მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საია სახალხო დამცველს მიმართავს

Civil Georgia 3 საათი წინ 2
მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საია სახალხო დამცველს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 30 იანვარს განაცხადა, რომ შესაბამისი ორგანოები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც 19 დღეა შიმშშილობს, ინფორმაციას არ ავრცელებენ. საია-ს თქმით, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია. საია მოუწოდებს სახალხო დამცველს მისი მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი და მიაწოდოს ორგანიზაციას „მზია ამაღლობელთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად“.

„მართალია, კანონმდებლობით დადგენილია მოშიმშილე ბრალდებულის მოვლის წესები, თუმცა, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი მზია ამაღლობელის მოვლა. მით უფრო, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, მხედველობის სერიოზული პრობლემები და შესაძლოა არსებობდეს მათი გამწვავების რისკები“, – აცხადებს საია.

საია ასევე მოუწოდებს სახალხო დამცველს გამოითხოვოს პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელის შიმშილობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და გადასცეს ორგანიზაციას მათი ასლები; ასევე შეაფასოს მზია ამაღლობელის შიმშილობიდან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესაბამისობა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან.

„ამასთან, ამ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანია იმის შეფასება, ხომ არ სჭირდება მას მრავალპროფილური დახმარება და რამდენად მზადაა მისი მოთავსების დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად“, – აცხადებს საია.

იმავდროულად, ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ შეშფოთება გამოთქვა მზია ამაღლობელის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ იმოქმედოს, რადგან „საქმე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“. „ეს მხოლოდ თავისუფლების და პატიმრობის საკითხი არ არის – ეს სიცოცხლის და სიკვდილის საკითხია. და ძალიან ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება ამ უმძიმეს ვითარებაში საჭირო სისწრაფით იმოქმედებს“, – განაცხადა მან.

14 ქვეყნის, მათ შორის ავსტრიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის საელჩოების ერთობლივი განცხადება ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშშირებულ შშეშფოთებას ეხმიანება. 30 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამაღლობელის საქმე საქართველოში ჟურნალისტების დაშინების, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთი შემაშფოთებელ მაგალითს წარმოადგენს. ისინი ამაღლობელის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. საელჩოები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტების უფლებები, განსაკუთრებით მათი, ვინც საპროტესტო აქციების გაშუქებისას გადამეტებული ძალის გამოყენების სამიზნეები გახდნენ.

20 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო, რომელსაც დღემდე აგრძელებს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გააქტიურდა, რა დროსაც ჟურნალისტები და აქტივისტები სამართლიანობისკენ მოუწოდებენ. 22 იანვარს, „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა შეხვედროდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, რათა განეხილათ ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემები.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია