მდინარაძე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე

Civil Georgia 5 თვის წინ 85
მდინარაძე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 19 ნოემბერს ბრიფინგი გამართა, სადაც რიგი საკითხები განიხილა, მათ შორის ოპოზიციის ბრალდებები არჩევნების გაყალბების თაობაზე, პოლიციის მიერ თსუ-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევა, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელი, ევროკავშირის პოზიცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით და საქართველოში ბოლო დროს განვითარებული სხვა მოვლენები.

19 ნოემბრის დილას საპროტესტო აქციის დაშლა

მდინარაძემ მადლობა გადაუხადა პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლისას „კანონის პროფესიონალურად და მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის“. აქციის დაშლისას 16 ადამიანი დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც, როგორც დამკვირვებლები ამბობენ, არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული. მდინარაძის თქმით, „არ შეიძლება რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს“.

„ეს ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში წინა დღეების განმავლობაში, წააქეზეს აგენტურა, აქ მაიდნისკენ მოუწოდეს მათ და თავად მშვიდად დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტური საქმიანობის შეფერხებაზეც ისაუბრა და მხარდაჭერა გამოხატა ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გახდა „ზეწოლის, ბულინგის თუ დანაშაულის ობიექტები“. თუმცა, მან მხოლოდ სახელისუფლებო მედიების წარმომადგენელთა შემთხვევებზე გაამახვილა ყურადღება და ოპოზიური ტელეკომპანიების წარმომადგენლები იმის გამო გააკრიტიკა, რომ კოლეგებს მხარი არ დაუჭირეს. „ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებები, ხაზგასმით და მკაფიოდ ვაცხადებთ, არ უნდა დარჩეს არც საზოგადოების და არც საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმა, მით უმეტეს, როდესაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის 18 ნოემბრის ბრიფინგი

„საქართველოს პრეზიდენტად წოდებული“ სალომე ზურაბიშვილის 18 ნოემბრის „აბსურდული“ განცხადებების კომენტირებისას, მდინარაძემ განაცხადა, რომ ყველაფერზე ისაუბრა, გარდა ხალხისთვის ყველაზე საინტერესო საკითხისა – მოიწვევს თუ არა ის ახალი პარლამენტის პირველ სხდომას. „თუ არა, ის ამით კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან ის არ ასრულებს პრეზიდენტის კონსტიტუციურ ვალდებულებას“, – აღნიშნა მან და განმარტა, რომ თუ იგი უარს იტყვის ამ მოვალეობის შესრულებაზე, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან 10 დღეში – 25 ნოემბერს შეიკრიბება. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტს არ გააჩნია სამართლებრივი უფლებამოსილება, შეაჩეროს ეს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრის შეტანით.

არჩევნების შედეგები და მანდატები

მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილებას სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმისა და სიების ჩახსნის შესახებ „იურიდიული ძალა არ გააჩნია“, რადგან მათ ამის გაკეთების სამართლებრივი საშუალება არ აქვთ პარლამენტის მიერ მათი მანდატების ცნობის გარეშე. მისი თქმით, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ოფიციალურად მიმართონ პარლამენტის თავმჯდომარეს მანდატების გაუქმებისა და სიების ჩახსნის თაობაზე. მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ოპოზიციამ კარგად იცის ეს დეტალები, თუმცა „გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი,  იმის შესახებ, რომ ჩვენი ოპონენტები ამ ეტაპზე სწორედ იმიტომ წერენ განცხადებებს, რომ შემდეგ მათ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის და საპარლამენტო მანდატების დატოვება“.

არჩევნებზე საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) გენდერული დისბალანსის შესახებ „აბსურდული განცხადებების კეთებას“, რაც, მისი თქმით, „გავლენას საერთოდ არაფერზე ახდენს“, გამოაქვეყნოს ხმების პარალელური დათვლის შედეგები.  

ოპოზიციის წერილი ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს

ბრიფინგის კითხვა-პასუხის ნაწილის დროს, მდინარაძემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციური კოალიციების წერილზე ევროკავშირისადმი, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირს სთხოვენ, არ აღიაროს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი პარლამენტის ლეგიტიმურობა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიცია „აგონიაშია“ და რომ მათ აღარ უნდა ეწოდოთ „აგენტები“, რადგან ამ სიტყვას შეიძლება სხვა მნიშვნელობაც ჰქონდეს, მაგალითად, „სადაზღვევო აგენტი“ და ამიტომ, ამიერიდან მათ უნდა ეწოდოთ „ჯაშუშები“. „ევროპელებისგან ითხოვენ, რომ საქართველოს მოსახლეობა და საკუთარი სამშობლო დასაჯონ ევროპელებმა რაიმე გზით… უფრო მეტად დადასტურებული, ვიდრე ამ წერილით არის მათი ჯაშუშობა, აქამდე არ ყოფილა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ევროკავშირის გაფართოების ანგარიში

როდესაც მდინარაძეს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის შესახებ ჰკითხეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის განახლება ანტი-ლგბტ და უცხოელი აგენტების შესახებ კანონების გაუქმებას მოითხოვს, მან განაცხადა: „ისეთ ევროინტეგრაციას რა ვუთხარი, ლგბტ პროპაგანდაზე რომ გადის მისკენ გზა“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონებზე და განსაკუთრებით ანტი-ლგბტ კანონზე დებატებში შესვლას არ აპირებს, თუმცა განაცხადა, რომ საქართველო სხვა ქვეყნებზე უკეთ იცავს და დაიცავს უმცირესობების უფლებებს.

მდინარაძემ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაუპირისპირდა ცესკო-ს ოპოზიციონერი წევრი არჩევნების საბოლოო შედეგების შესახებ კომისიის სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარეს, მას საქართველოს ისტორიაში „შავი ლაქა“ უწოდა და სახეში შავი საღებავი შეასხა. „თუ ეს მისაღები ფორმაა, ოპოზიციის ლიდერებს გადაშავებულს ვატარებ… მელანგადასხმულს ვატარებ ყოველდღე, თუ მისაღები ფორმაა“, – განაცხადა მდინარაძემ. „ძალიან ბევრი ადამიანი გვირეკავს ყოველდღე და გვეუბნებიან, ჩვენც გაგვაპროტესტებინეთო, ჩვენ ხმები არ მოგვიციაო? მილიონ ასი ათასზე მეტი რომ ვართ, ჩვენს უფლებებს ვინ იცავსო და მიგვიშვითო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შეიძლება ზედმეტად გულწრფელი ვიყო, ჩვენ გვიწევს ამ ხალხის დაკავება და გაკავება“.

ევროკავშირის ტექნიკური მისია არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესასწავლად

ბოლოს მდინარაძეს ჰკითხეს, აპირებს თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ითანამშრომლოს იმ „ტექნიკურ მისიასთან“, რომლის გამოგზავნას საქართველოში ევროკავშირი გეგმავს, რაზეც მან უპასუხა, რომ წარმოდგენა არ აქვს რა მისიაა ეს, რატომ ექნება მას სამართლებრივი უფლებამოსილება გამოიკვლიოს საქართველოში არჩევნების გაყალბების ბრალდებები, რა ფორმატი ექნებოდა მას, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად ევროკავშირსაც არ აქვს წარმოდგენა რეალურად რა მისია იქნება ეს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მისიის ფორმატიდან და ქვეყნის სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტს როგორ იმოქმედოს.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია