
„მიღებული შემოსავლები 1%-ის ნაცვლად 20%-ით დაიბეგრება, მათთვის, ვინც სამშენებლო სექტორში არის დასაქმებული და საწარმოების მიერ დაქირავებულია“ – BDO-ს საგადასახადო მენეჯერი
მშენებლობის სექტორში ახალი რეგულაციები დამტკიცდა, ინიციატივა ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის.
ცვლილებების მიხედვით, უქმდება მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებზე არსებული შეღავათი. აქამდე არსებული კანონით, მათი ხელფასები მხოლოდ 1%-ით იბეგრებოდა. 1-ლი თებერვლიდან კი 20%-ით დაიბეგრება.
მშენებლობის სექტორში მცირე მეწარმის სტატუს ანიჭებდნენ კომპანიაში დასაქმებულ მუშებს, რომლებიც არა დაქირავების ხელშეკრულებით, არამედ სერვისის მიწოდების ხელშეკრულებით მუშაობდნენ.
BDO-ს საგადასახადო მენეჯერის, ვლადიმერ გიორგაძის შეფასებით, ახალმა რეგულაციებმა, შესაძლოა, უძრავი ქონების ფასები გააძვიროს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მშენებლები ახლა უკვე 20%-ით დაბეგრილ ხელფასებს პირდაპირ ხარჯებში გაითვალისწინებენ.
გიორგაძე განმარტავს, რომ ცვლილება ფიზიკურ პირებს არ ეხებათ.
„ცვლილება ძალაში უკვე შევიდა და იგი 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება. მიღებული შემოსავლები 1%-ის ნაცვლად 20%-ით დაიბეგრება, მათთვის, ვინც სამშენებლო სექტორში არის დასაქმებული, ოღონდ ეს ეხება საწარმოების მიერ დაქირავებულებს, კერძოდ რომ მუშაობენ, მაგალითად, ფიზიკური პირი ფიზიკურ პირს რომ გაარემონტებს სახლს, მაშინ 1% ექნებათ გადასახდელი.
ეს დაქირავებულის ხარჯებს არ გააძვირებს, თუმცა, მშენებელს თვითღირებულებას აუცილებლად გაუზრდის. შესაძლებელია, კომპრომისზეც მოუწიოთ წასვლა – ვეღარ შეძლოს იმდენის გადახდა, რასაც უხდიდა ან პირდაპირ ხარჯებში გაითვალისწინოს და უძრავი ქონების გასაყიდი ფასი გაზარდოს.
ცვლილებამდე გარკვეული ჩამონათვალი არსებობდა, რა სფეროშიც მცირე მეწარმეებს 1%-იანი შეღავათით სარგებლობა არ შეეძლოთ, მაგალითად საკონსულტაციო მომსახურებები, ასევე სესხის გამცემ პირებს არ ჰქონდათ ეს შეღავათები, ბუღალტრებიც და იურისტებიც, ამ ჩამონათვალს ახლა სამშენებლო სექტორში დაქირავებული პირებიც დაემატა.
შემოსავლების სამსახურმა ცვლილება იმით ახსნა, რომ მშენებლები თავიანთ დაქირავებულებს მცირე მეწარმედ არეგისტრირებდნენ, შესაბამისად 20%-ის ნაცვლად 1%-იან გადასახადს იხდიდნენ, რითაც მუშახელის თვითღირებულებას აიაფებდნენ. შემოსავლების სამსახურმა სწორედ ამის აღსაკვეთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საშეღავათო პირობები მშენებლობის სექტორზე აღარ გავრცელებულიყო“,- აღნიშნა ვლადიმერ გიორგაძემ.