ოკუპირებულმა ცხინვალის რეგიონმა და ნიკარაგუამ 27 თებერვალს მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას „დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი და უცხოური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო ფორმალობების ორმხრივი გაუქმების შესახებ“, ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში.
დოკუმენტს ცხინვალის „საგარეო საქმეთა მინისტრ“ ახსარ ჯიოევსა და ოკუპირებულ რეგიონში ნიკარაგუის „ელჩს“ ალბა ასუსენა ტორეს მეხიას შორის გამართული შეხვედრის ფარგლებში მოეწერა ხელი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცხინვალის ე.წ. „ელჩი“ ნიკარაგუაში ნარიმ კოზაევი და რუსეთის ფედერაციაში ნიკარაგუას საელჩოს მინისტრი-მრჩეველი კლაუდიო ანტონიო არანა.
ცხინვალის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებით, მხარეებმა „განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის მათი გაძლიერებისა და განვითარების, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები“.
ნიკარაგუა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2008 წლის სექტემბერში, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ საქართველოს ორივე რეგიონის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება.
თბილისმა დიპლომატიური ურთიერთობა ნიკარაგუასთან 2008 წლის ნოემბერში გაწყვიტა, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები აღიარა.
რუსეთისა და ნიკარაგუის გარდა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მხოლოდ ნაურუმ, ვენესუელამ და სირიამ აღიარეს.
საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო თანამეგობრობის უმეტესობასთან ერთად, ორივე რეგიონს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად განიხილავს და მათ დე ფაქტო ხელისუფლებასთან ნებისმიერ დიპლომატიურ ურთიერთობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებს.
ასევე წაიკითხეთ: