ნოშიკო ნამორაძე: ჩვენი დამფუძნებელი იყო, არის და იქნება მყარ, საკუთარ პოზიციაზე, რომელსაც ვერანაირი სანქცია, დაშინება თუ სხვა ბერკეტი ვერ შეაცვლევინებს

News.ge 18 საათი წინ 8
ნოშიკო ნამორაძე: ჩვენი დამფუძნებელი იყო, არის და იქნება მყარ, საკუთარ პოზიციაზე, რომელსაც ვერანაირი სანქცია, დაშინება თუ სხვა ბერკეტი ვერ შეაცვლევინებს

“ჩვენი დამფუძნებელი იყო, არის და იქნება მყარ, საკუთარ პოზიციაზე, რომელსაც ვერანაირი სანქცია, დაშინება თუ სხვა ბერკეტი ვერ შეაცვლევინებს”, – ასე პასუხობენ დეველოპერულ კომპანია VR Holding-ში ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის, შესაძლო, სანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ამასთან, კომპანიაში ვერ ხვდებიან თუ რატომ შეიძლება ყოფილიყო მათი კომპანიის დამფუძნებელი, -ის კონგრესმენთა მიერ მომავალი სახელმწიფო მდივნისთვის, მარკო რუბიოსთვის საქართველოში დასასანქცირებელი პირების შესახებ გაგზავნილ სიაში.

აღნიშნული სია გასული კვირის ბოლოს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა და მასში ძირითადად “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

VR Holding-ში BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადეს, რომ კომპანიას ნოშიკო ნამორაძის მიმართ სრული ნდობა გააჩნია.

“დავიწყოთ იქიდან, რომ საერთოდ ვერ ვხვდებით, რატომ არის დასასანქცირებელ ადამიანთა სიაში ან რა კავშირშია ყოველივე ამასთან ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი ნოშიკო ნამორაძე. თუმცა გასაგებია, მათი ხელწერაა, დემოკრატიის სახელით უნდათ, რომ დასაჯონ ადამიანი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, რაც ჩვენთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია. ისინი აგრძელებენ იგივე მეთოდებით მუშაობას, როგორც 2012 წლამდე მუშაობდნენ.

მეორე – VR Holding-ს გააჩნია სრული ნდობა ნოშიკო ნამორაძისადმი და არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ, შესაძლოა, მის წინააღმდეგ განახორციელოს, რაიმე ქმედება, თუნდაც სანქცია. და ბოლოს, ჩვენი დამფუძნებელი იყო, არის და იქნება მყარ, საკუთარ პოზიციაზე, რომელსაც ვერანაირი სანქცია, დაშინება თუ სხვა ბერკეტი ვერ შეაცვლევინებს. 2008 წელს არ დაშინებულა და ახლა ხომ საერთოდ, სასაცილოა ამაზე საუბარი”, – ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილ პასუხში.

სრულად წაიკითხეთ სტატია