მწერალთა სახლის თანამშრომლების ნაწილი: ვგმობთ მოქალაქეებისა და მათ შორის, ზვიად რატიანის დაპატიმრებას

News.ge 3 კვირის წინ 37
მწერალთა სახლის თანამშრომლების ნაწილი: ვგმობთ მოქალაქეებისა და მათ შორის, ზვიად რატიანის დაპატიმრებას

მწერალთა სახლის თანამშრომლების ერთი ნაწილი განცხადებას ავრცელებს:

„თავისი საუკუნოვანი არსებობის განმავლობაში ბევრი რამ ახსოვს მწერალთა სახლს – მწერლების დასმენა, დაპატიმრება, დახვრეტა იშვიათობა არ იყო გასული საუკუნის პირველ ნახევარში.

საბჭოთა მემკვიდრეობის შემდეგ მწერალთა სახლმა შეძლო და ჩამოყალიბდა ისეთ ადგილად, რომელიც ღია იყო ყველასთვის. მწერალთა სახლი ბოლო ათწლეულის მანძილზე ყოველთვის მკაფიოდ გამოხატავდა თავის პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მწერალთა სახლი უპირველესად მწერალთა უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვას უნდა უწყობდეს ხელს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამ შეცვალა, რის გამოც მწერალთა სახლს ბოიკოტი გამოუცხადეს მწერლების, გამომცემლებისა და მთარგმნელების დიდმა ნაწილმა.

დღეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი – ევროპულ ოჯახში დაბრუნება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არსებულმა რეჟიმმა, მწერალთა სახლის უპირველესი მოვალეობა, ლიტერატურული შეხვედრებსა და კონკურსებზე მეტად, მკაფიო პოზიციის გამოხატვაა.

გუშინდელ მშვიდობიან აქციაზე დაარბიეს ჟურნალისტები, ჩვენი მოქალაქეები, დაპატიმრებულია ათობით მშვიდობიანი დემონსტრანტი, მათ შორისაა პოეტი, ზვიად რატიანი.

იმის გამო რომ მწერალთა სახლმა არ გააკეთა არანაირი განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენ მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას: საქართველოს ევროპული მომავალი არის შეუქცევადი და კონსტიტუციით განსაზღვრული, მისი დარღვევა სახელმწიფოებრივი დანაშაულია და მიმართულია ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ პროცესის შეჩერება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს თავის გზას ევროპისკენ. ვგმობთ გუშინდელ მშვიდობიან აქციაზე მოქალაქეებისა და მათ შორის, ზვიად რატიანის დაპატიმრებას და მოვითხოვთ გათავისუფლდნენ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ლელა შუბითიძე, ირინე ჭოღოშვილი, ვასო გულეური, ნანა ნიბლაძე, მაგდა ცოცხალაშვილი.

სრულად წაიკითხეთ სტატია