
დღეს, დიდი მხატვრის, ვახტანგ რურუას დაბადების დღეს. News.ge უცვლელად გთავაზობთ ლიტერატურათმცოდნის, ჟურნალისტის ქეთი ქურდოვანიძის ინტერვიუს, რომელიც მან ნიკა რურუასთან ჩაწერა, მამის, ვახტანგ რურუას გარდაცვალების შემდეგ.
“სინათლის ცოდნა აუცილებელია”
ინტერვიუ ნიკა რურუასთან
ზანდუკელის ქუჩაზე ერთ პატარა ლამაზ ეზოში ცხოვრობდა ადამიანი, რომელმაც არა მარტო დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარებაში, არამედ საკუთარ სახლში შექმნა თანამედროვე ხელოვნების დიდი ინტერპრეტაციის სამყარო. ვახტანგ რურუა, ფიროსმანის პრემიის ლაურეატი, ფერმწერი და გრაფიკოსი, კინომხატვარი და სკულპტორი, ჰერალდისტი და დიზაინერი კულტუროლოგი და ხელოვნებათმცოდნე – უსასრულოდ გაგრძელდება ეს ჩამონათვალი, რადგან ასეთივე უსასრულოა დიდი ქართველი შემოქმედის შესაძლებლობებიც. რაც მოასწრო, გააკეთა, დანარჩენი კი ჩვენ მოგვანდო, ჩვენს გემოვნებასა და ემოციას, ცოდნასა და ინტელექტს. და როგორც სჩვეოდა, დაელოდა დროს, რომელსაც სიცოცხლეში მეტისმეტად გაუსწრო, უკან მოიტოვა; ყველაზე ტირანულ ეპოქაშიც კი დარჩა თავისუფალ ადამიანად, შექმნა ის, რაც სურდა და არა ის – რასაც უკარნახებდნენ; გაემიჯნა კონფორმიზმს და დაამსხვრია სტერეოტიპები, ცხოვრობდა იუმორითა და აღმოჩენებით, უყვარდა ადამიანები და ეცოდებოდა კონიუნქტურის მსახურნი, აღმერთებდა ფიროსმანს და მოსწონდა გაუდი, ქმნიდა ქართულ შრიფტებს, ჰერალდიკას და, იმავდროულად, აკეთებდა პოპარტებს საკერავი მანქანებისა და ძველი ნივთებისგან, აგროვებდა ქართული იარაღის კოლექციას და ბუხარში ყრიდა თავისსავე დაწუნებულ ნახატებს. იყო ფილმების მხატვარი და თავადაც მონაწილეობდა მათში.
მაგრამ ეს არ არის მთავარი. გაცილებით მნიშვნელოვანი სხვაა: ამ ამოუცნობ ხელოვანს არ აკმაყოფილებდა დიდ შეკითხვებზე გაცემული პატარ-პატარა პასუხები, ამიტომაც თავის შემოქმედებით ლაბორატორიაში ყოველდღიური მოღვაწეობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კრიზისული კულტურის ეპოქაშიც კი შეიძლება, სძლიო “საერთო ლოცვის” ფენომენს.
ჩვენ შევეცადეთ, მისი ოჯახის წევრების დახმარებით გაგვეხსენებინა ვახტანგ რურუას განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები, წარმოგვეჩინა მისი პიროვნული და შემოქმედებითი ღირსება და საზოგადოებისთვის შეგვეხსენებინა მისივე სიტყვები, რომ “სინათლის ცოდნა აუცილებელია”.
ნიკა რურუა
“არ ვიცი, ხელოვანის შეფასებისას, რამდენად გიშლის ხელს ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი შენი მშობელია, მაგრამ, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მაინც ვიტყვი: ვახტანგ რურუა არტისტი იყო, თავადაც ასე უწოდებდა საკუთარ თავს და არ უყვარდა თავისი თავის ერთ რომელიმე ჩარჩოში მოქცევა. მისთვის ბევრჯერ უთქვამთ, რომ ის ძალიან კარგი გრაფიკოსი, შესანიშნავი ფერმწერი ან კინომხატვარია, რაზეც მამაჩემი სერიოზულად ბრაზდებოდა და მეხოტბეს პასუხობდა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ არტისტია. მართლაც ასეა, ამ ტერმინის კონოტაცია ნამდვილად გამოხატავს მისი საქმიანობის მასშტაბებს, რადგან ის იწყება არქიტექტურითა და მთავრდება შრიფტითა და ქანდაკებით.
