მტკვარზე გემით გასეირნება უკვე შესაძლებელია. ,,დელფინმა“ პირველი ცურვა შეასრულა

News.ge 1 დღე წინ 7
მტკვარზე გემით გასეირნება უკვე შესაძლებელია. ,,დელფინმა“ პირველი ცურვა შეასრულა

,,დელფინი“ ასე ეწოდება გემს, რომელიც დღეიდან როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს მოემსახურება. ინიციატივა რესტორან ,,ტივის’’ თანადამფუძნებელს ნიკოლოზ კორკოტაძეს ეკუთვნის, რომელმაც ძველი გემი შეიძინა და ის კაპიტალურად განაახლა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 70 000 დოლარს შეადგენს. გემის მტკვარზე გაშვება გაზაფხულზე იგეგმებოდა, თუმცა რესტავრაციის პროცესში გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი, რის გამოც პროცესმა გადაიწია.
,,გაუთვალისწინებელმა ტექნიკურმა პრობლემებმა განაპირობა გემის მტკვარზე გაშვების გადადება. პრობლემები შეიქმნა კაპიტალური რემონტის დროს. წყლის ტრანსპორტი ზოგადად არ არის განვითარებული საქართველოში. შესაბამისად, თითოეული ნაწილის გამოწერა გვიწევს საზღვარგარეთიდან. ეს დროსთან არის დაკავშირებული. 70 000 დოლარი დაჯდა ჯამში.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან“ რესტორან ,,ტივის’’ თანადამფუძნებელი ნიკოლოზ კორკოტაძე.
ნიკოლოზ კორკოტაძე იმედოვნებს, რომ პროექტი წარმატებული იქნება. მას ასეთ მოლოდინს უკვე დაფიქსირებული ინტერესი და მომხმარებლის აქტიურობა უჩენს. – ,,დავდეთ პოსტი და დადებიდან 2 საათში 10 ათასობით ნახვა და უამრავი კომენტარი მოჰყვა. შემოვიდა უამრავი შეტყობინება სოციალურ ქსელებში. ბილეთები სამომავლოდ tkt.ge-ზე გაიყიდება. ეს საკითხი ამ ეტაპზე მოგვარებული არ არის, თუმცა უახლოეს პერიოდში ეს სერვისი დაემატება. მანამდე სოციალური ქსელების მეშვეობით შესაძლებელი იქნება დაჯავშნა.’’- აცხადებს ის.
,,დელფინი’’ 35 პერსონაზეა გათვლილი. მომხმარებელს ელექტრონული გიდის მომსახურებასაც შესთავაზებენ. პროცესი უკვე დაწყებულია და გემზე 2 ელექტრონული გიდი მალე მონტაჟდება, რომელთა მეშვეობითაც მტკვარზე გასეირნების დროს თბილისის შესახებ უამრავ ისტორიასა და ინფორმაციას მოისმენთ. დახურული გემი აღჭურვილია გაგრილება-გათბობის სისტემით.
,,გემს ეყოლება კაპიტანი და გამყოლი, ვინც უზრუნველყოფს მგზავრების უსაფრთხოდ გადაადგილებას. ხმოვანი გიდის ჩაწერის პროცესი მიმდინარეობს. იქნება სხვადასხვა ენაზე. ეს სერვისიც უახლოეს პერიოდში დაგვემატება. ნებისმიერი ამინდის პირობებში და წლის ნებისმიერ მონაკვეთში ჩვენი სტუმრები შეძლებენ კომფორტულად გასეირნებას და თბილისის ულამაზესი ხედების დათვალიერებას.’’- აცხადებს ნიკოლოზ კორკოტაძე.
სრული ტური ნახევარსაათიან გასეირნებას მოიცავს. ასევე შესაძლებელია ნახევარი ტურის სერვისის მიღება, რომელიც 15 წუთს შეადგენს. ამ შემთხვევაში ცურვა ძველი თბილისის დათვალიერებას მოიცავს. ბილეთების ფასები განსხვავებულია ქართველი და უცხოელი მომხმარებლისათვის.
,,ქართველებისთვის იქნება 25 ლარი ერთი პერსონა. ოღონდ მინიმუმ 4 ადამიანი უნდა იყოს, იმისთვის რომ გემი გავიდეს. ტურისტებისთვის იქნება 30 ლარი. მოლოდინი არის ოპტიმისტური იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი საცურაო საშუალება მტკვარში აქამდე არ ყოფილა. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან წარმატებული პროექტი იქნება, რომელიც გამოგვადგება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ პირველ რიგში ქალაქს, რომ მეტი ტურისტული პოტენციალის მოზიდვა შევძლოთ მდინარეზე.’’- აცხადებს ნიკოლოზ კორკოტაძე.

სრულად წაიკითხეთ სტატია