მედიაომბუდსმენმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაგმო პოლიციის მიერ ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართული სისასტიკე საპროტესტო აქციის ძალადობრივი დარბევის დროს. მან მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყონებლივ დაიწყონ გამოძიება. მედიაომბუდსმენის განცხადებით, საქმეებს უნდა მიენიჭოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი) და დევნის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი) კვალიფიკაცია. მედიის უფლებადამცველი ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას პატივი სცეს ჟურნალისტთა უფლებებს.
აქციის დროს და მის შემდეგ უამრავი სიუჟეტი და ვიდეო კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები აქციის დროს ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან, ხელს უშლიან მათ საქმიანობაში და რიგ შემთხვევაში სცემენ კიდეც. რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა, მედია შემდეგი ინციდენტების შესახებ იუწყება:
- გურამ როგავა, “ტელეკომპანია ფორმულა” — ნიღბიანმა სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო;
- ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა;
- დავით ცაგარელი, ონლაინგამოცემა “რადიო თავისუფლება” — პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;
- მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა “OC Media” — სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრესი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი;
- ნანუკა ქაჯაია, “ტელეკომპანია პირველი” — წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;
- დავით ბიჭიკაშვილი, “ტელეკომპანია პირველი” – გაუსწორდნენ სპეცრაზმელები;
- გიორგი შეწირული, “ტელეკომპანია პირველი” – სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ;
- ანა მდივანი, “ტელეკომპანია პირველი” — სახეში შეასხეს წიწაკის სპრესი;
- ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი”— სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ორჯერ გახდა სპეცრაზმელების სამიზნე;
- გივი ავალიანი, ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთი” “ბათუმელები” — პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;
- ნათია ამირანაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება;
- გიორგი გოგუა, “პროექტი 64” — პოლიციელებმა წიხლები ურტყეს;
- ირაკლი მანაგაძე, ონლაინგამოცემა” ექსპრესნიუსი” — სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;
- დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი – გავრცლებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიიღო დაზიანება;
- დეა მამისეიშვილი, “მთავარი არხი” – დაშავდა აქციის გადაღებისას;
- გიორგი გოგინაშვილი, “მთავარი არხი”- დაშავდა აქციის გადაღებისას;
- იულია კალაბანო – JAMnews-ის ფოტორეპორტიორი, – სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფოტოებს რომ იღებდა, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი;
- მინდია გაბაძე – ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს;
- ნინო წვერავა, “სტუდია მონიტორი” – ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს;
- ნინო შუბითიძე, “სტუდია მონიტორი” – ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/11/2024 – დიპლომატების ერთობლივი წერილი: ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება
- 29/11/2024 – საია: დარბევა უკანონო, არაადამიანური და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მოხდა
- 31/10/2024 – მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის გამოძიებისკენ მოუწოდებენ