
„მასკს ეგონა, რომ ტრამპთან მეგობრობა ხელშეუხებელს ხდიდა, მაგრამ მის ყურებთან ძალიან ხმამაღალი ზარი შემოკრეს“, – წერს ტექნოლოგიური რედაქტორი, ზოი კლაინმანი X-ზე.
ეს ის ადამიანია, რომელმაც გასული წლის ნოემბერში იმავე X-ზე გაავრცელა პოსტი, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა:
„საინტერესოა, რამდენი ხანი დასჭირდება იმას, რომ ტრამპი და მასკი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი მეგობრობა უძლიერესი პარტნიორობაა, მაგრამ ამავდროულად ისინი ორი უზარმაზარი ეგოა, რომლებსაც მხოლოდ პირველ ადგილზე ყოფნა უნდათ“, – წერდა მაშინ კლაინმანი.
„იანვარში ტრამპს ინაუგურაციაზე ტექნოლოგიური ტიტანები ახლდნენ: მასკის გარდა, ჯეფ ბეზოსი, მარკ ცუკერბერგი და Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი, რომელიც ნაკლებად აღფრთოვანებული ჩანდა… მათ ნაწილს, შესაძლოა, მაშინვე კარგად ესმოდა, რომ ტრამპის კეთილგანწყობის უკიდეგანო მრისხანებით შეცვლას ბევრი და საფუძვლიანი წინაპირობა არ სჭირდებოდა და ეს შეიძლებოდა ძალიან მალე მომხდარიყო“, – კლაინმანის ამ სიტყვებს BBC-ი ავრცელებს.
პირველი, ვინც ეს საკუთარ თავზე იგემა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკია, რომელიც ბოლო დღეებია პრეზიდენტს საჯაროდ უპირისპირდება და შესამჩნევი უარყოფითი უკუშედეგები უკვე სახეზე აქვს – დაპირისპირების კერის გაღვივების შემდეგ, მასკმა ერთ დღეში 34 მლრდ აშშ დოლარი დაკარგა: NASDAQ-ის ბირჟაზე, Tesla-ს აქციები 14.26%-ით დაეცა და აქციაზე 284.7 აშშ დოლარი შეადგინა.
Bloomberg-ის დაანგარიშებით, Tesla-ს კაპიტალიზაცია ერთ დღეში 150 მლრდ აშშ დოლარით არის შემცირებული და ახლა 915.75 მლრდ აშშ დოლარია.