14 დეკემბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებისა და საკრებულოს წევრებისგან შემდგარმა საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით მხარი დაუჭირა ყოფილი ფეხბურთელის მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას. სხდომა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის „არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური“ არჩევნები არის „პაროდია“, რომელსაც „პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არა აქვს“.
„სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ მმართველი გუნდისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს:
მმართველი გუნდი
ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, საპატიო თავმჯდომარე: „ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ჭეშმარიტად ქართველ, პატრიოტ და ღირსეულ პრეზიდენტს. დღევანდელი არჩევნების შემდეგ სრულყოფილად ამოქმედდა საქართველოს ევროპული სტილის კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ კი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქვეყანაში პოლარიზაციის, ადამიანთა დაყოფის და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც დააბრუნებს ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას კონსტიტუციის ფარგლებში და ამასთანავე, ითამაშებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი საზოგადოების გაერთიანებასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაში“.
ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი: „მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებაში… ორ წელიწადზე მეტია, საქართველოს არ ჰყოლია, პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი. ამ კუთხით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ინსტიტუტის მთავარი მისია არის ზრუნვა ქვეყნის და საზოგადოების გაერთიანებაზე… ამ წლების განმავლობაში კონკრეტული ძალები, გარე ძალები პრეზიდენტის ინსტიტუტს სწორედ საზოგადოების გასახლეჩად იყენებდნენ. ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენებოდა იმისათვის, რომ დაესუსტებინათ ხელოვნურად ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი, ამისთვის სისტემატურად ირღვეოდა სწორედ პრეზიდენტის გამოყენებით საქართველოს კონსტიტუცია, რასაც გარე ძალები პირდაპირ უჭერდნენ მხარს. მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდება თავისი კონსტიტუციური მისია და ღირსება. მინდა წარმატებები ვუსურვო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე“.
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „საქართველოში დღეს ისტორიული დღეა! სრულად ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს. დღეს საარჩევნო კოლეგიამ პარლამენტის სასახლეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი აირჩია. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებებს. უმთავრესი მისია და გამოწვევა, რაც ახალ პრეზიდენტს აკისრია, არის პრეზიდენტის ინსტიტუტის საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების პრეცედენტის შექმნა. ქართული პოლიტიკა სავსეა ავანტიურისტი პოლიტიკოსებით, რომლებიც ყოველ ჯერზე მზად არიან გავიდნენ საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნების რეალიზებისათვის, რომლის უკანაც ვისი უხილავი ხელი იმალება, საზოგადოებისათვის სამარჩიელოდ რჩება. ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ამგვარი ფორმები არღვევს ქვეყანაში სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებს. სწორედ ამიტომ იქნება ახლადარჩეული პრეზიდენტის უმთავრესი ამოცანა მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების პირუთვნელად, ღირსეულად და პასუხისმგებლობის სრული გააზრებით აღსრულება. მთავარი, რაც მინდა მიხეილ ყაველაშვილს მისი პრეზიდენტობისას ვუსურვო, არის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ერთგულება. ეს არის ერთადერთი შეუმცდარი გზა ნებისმიერი ხელისუფალისთვის“.
მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: „პირველი რიგის, მთავარი კრიტერიუმი, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის უღალატობა თავისი სამშობლოს და არა რომელიმე გუნდის მიმართ და პატრიოტიზმი – მიხეილ ყაველაშვილს თუკი რაიმე თვისება გააჩნია, უწინარესად, ალბათ, ამ თვისებაზე უნდა ვილაპარაკოთ. გარდა ამისა, ის უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია, ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით. დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს, რადგან ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება შესაბამისი ლეგიტიმაციით ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს”.
კახა კალაძე, თბილისის მერი: „ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ახალი პრეზიდენტის არჩევას. მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავდა საქართველოს ღირსებას და იბრძოდა ქვეყნის გამარჯვებისთვის. როგორც არასდროს, დღეს ჩენს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი. იმედი მაქვს, ახალი პრეზიდენტი გადადგამს ყველა ნაბიჯს საზოგადოების გაერთიანებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის და საქართველოს გაერთიანებისთვის. მინდა, მივულოცო მიხელ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა, ვუსურვო მას წარმატებები ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ“.
ოპოზიცია
მამუკა ხაზარაძე, „ძლიერი საქართველოსთვის“: „არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა, კანონგარეშეა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა! ივანიშვილი და მისი რუსული, თვითგამოცხადებული მთავრობა რჩება სრულ იზოლაციაში დასავლური სამყაროსგან მაშინ, როცა ქართველ ხალხს და მის სამართლიან მოთხოვნას, დაინიშნოს ახალი არჩევნები, ევროპელი ლიდერები ღია მხარდაჭერას უცხადებენ! ისტორია ყველას თავის სახელს დაარქმევს – მოღალატე ივანიშვილსაც და გმირ ქართველ ხალხსაც, რომელიც დაბადებულია გამარჯვებისთვის! ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს! თავისუფლებისთვის ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე – გამარჯვებამდე“.
სოფო ჯაფარიძე, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი: „ეს არის ცირკი, რასაც დღეს ვუყურებთ, როდესაც არალეგიტიმურმა, თვითგამოცხადებულმა, თვითმარქვია ე.წ. ხელისუფლებამ დასვა არალეგიტიმური პრეზიდენტი. ეს იყო ქართველი ხალხის შეურაცხყოფა“.
თეონა აქუბარდია, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი: „დღეს პოლიტიკა მოკლა ივანიშვილმა, მიითვისა ყველა ინსტიტუტი… მძიმე ვითარებაა, თუმცა იუმურის თვალით რომ შევხედოთ, შეიძლება უფრო სახალისოც იყოს რუსთაველის განზირიდან დანახული ეს პროცესი. რაც მთავარია, ყველამ ვიცით, რომ ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით, ვინაიდან არც ბიძინას პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, არც ბიძინას ე.წ. მთავრობა და არც ბიძინას ყაველაშვილს არ ექნება არანაირი აღიარება“.