“პაზოლინის იგი საშუალო დონის მწერლად მიაჩნდა, არადა იტალიური ლიტერატურის გამორჩეულ ფიგურად ითვლებოდა ყოველთვის. ეს არის შესავალი მოთხრობისათვის “თვითმკვლელები”, რომელიც მრავალი წლის წინათ ჟურნალ “საუნჯეში” ელზა ახვლედიანმა დამიბეჭდა და რომლითაც ქართველი მკითხველი პირველად გაეცნო ქართულ ენაზე ჩეზარე პავეზეს. “უცნობი პავეზე”” – წერს სოციალურ ქსელში მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ნუნუ გელაძე.
მეოცე საუკუნის იტალიური ლიტერატურის თვალსაჩინო პროზაიკოსს, ესეისტს, პოეტსა და მთარგმნელს ჩეზარე პავეზეს ქართველი მკითხველი რამდენიმე რუსული თარგმანით იცნობს. თავის დროზე საბჭოური კრიტიკა მას მებრძოლ კომუნისტად და ნეორეალისტ მწერლად წარმოგვიდგენდა. არადა “ეს მუდამ დაღვრემილი, საკუთარ თავში ჩაკეტილი, მოკრძალებული, ჩუმი, გაორებული და ქალთმოძულე ახალგაზრდა” სრულიადაც არ იყო ბრძოლისათვის მოწოდებული; თავს ნეორეალისტური ლიტერატურული მოძრაობის მიმდევრად არ მიიჩნევდა, აღმერთებდა ჯაკომო ლეოპარდის, გაბრიელე დ’ანუნციოს და თავის თანამედროვე პოლიტიკურ კრიტიკოსებს პასუხობდა: “მაპატიეთ, მაგრამ მე რომ ამერიკანიზმიდან მოსულ ნეორეალისტ მწერლად მნათლავთ, მკაცრად ცდებით. რა შუაშია აქ “იზმები”? მე აღვწერ უშუალოდ დღევანდელ, რეალურ ცხოვრებას და ამავდროულად არ ვწყდები კლასიკოსთა ფესვებს, რამეთუ ისტორიული ფესვებისა და მოდელების თვინიერ არ არსებობს მწერალი. თუ დაფიქრებულა ჩვენი კრიტიკა, რომ კიპლინგის გარეშე ვერ ავხსნით ჰემინგუეის, გერმანული ექსპრესიონიზმისა – ო’ ნილს და ფოლკნერს, მოპასანის გარეშე ფიცჯერალდს?! ასე რომ, სრულიადაც არ მჭირდებოდა ევროპის საზღვრების გადალახვა, თქვენი გაგებით, ნეორეალისტად რომ ჩამოვყალიბებულიყავი. ვფიქრობ, ნათელი უნდა იყოს თქვენთვის, რატომ უარყოფს პავეზე ნეორეალისტის დამღას”. სიკვდილის შემდეგ მისი შემოქმედება კრიტიკოსთა ერთმა ნაწილმა დეკადენტიზმს მიაკუთვნა, ხოლო სხვებმა სიმბოლურ რეალიზმად შეაფასეს. რაც შეეხება პავეზეს კომუნისტად აღიარებას (1945 წელს იგი მართლაც შევიდა კომუნისტური პარტიის რიგებში), ამის ახსნა მისი ბიოგრაფიის გაცნობის გარეშე, ალბათ, გაძნელდებოდა. ბავშობაში გადატანილმა ორმა უმნიშვნელოვანესმა მოვლენამ (მამის სიკვდილი და ავადმყოფი, შვილების მიმართ ზედმეტად მკაცრი დედა) ბევრწილად განაპირობა ჩეზარე პავეზეს სულიერი ჩამოყალიბება და მისი შემდგომი ცხოვრება. “შვიდი წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და ოცისა ისე გავხდი, არ ვიცოდი, მამაკაცი ოჯახში როგორ უნდა მოქცეულიყო. დედაჩემისაგან ერთი თბილი სიტყვა ან მოფერება არ მახსოვს, კაცივით მექცეოდა. ვიდრე ბავშვი ვიყავი და მასზე დამოკიდებული, შიშის მეტი სხვა გრძნობა არ მქონია მის მიმართ. ისე დავკაცდი, არ ვიცოდი რა იყო ოჯახი”. ამიტომაც მუდამ განმარტოების მოწადინე, წიგნებში ეძებდა შვებას ან მშობლიური სანტა ბელბოს (ქალაქ ტურინთან ახლოს მდებარე კუნეოს პროვინცია) ბორცვებსა და ტყეებში. “ მერე კი საკუთარი ეკზისტენციალური ყოფის მეტაფორულად ასახვისათვის ლიტერატურას ირჩევს”. “ არ შემიძლია მთელი არსებით გადავეშვა