2021 წელს ბრიტანულმა კომპანია Engineered Arts-მა ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა, რომელსაც სახის რეალისტური გამომეტყველებები გამოარჩევს. მას Ameca ჰქვია, რომელმაც თავისი ექსპრესიულობით მსოფლიოში სახელი უკვე გაითქვა. ახლა სპეციალისტებმა მისნაირი კიდევ ერთი მოწყობილობა გაგვაცნეს, რომელსაც Azi ეწოდება.
კომპანიამ YouTube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ჰუმანოიდი რობოტების კომუნიკაციას გვიჩვენებს. ვინაიდან ორივე მოდელს ადამიანებისთვის დამახასიათებელი მიმიკების გამეორება შეუძლია, მათი საუბარი საინტერესო სანახავი და მოსასმენია. თითოეული მათგანი ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი, რაც დიალოგის წარმართვის საშუალებას იძლევა. კერძოდ, ეს ენობრივ მოდელ GPT-4o-ს დამსახურებაა.
ამის მიუხედავად, ახალი სადემონსტრაციო ვიდეოს მიზანი არა ჰუმანოიდი რობოტების საუბრის, არამედ მათი ექსპრესიული შესაძლებლობების წარმოჩენაა. ასეთი მოქნილობა 32 ამძრავი მექანიზმის დამსახურებაა, რომელთაგანაც 5 კისრის მიმდებარედ გვხვდება, 27 კი სახის მიდამოშია. აქედან 12 ტუჩების მოძრაობას უზრუნველყოფს, 2 ყბების, 4 თვალის კაკლების, 4 ქუთუთოების, 4 წარბების, 1 კი — ცხვირის.
ვიდეოში ჩანს, როგორ აღვიძებს Azi მეგობარს, რითაც Ameca უკმაყოფილოა. შემდეგ Azi მას ეუბნება, რომ სიურპრიზი აქვს, კერძოდ ორცხობილა. ამაზე Ameca ისევ უკმაყოფილო სახით პასუხობს, რომ ორცხობილების ჭამა არ შეუძლია, Azi კი ეუბნება, რომ ინტერნეტ cookie-ს (cookie ორცხობილას ნიშნავს) გულისხმობდა, ანუ ვებსერვერების მონაცემთა ფაილებს. Ameca ამ მართლაც ცუდ ხუმრობაზე ექსპრესიული გამომეტყველებით რეაგირებს, თუმცა წარუმატებლობის გამო მისი მეგობარიც საკმაოდ იმედგაცრუებული ჩანს.
Engineered Arts-ში ამბობენ, რომ რობოტების დანიშნულება გართობას, კომუნიკაციასა და განათლებას უკავშირდება. Ameca სხვადასხვა ღონისძიებაზე უკვე აქტიურად გამოიყენება ისევე, როგორც კომპანიის სხვა მსგავსი მოწყობილობები, რომლებიც ქირავდება. ისინი იყიდება კიდეც, თუმცა ზუსტი ღირებულება უცნობია.
Engineered Arts-ში აცხადებენ, რომ თავიანთი რობოტების სამხედრო მიზნებით გარდაქმნას არ აპირებენ. აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს მოწყობილობები სრულიად უსაფრთხოა და ისეა შექმნილი, რომ შემთხვევით რომ დაგვეჯახოს, არც კი გვეტკინება.