სიკვდილის წინა რამდენიმე ქანდაკება შექმნა, რომლებიც ჯერ არავის უნახავს. მაისში, მისი გარდაცვალების წლისთავზე, დიდი გამოფენის გახსნას ვგეგმავთ, სადაც ვახოს ნამუშევრები პირველად შეიკრიბება და მაყურებლის წინაშე წარდგება. ამ ხელოვანის შემოქმედებითი მრავალფეროვნება, წესით, საინტერესო იქნება მნახველისთვის. გამოფენაზე წარმოვადგენთ მის მთელ სამხატვრო ხელოვნებას: ფერწერას, გრაფიკას, პოპარტს, ჭედურობას, კინოესკიზებსა და კადრირების ნიმუშებს, ჰერალდიკას, შრიფტებსა და მის მიერ გაფორმებულ წიგნებს; ასევე, ქართულ სამხედრო ფურნიტურას. ბევრმა არც კი იცის, რომ მთელი სამხედრო სიმბოლიკა, უწყებრივი მედლები, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გერბები ვახტანგ რურუას გაკეთებულია.
ამხელა მასალის თავმოყრა არ არის ადვილი საქმე. მისი არტისტული მემკვიდრეობა გაფანტულია ბევრ ოჯახსა და კოლექციაში: ნაწილი – სახელმწიფო დაწესებულებებში, ნაწილი კი მის მეგობრებთან ინახება. ის ნახატებს არ ყიდდა, მაგრამ სიამოვნებით სჩუქნიდა ადამიანებს, როდესაც ამას სთხოვდნენ. გამოფენის კურატორი ირინე პოპიაშვილი იქნება და მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით წარმატებით გავართმევთ თავს ამ რთულ საქმეს. ძნელია, 2 ან 3 დარბაზში ხელოვანის მთელი ცხოვრების მოთავსება, მაგრამ, აუცილებელია, ბოლომდე წარმოაჩინო ადამიანი, რომელსაც თან იცნობდნენ და თან არც იცნობდნენ. ცოცხალი რომ იყოს, დამერწმუნეთ, ამის უფლებას არ მოგვცემდა, ახლა კი ვსარგებლობ შვილობის პრივილეგიით, რადგან მიმაჩნია, რომ ვახტანგ რურუა არ ეკუთვნის მხოლოდ საკუთარ ოჯახს, ის მუშაობდა ყველასთვის და, შესაბამისად, ყველას კუთვნილებაა.
ეს ადამიანი არასდროს ყოფილა დაკავებული საკუთარი თავის პოპულარიზაციით. ის ემიჯნებოდა, მეტიც, კონფლიქტში იყო ყოველივე საბჭოურთან. ამ სისტემას შეგნებული ცხოვრების განმავლობაში მთელი არსებით ეწინააღმდეგებოდა. ალბათ, სწორედ ამის ბრალია, რომ მას არ უყვარდა ე.წ. საჯაროობა. არასდროს ყოფილა რომელიმე შემოქმედებითი გაერთიანების წევრი, არ მიუღია საბჭოთა ჯილდოები, არ უსარგებლია ინტელიგენციისთვის დაწესებული პრივილეგიებით და არასდროს წასულა საბჭოთა წყობასთან რაიმე ტიპის გარიგებაზე, რადგან თავისი ბუნებით ნამდვილი დისიდენტი იყო და არა მარტო შინაგანი ბუნებით. მახსოვს ჩვენს სახლში გაზეთებში გახვეული, საგანგებოდ გადამალული დისიდენტური ლიტერატურა. დღესაც ყურში ჩამესმის ამერიკის ხმის ჩამხშობნარევი ბგერები. მაშინ პატარა ვიყავი და მამაჩემის სიახლოვეს მეძინა, ვხედავდი, როგორ უსმენდა ყოველ ღამე “ამერიკის ხმასა” და რადიო “თავისუფლებას”. მაგონდება საუბარი, რომელიც, ძირითადად, ბოროტების იმპერიის ნგრევას ეხებოდა. ჯერ კიდევ 70-იან წლებში მამაჩემი ხშირად იმეორებდა, რომ საბჭოთა კავშირი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაინგრევა, ამაზე მისი რამდენიმე ფუნქციონერი ამხანაგი კი დარწმუნებით პასუხობდა, რომ ასეთი აზროვნება დონ კიხოტობაა. მაგრამ გავიდა დრო და მისი სიტყვები ახდა.
მამაჩემი მრავალფეროვანი არტისტი იყო და ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა. მას არ ჰქონია გამოფენები. ეს მისი შეგნებული არჩევანი იყო. ერთხელ რაღაც თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ სანაცვლოდ პარტიაში გაწევრიანება მოსთხოვეს. მახსოვს, სიცილით მოკვდა და მერე ამ ფაქტს, როგორც კურიოზს, ისე იხსენებდა: დავცინე ყველას და წამოვედიო. მოკლედ რომ ვთქვათ, თავის რეზიუმეზე არასდროს უზრუნია. სულ რაღაცას იკვლევდა, ახალ გამოცდილებას იძენდა. რაღაც პერიოდში წიგნების გაფორმება მოუნდა, შემდეგ ამ გატაცებამ იმდენად ინტენსიური ხასიათი მიიღო, რომ თავისი გაფორმებული ასზე მეტი წიგნი დაგვიტოვა, მაგალითად, გურამ დოჩანაშვილის მთელი შემოქმედება, ასევე, ნუგზარ შატაიძის, პაატა ნაცვლიშვილის, გურამ ასათიანის, გურამ რჩეულიშვილის, ბაჩანა ბრეგვაძის ავტორობით დასტამბული წიგნები. ზვიად გამსახურდიას პირველი წიგნიც “საქართველოს სულიერი მისსია” მისი გაფორმებულია. ჩვენი ოჯახის ბიბლიოთეკაში ინახება ეს წიგნიც ზვიადის ავტოგრაფით, რაც უკვე ისტორიული რელიქვიაა, რადგან არც ერთია ცოცხალი და აღარც მეორე. მახსოვს მერაბ კოსტავასთან მამაჩემის ურთიერთობა, ისინი ბოლომდე მეგობრობდნენ. ძალიან გულშემატკივრობდა, როდესაც მერაბი დაპატიმრებული იყო. მოგვიანებით, გარკვეული პერიოდი, ისინი “სკოლა და ცხოვრების” რედაქციაში ერთადაც მუშაობდნენ.
ეს სახლი, რომელიც ყველა სტუმარს ასე ძალიან მოსწონს, გასული საუკუნის დასაწყისში მამაჩემის ბაბუამ იყიდა. ეს კაცი, მამაჩემის გამზრდელი ბებიის, ელენე ბეთანელის ქმარი, გიორგი ჩიკაშვილი, 1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყების ხელშეწყობისთვის დახვრიტეს ე.წ. “სამეულის” გადაწყვეტილებით. როდესაც მე და ჩემი მეგობრები – ხათუნა ოჩიაური და დათო ცხადაძე – ოკუპაციის მუზეუმს ვაკეთებდით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში მისი დახვრეტის ორდერი ვიპოვეთ, რომელსაც ხელს სამი კაცი, მათ შორის, ლავრენტი ბერიაც აწერს. ბუნებრივია, ეს სახლი მაშინვე ჩამოართვეს რეპრესირებულ ოჯახს და მხოლოდ ერთი ძალიან პატარა ოთახი დაუტოვეს, სადაც გაიზარდნენ ბებიაჩემი, მისი დები და მოგვიანებით – მამაჩემიც. ისე მოხდა, რომ თანდათან მთელი სახლი ისევ ჩვენ დაგვიბრუნდა. ეს სახლი მამაჩემს ძალიან უყვარდა, მე და ჩემს ძმასაც გამორჩეულად გვიყვარს აქაურობა. ეს ის ადგილია, სადაც ბევრი თაობა ერთმანეთს ხვდებოდა, სადაც შეიქმნა მამაჩემის ნამუშევრების უმრავლესობა და რომელიც რამდენიმე ფილმშია გადაღებული. ერთ-ერთი ოთარ იოსელიანის “იყო შაშვი მგალობელია”: მოპირდაპირე ფანჯრებიდან გადაღებულია ჩვენი სახლი, სადაც მამაჩემი მაგიდასთან ზის და ხატავს, გვერდით პატარა ბიჭი და ქალი უსხედან, ეს მე და დედაჩემი ვართ.
ვერა, ეს ისტორიულ უბანი, ასევე, ძალიან უყვარდა ვახტანგ რურუას და ამბობდა, რომ ის თბილისის განუყოფელი ნაწილია. ძალიან ნერვიულობდა, როდესაც დიდ კორპუსებს დგამდნენ ისეთ ქუჩებზე, როგორებიცაა თარხნიშვილი, ბარნოვის ქუჩის დასაწყისი, გოგებაშვილი. ამბობდა, რომ ველური განაშენიანება მხოლოდ ქუჩას კი არ ამახინჯებს, არამედ მთლიანად ქალაქს აფუჭებს და ფასს უკარგავს, რაც დანაშაულია. ძალიან უყვარდა ეს უბანი, მიაჩნდა, რომ აქ მრავალი თაობა გაიზარდა, რომელმაც ქართულ სახელმწიფოს, ქართულ შეგნებას ბევრი ღირებული შესძინა. იგი ვერას ხშირად ხატავდა, ევროპული თბილისის ქუჩებს. არ უყვარდა კინტოებისა და ყარაჩოხელების თბილისთან ასოცირება. მათ საბჭოთა კულტურის მიერ თავსმოხვეულ სიმბოლოებად და ეგზოტიკურ ელემენტებად მიიჩნევდა, მახსოვს, თავისი ავადმყოფობის ამბავი რომ შეიტყო, ხუმრობდა: არ გამაგონოთ დიდუბის პანთეონი, ჩემი მთაწმინდა ვერის სასაფლაოაო. სურვილი ავუსრულეთ. ის ვერის სასაფლაოზეა დაკრძალული.
ბოლოს, ისევ გამოფენას დავუბრუნდები. მინდა, რომ თანამედროვე გამოფენა გამოვიდეს, ისეთი, როგორიც თავად ვახტანგ რურუა იყო, რომელსაც წარსული უყვარდა და პატივს სცემდა, მაგრამ მუდმივად ახალს ეძებდა, იკვლევდა და პოულობდა.
გიორგი რურუა
“როდესაც მამა ავად გახდა. მის სამუშაო ოთახში კამერა დავდგი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში იწერდა, როგორ მუშაობდა ვახო, ვინ სტუმრობდა მას, რას ჰყვებოდა, რა სურვილები ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, ჯერ ეს მასალა არ მინახავს, ემოციურად მიჭირს მისი დამუშავება, მაგრამ გამოფენა ახლოვდება და ამიტომ მისი დალაგება აუცილებლად მომიწევს.
მამას სახელოსნოში უნიკალური ნივთებია, რომლებსაც თავიანთი ისტორია აქვთ. ის თავის ნამუშევრებში ხშირად იყენებდა ძველ ნივთებს. ბოლო ქანდაკება, რომელიც მეგობარსა და კოლეგას – დილბოს, მხატვარ ალბერტ დილბარიანს, მიუძღვნა, ძველ საკერავ მანქანაზე შემოსვა. საკერავ მანქანას ვხვდებით მის სხვა ნამუშევრებშიც. ძველ ნივთებს მშრალ ხიდსა და ნავთლუღის ბაზრობაზე ყიდულობდა, მეც თან დავყავდი და ასე შემაყვარა მათთან ურთიერთობა.
სახელოსნო თვითონ მოაწყო. ეს არ არის ერთ დღეში მოფიქრებული და დალაგებული ოთახი. ყველაფერი დროთა განმავლობაში იქმნებოდა. სახელოსნოს ექსპოზიციას თანდათან ემატებოდა მამას ნამუშევრები, ახალი ნივთები და ფოტოები. მაგალითად, თავისი ბებიას კარადის კარის დეტალით მან წიგნის გვერდის, თავფურცლის აგების ექსპოზიცია შექმნა. ამ ნამუშევარს თერთმეტი წელი უტრიალებდა, დროდადრო უბრუნდებოდა. არ ვიცი, საბოლოოდ, დაამთავრა თუ – არა. კედელზე ოჯახის ძველი ფოტო დაკიდა, ერთ კუთხეში სახატავი და სახაზავი ხელსაწყოები გამოფინა.
