
2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში წლიური ინფლაცია 4.6%-ს გაუტოლდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევიდან ვიგებთ.
პუბლიკაციის მიხედვით, გასული თვეების დინამიკის მსგავსად, ინფლაცია კვლავ მზარდია და ივლისის მდგომარეობით წლიურად 4.3%-ს გაუტოლდა, ხოლო აგვისტოში – 4.6%-ს. ინფლაციის ტრაექტორია ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია.
„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ გაიზრდება, წლის ბოლოსთვის კი, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, მცირედით შენელდება და, დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს.
წლიური ინფლაციის აჩქარების საპირისპიროდ, თვიურ ჭრილში ინფლაციური ზეწოლის კლებაზე მიუთითებს ანალიტიკური საზომები, როგორებიცაა სეზონურად შესწორებული ყოველთვიური ინფლაცია და სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული საბაზო ინფლაცია. მომსახურების ინფლაცია, რომელიც ინფლაციური მოლოდინებისა და გრძელვადიანი ტენდენციის შეფასებისთვის ყველაზე შესაფერისია, რადგან ნაკლები მერყეობითა და იმპორტული კომპონენტის შედარებით მცირე წილით ხასიათდება, მიმდინარე წელს ჯამური მაჩვენებლის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ამასთან, საყურადღებოა, რომ მომსახურების ფასების ზომიერი ზრდა, თუნდაც მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად, აუცილებლად ინფლაციურ ზეწოლაზე არ მიუთითებს, რადგან განვითარებად ეკონომიკებში მწარმოებლურობის დონის ზრდას არავაჭრობად სექტორებში ფასების ზრდა კანონზომიერად მოსდევს.
მომსახურებასთან ერთად, გაზრდილია საქონლის ინფლაციაც, დიდწილად სურსათის ფასების მნიშვნელოვანი მატების გამო.
ამავდროულად, ინფლაციის ზრდა ადგილობრივად წარმოებული და შერეული პროდუქტებით არის განპირობებული, იმპორტული პროდუქციის მხრივ კი დეფლაცია ფიქსირდება.
bpn.ge