
“ჩემთვის დიდი პატივია და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ვიყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. ამ ნდობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ლიდერებსა და ჩვენს დიდ პოლიტიკურ ოჯახს.
“ქართული ოცნება” ყოველთვის ეფუძნებოდა ეროვნული ინტერესების დაცვას, რაც ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ეროვნულობა ჩვენთვის ნიშნავს თვითმყოფადობის, ისტორიული ღირებულებებისა და ქართული სახელმწიფოს შენარჩუნებას – მტკიცედ და უპირობოდ.
ირაკლი კობახიძის ლიდერობით, რომელიც ღირსეულად ემსახურება პარტიას ახლადარჩეული თავმჯდომარის პოზიციაზე, უკიდურესად დაძაბულ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს არის ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი – ომებისა და არეულობის გარეშე ცხოვრება, რაც განვითარების ფუნდამენტია. ჩვენ გვეყო გონიერება, რომ საგარეო და შიდა გამოწვევებს მშვიდობით ვუპასუხოთ – სწორედ ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება.
ამავდროულად, ეკონომიკური წინსვლა და ხალხის კეთილდღეობა ჩვენი პოლიტიკის ცენტრალური ამოცანაა. ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანი არის მთავარი საზრუნავი, ხოლო, სამშობლო, ღირსება და სარწმუნოება ჩვენი ქმედებების უტყუარი კომპასი.
ჩემთვის პატივია ვემსახურო ჩვენს სამშობლოსა და ხალხს!” – წერს ნინო წილოსანი.