რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში ვიზიტით მყოფ ოკუპირებული აფხაზეთის ახალარჩეულ „პრეზიდენტს“ ბადრა გუნბას შეხვდა და იმ არჩევნებში „გამარჯვება“ მიულოცა, რომელსაც საქართველო და საერთაშორისო საზოგადოების უმეტესობა არ ცნობს. შეხვედრის დროს პუტინი მიესალმა გუნბას „საარჩევნო წარმატებას“. გავრცელებული ინფორმაციით, გუნბა არჩევნებზე რუსეთის ფავორიტი კანდიდატი იყო.
„მიხარია თქვენი ნახვა და, რა თქმა უნდა, მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება”, – მიმართა პუტინმა გუნბას კრემლში გამართულ შეხვედრაზე.
ამასთან, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვსა და სოხუმს „განსაკუთრებული ურთიერთობები” აქვთ. მან პირობა დადო, რომ რუსეთი დაეხმარება აფხაზეთს „ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემის მოგვარებაში ჰუმანიტარული მიწოდების უზრუნველყოფით“. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ იგი მითითებას გასცემს, რომ „დასრულდეს მუშაობა აფხაზეთის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
გუნბამ, თავის მხრივ, მადლიერება გამოხატა მოსკოვის მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთი ყოველთვის თანმიმდევრული იყო რესპუბლიკის მხარდაჭერაში“ და აფხაზი ხალხი „უდავოდ გრძნობს“ რუსეთის მხარდაჭერას.
გუნბამ აფხაზეთსა და რუსეთს შორის „ისტორიულ, ძმურ და ეკონომიკურ კავშირებზე“ ისაუბრა. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა აფხაზეთის მხარდაჭერას უკრაინაში რუსეთის ომის მიმართ და განაცხადა: „ჩვენი ბიჭები დღესაც აგრძელებენ ბრძოლას სიმართლისთვის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში. მან დასძინა: „ჩვენ გვყავს ათობით ბიჭი, რომლებიც დაიღუპნენ” „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს და რომ ბოლო წლებში აფხაზეთმა „ასობით ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა მებრძოლებს, რომლებიც სპეციალურ დავალებებს ასრულებენ ”.
ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ წინასწარი შედეგების მიხედვით, ბადრა გუნბამ მეორე ტურში ადგურ არძინბა დაამარცხა. გუნბა, რომელიც მანამდე, ასლან ბჟანიას ლიდერობის დროს, აფხაზეთის „ვიცე-პრეზიდენტად“ მსახურობდა, მოსკოვის ფავორიტად განიხილება.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტი გასული წლის ნოემბერში, ოკუპირებულ რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე დატოვა.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/02/2025 – ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გაიმართება
- 11/02/2025 – რუსული თვითმფრინავის სოხუმის აეროპორტში დაშვების ფონზე, ოფიციალური თბილისი დუმს
- 01/02/2025 – აფხაზეთში, სავარაუდოდ, მოსკოვის ახალი კურატორი „საპრეზიდენტო არჩევნების“ წინ სოხუმს ეწვია
- 15/11/2024 – სოხუმში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