საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) კიდევ ერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში არჩევნების დღის პროცედურებში ცვლილებების შეტანის შემდეგ, რითიც, ოპონენტების თქმით, მან ფაქტობრივად აღიარა, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.
29 აპრილის სხდომაზე ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ელექტრონულ მოწყობილობაში ბიულეტენების ჩადების ადგილის ზემოთ სპეციალური საფარი განთავსდება, რათა უკეთ იყოს დაცული ხმის მიცემის ფარულობა ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე.
მართალია ცესკო აცხადებს, რომ ცვლილება პრევენციული ხასიათისაა, ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ეს კიდევ უფრო ამყარებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით გაჩენილ წუხილებს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამჟამად ოპოზიციურ „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ხელმძღვანელობს, 30 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცესკოს ბოლო გადაწყვეტილება პრაქტიკულად აღიარებს, რომ ბოლო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა. ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ 1 მაისს გამართულ ბრიფინგზე მსგავსი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ცესკოს „მოუწია უმნიშვნელოვანესი, უმძიმესი დანაშაულის აღიარება“. მისი თქმით, „ივანიშვილის რეჟიმი აღიარებს, რომ დარღვეული იყო მთავარი საარჩევნო უფლება“, – დასძინა მან.
ცესკო-მ უარყო კრიტიკა, მას „უსაფუძვლო“ უწოდა და განაცხადა, რომ ზოგიერთი „დაინტერესებული მხარე“ ცდილობს ახალი წესის „მანიპულაციურად ინტერპრეტაციას“.
„ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ფარულობის დარღვევებზე უსაფუძვლო ბრალდებების აღიარებას“, – განაცხადა ცესკო-მ 1 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. „განკარგულებით საარჩევნო ადმინისტრაციამ პრევენციული გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად“.
2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შავი ლაქა
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციურმა პარტიებმა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის თაობაზე შეშფოთება გამოთქვეს, ვინაიდან მათი თქმით, ბიულეტენები იმდენად თხელი იყო, რომ ელექტრონულ აპარატში ჩადებისას თავისუფლად შეიძლებოდა ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დანახვა. ოპონენტების თქმით, „ქართული ოცნება“, რომელიც 41-ე ნომრით იყო სიაში, ბიულეტენის ბოლოში, ხოლო მთავარი ოპოზიციური პარტიები – 4, 5, 9 და 25 ნომრებით – ბიულეტენის ზედა ან შუა ნაწილში იყვნენ მოთავსებულნი, რაც უცხო თვალისთვის ამომრჩევლის არჩევანის იდენტიფიცირებას აადვილებდა.
არჩევნების დღეს გადაღებულ ფოტოებზე მკაფიოდ ჩანს მელნის კვალი ბიულეტენების უკანა მხარეს – ერთი საცდელი მონიშვნაა, ხოლო სხვები, სავარაუდოდ, მონიშნული არჩევანი.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა, საოლქო კომისიებს ყველა ელექტრონული უბნის შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რომლებიც საარჩევნო უბნების 90 პროცენტს მოიცავდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევის გამო არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, სასამართლომ უარი თქვა პრეზიდენტის სარჩელის განხილვაზე. საიას საჩივარიც არ დაკმაყოფილდა.
სადავო არჩევნების შემდეგ, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ ხმების 54%-ით გამარჯვება მოუტანა, მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ. პროტესტმა ახალი იმპულსი მას შემდეგ შეიძინა, რაც მმართველმა პარტიამ 28 ნოემბერს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა. ხუთ თვეზე მეტია, დემონსტრანტები ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, თუმცა ბოლო პერიოდში ეს მოთხოვნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით შეიცვალა.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/11/2024 – ჩხუბისა და პროტესტის ფონზე, ცესკო საბოლოო შედეგებს აქვეყნებს
- 07/11/2024 – თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა
- 04/11/2024 – მოსამართლე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ადასტურებს, რაც მნიშვნელოვანი პრეცედენტია
- 28/10/2024 – სადამკვირვებლო მისია არჩევნების გაყალბების სქემაზე საუბრობს და 189 უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს
- 27/10/2024 – „ჩემი ხმა“ გაყალბების „კომპლექსურ სქემაზე“ საუბრობს