
გიორგი ტყემელაძემ როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, მისი ყოფილი სახლი ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების პროგრამაში აღმოჩენილიყო და ახლა კალაძის ბრძანებით, უკვე როგორც ვიცე-მერი აკონტროლებს თავისივე განკარგულების აღსრულებას.

თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის და თბილისის მოქმედი ვიცე-მერის გიორგი ტყემალაძის მიერ 2024 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაში მიწის 3 ნაკვეთი და 1 სახლი იყო.

დეტალურად კი, გიორგი ტყემალაძე ფლობდა თბილისში, ჭავჭავაძის 21ა-ში მდებარე 198 კვ.მ და 159 კვ.მ ბინების 50%-ს და ამავე მისამართზე მდებარე 1442 კვ.მ მიწის 25%-ს. ის ასევე ფლობდა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს ლილოში და დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში მდებარე 2000 კვ.მ მიწის 50%-ს. ყველა ეს უძრავი ქონება მას მემკვიდრეობით აქვს მიღებული და ძმასთან ერთად ინაწილებს.

ჭავჭავაძის 21ა-ში, მზიურის პარკის ჩასასვლელთან მდებარე უძრავი ქონება გიორგი ტყემალაძის სამომავლო დეკლარაციაში სავარაუდოდ აღარ მოხვდება, რადგან ტყემალაძეების ოჯახმა სახლი გაასხვისა და მიმდინარე წლის აპრილიდან მესაკუთრე შპს “ჰაუსარტ მზიური პლაზაა”, კომპანიამ ბოლო 6 თვეში სახლის დემონტაჟის ნებართვაც მიიღო, განახორციელა კიდეც და მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ადგილზე კორპუსის აშენების მცდელობა, როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდიდან ჩანს, ადრეც იყო, ამისთვის თანხმობებიც არის მიღებული, კ-2 კოეფიციენტიც 3.5-დან 4.2-მდე გაიზარდა, თუმცა რატომღაც არ განხორციელდა.

ამჟამად კი კომპანია ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს, რომლის 3 სართულიც მიწისქვეშ იქნება, 12 კი მიწის ზემოთ.

მიმდინარე წლის მაისში თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კიდევ ერთხელ ამჯერად 6.4-მდე გაზრდილიყო და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლებისთვის თბილისის მერიას შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად თანხმობა მიეცა.

20 მაისს გამოცემულ განკარგულებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე აწერს ხელს.

10 ივნისს კი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ ბრძანება უკვე თბილისის მერმა
კახა კალაძემ გამოსცა და ბრძანების შესრულებაზე კონტროლი ვიცე-მერს დაავალა, რომლის პოსტსაც 21 მაისიდან გიორგი ტყემალაძე იკავებდა. რაც შეეხება თავად შპს ჰაუსარტ მზიური პლაზას, კომპანიის დირექტორი და 100%-ის მფლობელი დიმიტრი ვაჩნაძეა. რომელიც წილებს სხვადასხვა კომპანიებში ფლობს.