„ქართული ოცნების“ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 24 მარტს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც უცხოური აგენტების შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა, უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო.
ყაველაშვილის ადმინისტრაციის პრესრელიზში ნათქვამია, რომ კანონი „ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის – სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“.
ამავე პრესრელიზის თანახმად, „კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ“.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისს მიმართა. პრეზიდენტის სარჩელი კანონის გაუქმებას მოითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ავალდებულებს კონსტიტუციურ ორგანოებს ყველა ზომის მიღებას ევროკავშირსა და ნატო-ში ქვეყნის სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტის სარჩელის თანახმად, კანონი სხვა კონსტიტუციურ უფლებებსაც არღვევს.
ორი დღის შემდეგ, 17 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მიმართა 121-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ და დროებითი ღონისძიების სახით, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერება მოითხოვა. თუმცა, 2024 წლის 9 ოქტომბერს, სასამართლო მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„უცხოელი აგენტების” შესახებ სადავო კანონი, რომელიც პარლამენტმა საბოლოოდ 28 მაისს მიიღო და 3 ივნისს ამოქმედდა, მიზნად ისახავს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად” გამოაცხადოს ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოელი წყაროსგან იღებენ. კანონს, რომელიც პარლამენტმა უდიდესი საპროტესტო აქციებისა და უპრეცედენტო საერთაშორისო წინააღმდეგობის ფონზე მიიღო, ბევრმა „რუსული კანონი” უწოდა.
2025 წლის 24 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა სახელწოდებით „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კანონპროექტს ამერიკული FARA-ს „ზუსტი ასლი“ უწოდა. შემოთავაზებული კანონპროექტი საქართველოში არსებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონს ჩაანაცვლებს.
100-ზე მეტმა სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მისაღები უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი „გადაფუთული რუსული კანონია“, რომლის სამიზნეც სამოქალაქო სექტორი და დამოუკიდებელი მედიაა, და დასძინა, რომ „რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ“.
კანონპროექტი „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ორ მოსმენით უკვე მიიღო.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/05/2024 – ექსპერტები: „უცხოელი აგენტების“ შესახებ მიღებული კანონი ორიგინალისგან განსხვავდება და პერსონალურ ჯარიმებს ითვალისწინებს
- 17/04/2024 – „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
- 11/04/2024 – ამერიკული FARA და „უცხოელი აგენტების“ შესახებ ქართული კანონი: სამი ძირითადი განსხვავება