მაღალი ტემპერატურით,
ხველებით, ყელის ტკივილით
და სუნთქვის გართულებით -
წლინახევრის დათა
დარბაიძე იაშვილის
ბავშვთა ცენტრალურ
საავადმყოფოში 6 დღის წინ
მიიყვანეს. მას A ტიპის
ვირუსი - ე.წ ღორის გრიპი
დაუდგინა. როგორც დათას
დედა „კურიერთან“ ჰყვება,
თავდაპირველად, ბავშვს
მხოლოდ მაღალი
ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა
იმავე საღამოს სიცხემ
კიდევ უფრო აიწია და თავი
სხვა სიმპტომებმაც იჩინა.
რესპირაციული მედიცინის
განყოფილებაში, ექიმების
მეთვალყურეობის ქვეშ
წლინახევრის დათას ყველა
საჭირო პროცედურა
უტარდება, ახლა მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა
სტაბილურია და პალატას
ხვალ დატოვებს.იაშვილის
ბავშვთა ცენტრალურ
საავადმყოფოში დათას
გარდა, კიდევ 51 მოზარდი
მკურნალობს. გრიპის
შემთხვევების გაზრდილი
სტატისტიკის გამო, საჭირო
გახდა საწოლფონდის
გაზრდაც. იაშვილის
სახელობის ბავშვთა
ცენტრალური საავადმყოფოს
სამედიცინო დირექტორის,
ივანე ჩხაიძის თქმით,
ჰოსპიტალიზაცია ძირითადად
რისკ ჯგუფში მყოფ
ადამიანებს- 5 წლამდე
ბავშვებს, ორსულებს,
ქრონიკული დაავადების
მქონე, ან 60 წელს
გადაცილებულ ადამიანებს
ესაჭიროებათ. იაშვილის
კლინიკის სამედიცინო
დირექტორის განცხადებით,
არ ფიქსირდება გრიპით
გარდაცვალების
შემთხვევები.საქართველოში
ამ დროისთვის A და B ტიპის
ვირუსები ცირკულირებს.
ექიმების განცხადებით,
პაციენტებში გართულებები
ძირითადად ქვედა სასუნთქი
გზების დაზიანებით, ანუ
ფილტვების ანთებით
გამოიხატება. მედიკოსები
მოქალაქეებს მოუწოდებენ -
ხველების და ჰაერის
უკმარისობის შემთხვევაში,
დაუყოვნებლივ მიმართონ
სამედიცინო
დაწესებულებას.გრიპის
ვირუსით ინფიცირების
გაზრდილი მაჩვენებლის
ფონზე, ექიმების მთავარ
რეკომენდაციად კვლავ
ვაქცინაცია და ხალხმრავალ
ადგილებში პირბადით
გადაადგილება რჩება.