ცხოვრებაში; რომ იცხოვრო, უნდა იცნობდე მას, ძალა უნდა გქონდეს და არჩევანის საშუალება გაგაჩნდეს. მე კი ვერასოდეს გავუგე ცხოვრებას, ისევე როგორც არაფერი გამეგება პოლიტიკისა და იმ ადამიანების, მუდმივ მოძრაობაში რომ არიან”. ჭაბუკობიდან არ ტოვებდა თვითმკვლელობის გადაულახავი სურვილი, რაც ყველაფერთან ერთად სექსუალური უძლურებით იყო განპირობებული; სტანჯავდა გამუდმებული გაორება – ერთის მხრივ მარტოობისაკენ სწრაფვა და მეორეს მხრივ მარტო დარჩენის შიში. ასევე, გაორებული ქალების მიმართ, მუდამ შეუძლებელ სიყვარულს მიელტვოდა; ასთმით დაავადებული, ახლომხედველი, შეუხედავი და ბავშვობიდან ამის გამო დაკომპლექსებული, ქალებში წარმატებით არ სარგებლობდა. ჭაბუკობაში ცნობილ მოცეკვავე მილისთან გადატანილი ფიასკო ტრაგიკულად განიცადა, მაგრამ მოგვიანებით საბედისწერო აღმოჩნდა კომუნისტი და ანტიფაშისტი ტინასადმი სიყვარული. პავეზემ ყველაფერი იცოდა ტინას შესახებ, ისიც იცოდა, რომ პოლიცია ორივეს აკონტროლებდა, მაგრამ “უფრო ამ ხმაჩახლეჩილი ქალისადმი უზომო სიყვარულმა, ვიდრე პოლიტიკისა”, გაარისკინა ციხეში მყოფი მისი თანამებრძოლის ტინასადმი გამოგზავნილი წერილები თავისი სახლის მისამართზე მიეღო. ეს საკმარისი გახდა, რომ პავეზე ანტიფაშისტად მოენათლათ და სამი წლით პატიმრობა მიესაჯათ. “ამის შესახებ არ მიყვარს ლაპარაკი, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ განვმარტავ, რომ არა ჩემი ანტიფაშისტობის, არამედ ერთი პიროვნების გადასარჩენად გავწირე თავი საციხოდ. საერთოდ არ მაინტერესებდა იმ წერილების პოლიტიკური ხასიათი და არც არასოდეს გამიხსნია ისინი”. ციხიდან შეწყალების თხოვნით, ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და 1936 წელს ტურინში დაბრუნდა, სადგურზე დამხვედრ მეგობარს პირველად ტინას ამბავი ჰკითხა და პასუხზე, გათხოვდაო, იქვე გულწასული დაეცა. ეს ტრავმა წლების განმავლობაში არ განელებია, კიდევ უფრო ჩაიკეტა საკუთარ თავში და კვლავ მოეძალა თვითმკვლელობის სურვილი. “შორს ესთეტიკა, პოზა, შორს ცრუ იმედები. ჩემს ცხოვრებაში თუ ოდესმე რამე მიკეთებია, რომ არ გავბრიყვებულიყავი?! ბრიყვი ვარ და სულელი, ვერ ვისწავლე ცხოვრება, ვერც მორალურად გავიზარდე”. ომის წლებში ჩეზარე პავეზეს არც წინააღმდეგობის მოძრაობაში მიუღია მონაწილეობა და არც ფაშისტების გვერდით უბრძოლია; გაიწვიეს და, “საბედნიეროდ”, ავადმყოფობის გამო დაიწუნეს. ქვეყანაში არსებული ძალადობა სულიერ კრიზისად დააჩნდა და პროტესტი უკიდურესი რელიგიურობით გამოხატა _ “ღვთის საჭიროების გამო” ერთი წლით მონფერატის მონასტერს შეაფარა თავი. მოგვიანებით დღიურში ჩაწერს: “საოცარი, მდიდარი ერთი წელიწადი, რომელიც ღერთთან სიახლოვეს დავყავი; შესაძლოა ეს ერთი წელი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ჩემს ცხოვრაბაში, თუკი რწმენაში განვმტკიცდები”. ომის დამთავრების შემდეგ საშინელმა სინდისის ქენჯნამ შეიპყრო საკუთარი უმოქმედობისა და წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე რამდენიმე მეგობრის დაღუპვის გამო და გადაწყვიტა “უფრო სოციალური გამხდარიყო, ბოლოს და ბოლოს