ნინო ბურჭულაძე: „დმანისის ციტადელის სათვალთვალო კოშკს ვკარგავთ"

Primetime.ge 3 საათი წინ 3
ნინო ბურჭულაძე: „დმანისის ციტადელის სათვალთვალო კოშკს ვკარგავთ"
„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისათვის" განცხადებას ავრცელებს:„გვინდა შეშფოთება გამოვხატოთ დმანისის ციტადელზე მიმდინარე პროცესების გამო. დმანისის ნაქალაქარი, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს, წლების განმავლობაში ასევე ერთ-ერთ ყველაზე მოუვლელ ძეგლად რჩება“,- ამის შესახებ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისათვის" ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე აცხადებს და ყველა შესაბამის ორგანიზაციას თუ პასუხისმგებელ პირს აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირებისაკენ მოუწოდებს.  როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად ყოველწლიური დაპირებებისა რომ დმანისის ნაქალაქარის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებისთვის (რაც ასევე ძეგლის შესაბამის მოვლა-პატრონობასაც გულისხმობს) ქმედითი ღონისძიებები განხორციელდებოდა, დღემდე შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგმულა. ამასობაში კი ნაქალაქარის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება.„განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დმანისის ციტადელზე, სადაც ქვის ჩამოშლა უკვე შეუქცევადი პროცესი გახდა. სრულად ჩამოშლის საფრთხე ემუქრება შიდა ციხის ბურჯში მოწყობილ სათვალთვალო კოშკს, რომელიც ისე არის დაზიანებული რომ ფაქტობრივად იშლება. საკონსერვაციო ფენა მოშლილია შიდა ციხის პირველ კოშკზეც (ციხის უმაღლესი წერტილი) რის გამოც წყალი წლების განმავლობაში პირდაპირ კედლებში ჩაედინება და მის დახეთქვა-გაბზარვას იწვევს.მიუხედავად იმისა რომ ზაფხულის პერიოდში დმანისის ციტადელი დამთვალიერებლების ნაკლებობას არ განიცდის , განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის.ციხის მაღალ ნაწილებში დღემდე არ არის დამონტაჟებული უსაფრთხოების მოაჯირები, რამაც ძეგლის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადაადგილება უნდა უზრუნველყოს“, - ნათქვამია „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ განცხადებაში. როგორც ნინო ბურჭულაძე განმარტავს, ქვის ჩამოშლის პროცესი დმანისის ციტადელზე, სამწუხაროდ გუშინ და დღეს არ დაწყებულა და ამის შესახებ ყველა შესაბამისმა სამსახურმა კარგად იცის. თუმცა „ დმანისის კედლები მყარია“-განწყობით, ძეგლისთვის დღემდე ვერავინ მოიცალა. „გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ კულტურის სამინისტროს, ეროვნულ მუზეუმს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, დროულად მოხდეს სპეციალისტების მიერ ბურჯის სათვალთვალო კოშკის რისკების შეფასება გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოების დაწყების მიზნით.წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ქვის ჩამოშლის პროცესი მომიჯნავე კედლებზეც გავრცელდეს და კიდევ უფრო დაამძიმოს ციტადელის მდგომარეობა." - განაცხადა ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისათვის" ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია