მესტიაში წელს შარშანდელთან შედარებით უფრო მეტ დამსვენებელს ელოდებიან

News.ge 1 თვე წინ 52
მესტიაში წელს შარშანდელთან შედარებით უფრო მეტ დამსვენებელს ელოდებიან

ზამთრის კურორტები სეზონის გასახსნელად ემზადებიან, თუმცა ოფიციალური თარიღი ჯერ უცნობია. სეზონის გახსნა ამინდზეა დამოკიდებული. სვანეთში სასტუმროები ჯავშნებს უკვე იღებენ. მესტიაში მდებარე სასტუმრო ,,ფოსტის’’ მენეჯერი აცხადებს, რომ წელს უფრო დიდია ინტერესი და შარშანდელთან შედარებით მეტი ჯავშანი აქვთ.
,,ჯავშნები 19 დეკემბრიდან არის უკვე. შარშანდელთან შედარებით წელს მეტი ჯავშანია. აპრილის შუა რიცხვებამდე გვაქვს ჯავშნები მიღებული. ახალი წლის დღეებში უფრო დიდი ინტერესია. ძირითადად ოჯახებით ჩამოდიან დასასვენებლად. სეზონი შარშანდელთან შედარებით უფრო დატვირთული იქნება, ასეთი მოლოდინი მაქვს. ზაფხულიც წელს უკეთესი იყო და ზამთარშიც ასე ვვარაუდობ.’’- აცხადებს გვანცა ფალიანი.
მესტიის მიმართ ინტერესი დიდია როგორც ქართველ, ასევე უცხოელ დამსვენებლებში. სასტუმრო ,,ფოსტის’’ მენეჯერი აცხადებს, რომ ტურისტებს შორის გერმანელები, შვეიცარიელები და პოლონელები აქტიურობენ. სასტუმრომ შარშან ამერიკელებსაც უმასპინძლა. შეერთებული შტატების რამდენიმე მოქალაქემ არჩევანი წელსაც მესტიაზე გააკეთა.
მთავარი საკითხი, რითაც დამსვენებლები ინტერესდებიან სასრიალო ტრასებია. უმეტესობა მესტიაში თვითმფრინავით ჩასვლას გეგმავს და ფრენების განრიგით ინტერესდება. საჰაერო ტრანსპორტი დამსვენებლებს მგზავრობისთვის უმოკლეს დროს სთავაზობს.
,,ძირითადად სასრიალო ტრასებით ინტერესდებიან. ასევე გზებზე თუ არის შეფერხება. აქტიურად კითხულობენ ფრენების განრიგს. თბილისიდან ან ქუთაისიდან რომ გაუმარტივდეთ ჩამოსვლა. შორია მესტია და ურჩევნიათ საჰაერო ტრანსპორტირება. 45 წუთში ადგილზე არიან და ურჩევნიათ ის დღე არ დაკარგონ.’’- აცხადებს გვანცა ფალიანი.
სასტუმრო ,,ფოსტის’’ მენეჯერი აცხადებს, რომ წელს დამსვენებლებს მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა დიდი ალბათობით არ შეაწუხებთ. სინათლის დეფიციტი შარშან პრობლემა იყო, თუმცა წელს ზამთრის სეზონის გახსნამდე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
,,შარშან სინათლის პრობლემა იყო და ამ ეტაპისთვის ეს პრობლემა აღარ არის. ცვლიან ელექტრო გაყვანილობას და ბოძებს. სავარაუდოდ, სინათლის პრობლემა არ იქნება ზამთრისთვის. წესით დამსვენებლებს პრობლემა არაფერში არ შეექმნებათ.’’- აცხადებს გვანცა ფილფანი.

სრულად წაიკითხეთ სტატია