
“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია:
ვიცით, რომ წარმატებული ქართველი ინჟინრები ყველაზე კონცენტრირებულად სილიკონის ველზე არიან. ტექნოლოგიური განვითარება რომ უნდა, ის სახელმწიფო თვეში ერთხელ უნდა ხვდებოდეს ამ ხალხს და რჩევებს იღებდეს. 10 თვეა, ერთი დიდი ღონისძიება არ ჩაუტარებია სან ფრანცისკოში საქართველოს საკონსულოს. ჩუმად ხვდება ხოლმე 7-8 კაცს. ვერ ჩაატარებს დიდ ღონისძიებას – უმეტესობა ოპოზიციურად ვართ განწყობილი და მოუწევს პასუხების გაცემა საჯაროდ. ახალი ელჩი დაგვინიშნეს – ერთი საჯარო შეხვედრა არ უნდა მოაწყოს ხალხთან, ვინც ასეთი ძვირადღირებული ცოდნა და გამოცდილება აქვს?
რა ჰქვია მთავრობას, რომელიც ამხელა რესურსს ვერ იყენებს? და უფრო მეტიც, რა ჰქვია მთავრობას, რომელსაც საკუთარ დიასპორასთან შეხვედრის ეშინია?
2024 წელს აშშ-დან საქართველოში 576 მილიონი დოლარი შემოვიდა – ეს ოფიციალურად. 576 მილიონი დოლარი არის მილიარდნახევარი ლარი, ანუ ბიუჯეტის 5%. საქსტატი გვეუბნება, რომ 2024 წელს საშუალო ხელფასი 2000 ლარი იყო. ანუ აშშ-ში მყოფი ემიგრანტები 65000 ადამიანს ვუხდით საშუალო ხელფასს. შეგახსენებთ, რომ წელიწადში ამის მესამედი – 500 მილიონი ლარი გვჭირდება, რომ ყველა ბავშვს საჯარო სკოლაში უფასოდ ვაჭამოთ და უკვე მერამდენე წელია, ამ ფულს ვერ ვშოულობთ.
ამ ქვეყანაში არიან საუკეთესო ქართველი ექიმები, ფიზიკოსები, ბიოლოგები და ბიზნესმენები. თქვას რომელიმემ, როდესმე მიმართა საქართველოს მთავრობამ რჩევებისთვის? თქვას რომელიმემ, საქართველოს საელჩოსთან რამდენი საქმიანი შეხება ჰქონიათ? ერთი ჩვენი საკონსულო სან ფრანცისკოში ცდილობდა ამ მიმართულებით განვითარებას, განსაკუთრებით შარშან, როცა ახალი კონსული მოვიდა და ისინიც გაჩერდნენ, ათიოდე ადამიანთან ურთიერთობენ. იმიტომ, რომ დანარჩენებს პასუხს ვერ გვცემენ მთავრობის ანტიდასავლურ ქმედებებზე.