რეალურ ცხოვრებაში ჩაბმულიყო, რომლისგანაც ხშირად გარიყულად გრძნობდა თავს” და ერთ-ერთ კომუნისტ მეგობარს უთხრა: ” როგორც იქნა, მტკიცედ განვსაზღვრე ჩემი პოზიცია, კომუნისტურ პარტიაში შევედი”. მაგრამ სულ რამდენიმე დღის შემდეგ დღიურში ჩაწერს: “ დიდი ძალისხმევა მჭირდება, პოლიტიკა რომ შევიგრძნო”. ორი წელიც არ გასულა, რომ პავეზესა და იტალიის კომპარტიას შორის განხეთქილება ჩამოვარდა. ამის შესახებ პარტიის ისტორიკოსი პაოლო სპირიანო წერს: “ პავეზეს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა პარტიის “კულტურული პოლიტიკის “ მიმართ; წინააღმდეგი იყო ლიტერატურის გაუბრალოების, გახალხურების და ნეორეალიზმის სქემებისა. იგი კატეგორიულად მოითხოვდა პოლიტიკური რწმენისა და იდეოლოგიური ავტონომიის გამიჯვნას”. თვით კომუნისტი მეგობრებიც კი საყვედურობდნენ: “მოეშვი სიყვარულზე წერას, საუკუნის შესაფერ თემებს მიხედეო”. გაუთავებელი პოლემიკის შემდეგ ჩეზარე პავეზე მემარცხენე ქრისტიანული ჟურნალის “კულტურა და რეალობის” თანამშრომლობაზე დათანხმდა. ცხადია, მისი ეს ნაბიჯი არ მოეწონა პარტიას და მის ლიდერს ტოლიატის და მკაცრად გააკრიტიკეს – იგი სამყაროს შეცვლისთვის კი არ არის მოწოდებული, მარქსიზმის შეცვლა უნდაო. ცხოვრების უკანასკნელი სამი წელი პავეზე მწერალსა და პავეზე პიროვნებას შორის მტანჯველი წინააღმდეგობით ხასიათდება. რამდენადაც პროზაიკოსმა საცნაურ შემოქმედებით სიმწიფეს მიაღწია _ ამ სამი წლის მანძლზე საუკეთესო ნაწარმოებები დაწერა: “სახლი ბორცვზე”, “ ეშმაკი ბორცვებზე”, “მხოლოდ ქალებს შორის”, “მთვარე და კოცონი” – როგორც ინტელექტუალმა და პიროვნებამ ღრმა სულიერი კრიზისი, არაერთი პოლიტიკური თავდასხმა და ისევ სასიყვარულო მარცხი განიცადა. ამჯერად ამერიკელი მსახიობი კოსტანს დოულინგი შეუყვარდა, მაგრამ ამანაც უღალატა. მწერალმა ეს მარცხი ვეღარ გადაიტანა. არც “მშვენიერი ზაფხულისათვის” მიღებულმა სტრეგას ლიტერატურულმა პრემიამ გაახარა და მილოცვის პასუხად მეგობარს უთხრა: ” სხვა დროს ჩემი ღირსეულ მწერლად აღიარება გამახარებდა, ახლა არა, ახლა სიმშვიდე მჭირდება სხვა არაფერი, დამთავრდა ყველაფერი”. 1950 წლის 26 აგვისტოს შინ დაბრუნება არ მოისურვა, ტურინის სასტუმრო “რომში” წავიდა, ტელეფონიანი ოთახი მოითხოვა, საღამოს მეგობრებთან რეკვა დაიწყო, ალბათ ეს იყო უკანასკნელი ცდა ცხოვრებასთან კავშირის დამყარებისა, საბედისწეროდ, არავინ უპასუხა. მორე დღეს მისი ცხედარი საწოლზე იპოვეს დიდი დოზის საძილე საშუალება მიეღო. იქვე ეგდო საკუთარი წიგნი “დიალოგები ლეუკოსთან”, რომელიც გამორჩევით უყვარდა, პირველ გვერდზე წარწერით: “ ვპატიობ ყველას და პატიებას ვთხოვ ყველას. დე, ასე იყოს. ბევრი არ იჭორაოთ. ჩეზარე პავეზე”. იგი მხოლოდ 42 წლისა იყო. წინამდებარე მოთხრობა გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულია; პროტაგონისტის სულიერი პორტრეტი საოცრად წააგავს ავტორისას, რომლის მეგობარმა ბარალდიმ მოთხრობის გმირის მეგობარივით პისტოლეტით განიგმირა თავი. ესეც არ იყოს, თავად ავტორი წერდა: ”მწერალს სხვა რამეზე უკეთ საკუთარი გამოცდილების ასხვა უნდა შეეძლოს”