"ნუ ხართ დარდიანები, ნუ ელოდებით მეკვლეს. იცოდეთ, რომ ჩვენი ბედი ჩვენ უნდა ვწეროთ" - დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი

Primetime.ge 2 დღის წინ 4
"ნუ ხართ დარდიანები, ნუ ელოდებით მეკვლეს. იცოდეთ, რომ ჩვენი ბედი ჩვენ უნდა ვწეროთ" - დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი
2 იანვარს ბედობად მივიჩნევთ. გვგონია, რომ რასაც ამ დღეს გავაკეთებთ, ის დაგვებედება. გვჯერა, ვინც ამ დღეს შემოვა სტუმრად, მის "ფეხზე" იქნება ჩვენი ოჯახის ბედი დამოკიდებული. სინამდვილეში, ამას, ქრისტიანობასთან კავშირი არ აქვს. ბედობასთან და ბედისწერასთან დაკავშირებით დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი შემდეგ განმარტებას აკეთებს...დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი: ბევრი ფიქრობს, რომ დღეს ბედობაა. აქ ერთი შეხედვით ისეთი არაფერია. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტიანები ბედისწერას არ ვაღიარებთ. ეს უნდა ვიცოდეთ, რომ წარმართებს არ დავემსგავსოთ. არ უნდა გვეგონოს, რომ ყველაფერი წინასწარ დაწერილია. "რა ვქნა ასეთი ბედი მერგო", "რა ვქნა ჩემი ბედი წინასწარ დაწერილია", "რა ბედნიერია, "რა უბედურია"... გამოდის, რომ ბედის მწერალი უფალია. ზოგს ბედნიერება ჩაუწერა, ზოგს - უბედურება. მაშინ ვინ გამოდის უფალი, სასტიკი ბედის გამგებელი. გარკვეულ ადამიანებს ბედნიერება მიმადლა, გარკვეულთ - უბედურება.  გამოდის, რომ ჩვენზე არაფერია დამოკიდებული. აბა, სად არის ხატება და მსგავსება ღვთისა? ხატება ხომ არის თავისუფალი ნება, გონიერება. ყველაფერი წინასწარ არის ჩვენს ცხოვრებაში განსაზღვრული? ნუთუ ვერ უნდა მივხვდეთ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია და ჩვენი ნებით შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები და ჩვენი ნებით უბედურები. მაცხოვარი ამბობს, ვისაც სურს, რომ შემომიდგეს და უარყოს თავი თვისი, აიღოს ჯვარი და შემომიდგეს მეო. ჯვრის აღება ჩვენი ნების წერაა. არსებობს ღვთის განგებულება. ღვთის განგებულებით გაყიდეს ძმებმა შურით იოსები, იაკობის შვილებმა. ის ეგვიპტეში ჩადის და ხდება დიდი ადამიანი. ებრაელები დიდ ერად იქ იქცევიან. ეს მოხდა ღვთის განგებულებით.არსებობს დაშვება. ამის მაგალითს ვხედავთ იობის ცხოვრებაში. როდესაც ის ბედნიერად ცხოვრობს, ბოროტი ითხოვს მის გამოცდას. ღმერთის დაშვების გარეშე ეშმაკს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ღმერთმა დაუშვა, რომ ბოროტი ზიანს აყენებს იობს. ის კი ახოვანებით გადაიტანს განსაცდელებს. და მესამე - ეს უფლის ნებაა. აბრაამს გამოუცხადა უფალმა, რომ ის ნანატრი შვილი, რომელიც სიბერეში შეეძინა, მას შესწიროს. აბრაამი შვილს, ისააკს მოუღერებს დანას ისე, რომ არც დაფიქრდება. უფალი შეაჩერებს მას. აბრაამს უფლის მეგობარი ეწოდება. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ უბედურია, ის უნებურად ღვთის გმობაშია. უნდა ვიცოდეთ, რომ ბედნიერება უფალთან ურთიერთობაა, მცნებებით ცხოვრებაა. ბედნიერი ხარ, როცა არავისი გშურს, გიყვარს მოყვასი. იცოდეთ, რომ ჩვენი ბედი ჩვენ უნდა ვწეროთ. "სადაც არის ბედი ჩვენი, იქ მიგვიყვანს ფეხი ჩვენი". ბედნიერებას სახარებაში ჰქვია ნეტარება. ცხრა ნეტარება ცხრა საფეხურია. ნახეთ, რას გვპირდება უფალი - "რამეთუ ისინი დაიმკვიდრებენ სასუფეველს ღვთისა". ხორცში ბოლომდე ბედნიერები ვერ ვიქნებით.ნუ ხართ დარდიანები, სევდიანები, ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია. ახალ წელს და მეკვლეს ნუ ელოდებით, ქრისტე განკაცდა. უნდა ვიყოთ მისი ერთგული სულიერი შვილები. იყავით ბედნიერი ადამიანები. ბედნიერება არსებული მდგომარეობის მადლიერებაა. ბედნიერი უნდა იყოთ იმ მდგომარეობაში, რაშიც იმყოფებით და ღმერთი მეტად გაგაბედნიერებთ.მრავალი შობა ახალი წელი გაგითენოთ ღმერთმა. 
სრულად წაიკითხეთ სტატია