
ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის პროგნოზით, წელს საქართველოდან მოცვის ექსპორტი ევროკავშირში კიდევ უფრო გააქტიურდება. მიზეზი ევროპის ბაზარზე მოცვის და ზოგადად ხილის დეფიციტია. ამ ეტაპზე ევროპის ბაზარზე მოცვი 10 დოლარის ფარგლებში ღირს, მოლოდინია, რომ აღნიშნული ფასი დაიკლებს, თუმცა წელს საშუალო ფასი მოცვზე ევროპაში იმაზე მაღალი შეიძლება იყოს, ვიდრე ეს მთავარ საექსპორტო ბაზარზე, რუსეთშია.
„წელს მოცვის ინდუსტრიაში რთული წელი გვაქვს არასტაბილური გაზაფხულიდან გამომდინარე. იყო ყინვა, დიდთოვლობა, რამაც ბევრი ბაღი დააზარალა. არსებულ ბაღებში ვერ მოხდა მოსავლიანობის ზრდა, ან იგივე დარჩა ან შემცირდა.
რაც შეეხება ინდუსტრიას, საერთო ჯამში წელს მეტი მოცვი იქნება გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ბაღები გვაქვს, შესაბამისად საერთო მოცულობას შედარებით გაზრდილს ველოდებით. შარშან 3-4 ათას ტონამდე იყო, წელს 5 ათას ტონამდე შეიძლება ავიდეს მოცვის ექსპორტი, თუმცა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, რადგან სეზონი არ დასრულებულა.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, გარკვეული მოცულობები უკვე გაიგზავნა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.ასევე, ისრაელიდან ბაიერები გვყავდა 10 დღის წინ და უნდა დაგვეწყო მუშაობა, მაგრამ ირანთან კონფლიქტის ფონზე არ ვიცით როგორ გავაკეთებთ ამას.
ევროპაში ვაგზავნით აქტიურად მოცვს. რამდენიმე კონტეინერი გზაშია და იქ კარგი ფასია წელს. ჯერ ახალი დაწყებულია კრეფა და უფრო გაიზრდება ევროპის წილი წელს, ვიდრე წინა წელს იყო. ცოტა რთულია თქმა, ფრენების მიხედვით, სად შევძლებთ ლოგისტიკურად მოცვის გადატანას. ვმუშაობთ ინდოეთთან, საამიროებთან, მოლაპარაკებები გვაქვს ჰონკონგთან, სინგაპურთან და შევეცდებით ბაზრების დივერსიფიცირება მოვახდინოთ.
ევროპის ბაზარზე წელს მოცვის დეფიციტია და ფასი წინა წელთან შედარებით მაღალია. რაც შეეხება ლოგისტიკას, არ გვაქვს პრობლემა ამ მიმართულებით, უფრო მნიშვნელოვანია მოსავლის შემდგომი პროცედურები ჩატარდეს ისე, რომ შენახვის ვადა იყოს ხანგრძლივი, რომ გადაზიდვის დროს არ დაზიანდეს პროდუქცია. ჩემი აზრით, წელს გვაქვს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომ უფრო კარგად ვიმუშაოთ, უფრო ხარისხიანად, უფრო დიდი მოცულობები გავიტანოთ ევროპაში. ჯერ ადრეა საუბარი რამდენი გავა, რადგან ახლა დაიწყო მოსვლის აღება.
რადგან სეზონის დასაწყისია რუსეთში მაღალია ფასი, ევროპის ბაზარი მხოლოდ 10-15%-ით ჩამორჩება ფასის მხრივ, მთლიან სეზონის პერსპექტივაში წელს ევროპაში საშუალო ფასი მაღალი იქნება, იგივე ან უფრო მეტი, ვიდრე საშუალო ფასი რუსეთის ბაზარზე. სადღაც 10 დოლარია დღეს მოცვის ფასი, რაც მაღალია და არავინ ელოდება, რომ ასე დარჩება, მაგრამ წინა წელთან შედარებით 20-25% -ით მეტი უნდა იყოს საშუალო ფასი საქართველოდან გასული მოცვის, რადგან წლევანდელი კლიმატით მხოლოდ საქართველო არ დაზარალებულა, იგივე სიტუაციაა პოლონეთში, სერბეთში, რუმინეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში.
ზოგადად წელს ხილი დეფიციტურია ევროპაში, მოცვის მოხმარებაც გაზრდილია და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უფრო მაღალი იქნება საშუალო ფასი, ვიდრე წინა წლებში”,-აცხადებს bm.ge-სთან თორნიკე ფანჯავიძე, ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.
გასული წლის მდგომარეობით, მთავარ საექსპორტო ბაზრებს შორის ევროპის ქვეყნებიდან გერმანია მეორე ადგილზეა, სადაც საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდა. 2024 წელს რუსეთში 24,2 მილიონი დოლარის ღირებულების, 4 268 ტონა პროდუქტი გადაიტვირთა. მეორე ადგილზეა გერმანია ( 358 ტონა, $1,8 მლნ), სომხეთი (104 ტონა, 668 $ათასი) და არაბთა გაერთიანებული საამიროები ( 73 ტონა, 600 $ათასი).
ამასთან, საქართველოში მოცვის ბაღების ზრდასთან ერთად წლიდან წლამდე იზრდება ექსპორტიც. მაგალითად, თუ 2021 წელს ქვეყნიდან 5,6 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 8,5 მილიონ დოლარამდე, 2023 წელს 21,2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, გასულ წელს კი 28,2 მილიონ დოლარს გადააჭარბა.