მის სახელოსნოშია ლაშა-გიორგისა და კოლაუ ნადირაძის ქანდაკებები. ამ უკანასკნელს იცნობდა კიდეც და მის უკომპრომისობას ძალიან აფასებდა. რამდენიმე ნამუშევრის დამთავრება ვერ მოასწრო. დაიწყო საგვარეულო გერბის ხატვა, მაგრამ ვერ დაასრულა. სულ მუშაობდა, სულ რაღაც ახალი იდეა ჰქონდა, მაგრამ დრო არ ეყო ყველა ჩანაფიქრის განსახორციელებლად.
ქეთევან ძაძამია
(მეუღლე)
ჩვენს სახლში ისეთივე მრავალფეროვნებაა, როგორი მრავალმხრივიც თავად ვახო იყო. კედლებზე სულ მისი ნახატები კიდია, თუ არ ჩავთვლით ავთო ვარაზის ფერწერულ პორტრეტს. ავთო ვახოს უახლოესი მეგობარი იყო, მასთან ერთად გიორგი შენგელაიას ფილმ “ფიროსმანიზე” იმუშავა. ასევე, მეგობრობდა გურამ დოჩანაშვილთანაც, მისი პორტრეტიც დახატა. შექმნა კახა ბენდუქიძის მამის, ქართველი მეცნიერის, ავთანდილ ბენდუქიძის ორიგინალური პორტრეტი, რომელსაც პირადად იცნობდა და ძალიან აფასებდა. ჩემი აზრით, გამორჩეულია ნიკუშას პორტრეტი. გიორგიც დახატა, ოღონდ ჩემთან ერთად.
აღნიშვნის ღირსია ვახტანგის 1970-იანი წლების გრაფიკაც. ეს ნამუშევრები სრულიად განსხვავდება საბჭოთა ეპოქის მხატვრობისგან. აქვეა მისი ფერწერული ტილოები, პოპარტები და მისივე ხელით გაკეთებული თოჯინების თეატრი, რომელიც საგანგებოდ შვილიშვილებისთვის დაამზადა ბებიას ნაქონი მაგიდისგან. სწორედ ამ მაგიდაზე ისწავლა ვახომ წერაც, ხატვაც და მუშაობაც.
ახალგაზრდობიდანვე ვახომ ძველი საბრძოლო იარაღის: ხმლების, დაშნების, დამბაჩების შეგროვება დაიწყო, ჯაჭვის პერანგიც კი მოიტანა თავისი კოლექციისთვის. შემდეგ გიორგიც ყიდულობდა და ასე შეივსო ერთი კედელი უნიკალური ნივთებით.
მისი სიკვდილის შემდეგ ერთმა მეგობარმა ვახოს ბავშვობის დროინდელი ნახატები მომიტანა, ისინი ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია, ისე, როგორც ეს გამხმარი მიხაკები, ქორწილის დღეს რომ მომართვა. ერთი ვახოს გავატანე. ვერაფრით შევეჩვიე მის გარეშე ცხოვრებას, მაგრამ იმდენი რამ შექმნა და დაგვიტოვა, რომ ყოველდღიურად ვგრძნობ მის თანადგომას.
როდესაც ამ პუბლიკაციას ვამზადებდი, უამრავმა ადამიანმა მთხოვა, მათთვისაც მიმეცა პრესის ფურცლებიდან ვახტანგ რურუას გახსენების საშუალება. მათი თხოვნა ვერ შევასრულე, რადგან ამას მთელი წილის ჟურნალის ნომრებიც კი ვერ დაიტევდა, ამიტომ ოჯახის წევრებით შემოვიფარგლე, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი, მკითხველს კი შევახსენებ, რომ თუ მართლა გსურთ, სრულყოფილად აღიქვათ ვახტანგ რურუას შემოქმედება, განიცადოთ და შეიგრძნოთ ნამდვილი ხელოვნება, აუცილებლად მოინახულეთ მისი გამოფენა, რომელსაც პირველად ჩვენი ჟურნალი აანონსებს. მაშ ასე, შევხვდებით მაისში იმ საგამოფენო დარბაზში, სადაც ეს არტისტი გვიმასპინძლებს.
ჟურნალი ტერიტორეფი „ვერა“