამოვნო და დაიმახსოვრე, მხოლოდ ორი ოქროს წესი არსებობს მართვის მოწმობის გამოცდების ჩაბარებისას – 1. ისწავლო და 2. არ ინერვიულო. უსწავლელობას და ნერვიულობას ჯერ არავისთვის მოუტანია სიკეთე.

(R) 

The post ორი ოქროს წესი მართვის მოწმობის გამოცდის ჩასაბარებლად appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია