News.ge-ს სტუმარია ენათმეცნიერი მარინა ბერიძე.
ქალბატონო მარინა, სოციალურ ქსელში წავიკითხე თქვენი სტატუსი, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყება: ეს არის ყველაზე მდაბალი ცილისწამება და ბეზღი, რაც კი ოდესმე მინახავს. პირველ რიგში, მიმართული თვით დამბეზღებლისა და, რაც მთავარია, იმ საქმის საზიანოდ, რომელსაც ჩვენ ყველა ვემსახურებით. არასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამ საკითხზე ხმამაღლა აზრის გამოთქმა მომიწევდა, მაგრამ ამის მოთმენა ჩემს ძალებს აღემატება.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენი აღშფოთება გამოიწვია, პროფესორ მანანა თანდაშვილის ინტერვიუმ, რომელსაც „კვირის პალიტრა“ ავრცელებს. მანანა თანდაშვილი ინტერვიუში ამბობს: ზოგჯერ ხდება სამეცნიერო ხარისხის მითვისება და ტიტულების გაყალბებაც კი, რაც მათ საშუალებას აძლევს დაფიქსირდნენ ექსპერტების სტატუსით. ამგვარი ქმედება მიუტევებელია სამეცნიერო საზოგადოებისათვის, თუმცა ორმაგად საზიანოა და დაუშვებელი, როდესაც იგი გასცდება სამეცნიერო სფეროს და იქცევა პოლიტიკური მანიპულაციის საშუალებად. ცნობისათვის, პროფესორი აქვე აკონკრეტებს თუ რას გულისხმობეს პოლიტიკურ მანიპულაციაში: მაგალითად, ისეთი მეცნიერიც კი, როგორიც მარინე ბერიძეა, საკონსტიტუციო სასამართლოში ექსპერტის სტატუსით მიწვეული, აცხადებს, რომ “ერთ-ერთი წევრი ჩვენი თანაავტორებისა… გახლავთ ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი ზაქარია ფურცხვანიძე, ზუსტად ეს მიმართულება მიჰყავს მას და…” – ამ განცხადებამ ჩვენი, სამეცნიერო საზოგადოების გაოცება (თუ არა აღშფოთება) გამოიწვია, ვინაიდან ზაქარია ფურცხვანიძე არც ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორია და არც აღნიშნული “მიმართულება” მიჰყავს ფრანკფურტის უნივერსიტეტში. ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ეჭვქვეშ აყენებს არა მარტო ამ ჯგუფის სამეცნიერო რეპუტაციას, არამედ საფრთხეს უქმნის ქართული სამეცნიერო სივრცის ევროპულ ინტეგრაციას.
ქალბატონო მარინა, შეიძლება ითქვას, რომ მანანა თანდაშვილი პოლიტიკურ მანიპულაციაში გდებთ ბრალს… დავიწყოთ თავიდან, ვისი ინიციატივა იყო, ან ვინ მიგიწვიათ საკონსტიტუციო სასამართლოში ექსპერტის სტატუსით?
მარინა ბერიძე – მანანა თანდაშვილის მიერ კონსტიტუციურ სასამრთლოზე ჩემი გამოსვლის „პოლიტიკურ მანიპულაციად“ მონათვლა, პირდაპირი ხაზით აგრძელებს სასამართლოს მსვლელობისას მოპასუხე (სახელისუფლებო) მხარის მიერ წამოწყებულ პროვოკაციას. გახსოვთ ალბათ, როგორ ცდილობდა ის სამი ახალგაზრდა, ჩემი „ცრუმოწმეობა“ დაესაბუთებინა თითიდან გამოწოვილი ბრალდებით. ეს იაფფასიანი ფანდი ჩავარდა, მაგრამ სასამართლო პროცესის შემდგომ გამართულ საფეისბუკო „გადაძახილში“ აქტიურად ისმოდა, რომ მე „სამარცხვინოდ ვიცრუე“, რომ მე ვარ ოპოზიციის აქტივისტი და მიკერძოებული მხარე და სხვ. მანანა თანდაშვილმა აქტიურად განავითარა ჩემი გამოსვლის ოფიციალური შეფასების ხაზი და შექმნა სურათი: მე ვიცრუე და გავაყალბე ზაქარია ფურცხვანიძის აკადემიური სტატუსი, შესაბამისად, ჩემ მიერ წარდგენილი დასკვნის სანდოობაც ეჭვქვეშაა. ეს იყო ამ ამბის ერთ-ერთი მარტივი ჩანაფიქრი. თუ სიმართლე გინდათ, ეს პასაჟი მის ინტერვიუში არის სწორედ „პოლიტიკური მანიპულაციის“ კალსიკური მაგალითი და ვითომდა ევროპული ინტეგრაციისა და მეცნიერების დემოკრატიზაციის გარდაუვალობაზე მსჯელობის ფონზე, ის ცხადად აჩვენებს ინტერვიუერის დაუცხრომელ სურვილს, როგორმე „გააპრავოს“ სწორედაც რომ ყოველივე ევროპულისა და დემოკრატიულის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კანონი. დიახ, მანანა თანდაშვილის ოპუსი „პოლიტიკურ მანიპულაციებზე“ არის ე.წ. „რუსული კანონის“ სრულიად აშკარა მხარდაჭერის მცდელობა.
რაც შეეხება თქვენს კითხვას იმის თაობაზე, როგორ მოვხვდი ამ „გაუგებრობაში“: მე მომწერა სოციალური ქსელის ნაცნობმა, გამეცნო, როგორც „საიას“ იურისტი და მკითხა, ხომ არ შემიძლია, მოვამზადო მცირე დასკვნა კანონის ლინგვისტურ მხარეზე, სახელდობრ, კანონის სათაურისა და საკვანძო ტერმინოლოგიის შესახებ. სამუშაო საინტერესოდ მომეჩვენა. მსგავსი კვლევები არაერთხელ დაგვიგეგმია და ჩაგვიტარებია სტუდენტებთან ერთად მცირე კორპუსული ექსპერიმენტების სახით. როცა საკითხზე ფიქრი დავიწყე, მივხვდი, რომ უფრო ღრმა კვლევა იყო საჭირო და დავუკავშირდი ჩემს მეგობრებს, კახა გაბუნიასა და ზაქარია ფურცხვანიძეს. კახამ შალვა ტაბატაძეს გაუზიარა იდეა. სწორედ შალვა იქცა კვლევის სტრუქტურის მთავარ „არქიტექტორად“. მან შექმნა ნაშრომის ერთიანი ჩარჩო, კონცეფცია ერთად შევიმუშავეთ და შევუდექით მუშაობას. ეს იყო ინტენსიური სამეცნიერო მუშაობა. ერთმანეთს ერთხელაც არ შევხვედრივართ. ყველას გაგანია „დედლაინები“ გვქონდა. ვმუშაობდით სამ სხვადასხვა დროით სარტყელში. საბოლოოდ გაერთიანდა შედეგები და აიგო საბოლოო ტექსტი. კვლევა წარიმართა სამი სხვადასხვა მეთოდით: ტრადიციული ლექსიკურ-სემანტიკური ანალიზი; კორპუსული ანალიზი; დისკურსული ანალიზი.
რაც შეეხება უშუალო ბრალდებას: არ მახსოვს, მართლაც, როგორ მოვიხსენიე ზაქარია გამოსვლისას. ალბათ მართლაც ვახსენე სიტყვა „პროფესორი“. მართალი გითხრათ, თუ მთელი სიზუსტით მივუდგებით, არც მე ვარ ნამდვილი პროფესორი. არცერთი საკონკურსო თანადებობა ამ წოდებისა არ მიკავია, ვარ ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი და რამდენიმე უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს. ყველა ჩემი სტატუსის თანამშრომელს ტიტულად პროფესორი უწერია ხოლმე და მეც ასე მომიხსენიებენ. იშვიათად ვიყენებ ამ წოდებას ჩემი წარდგენისას. ერთი სიტყვით, ტიტულატურის ძველი და ახალი, ქართული და გერმანული სისტემების ზუსტი დაცვა ამ სასამართლო სხდომაზე აქტუალური არ ყოფილა. ზაქარიას პროფესორობის გარეშეც საკმაო ბიოგრაფია აქვს იმისათვის, რომ კვლევაში მისი მონაწილეობა ლეგიტიმურად ჩაითვალოს.
ქალბატონო მარინა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ თქვენს სტატუსს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ფიქრობთ, რომ ეს საკითხი გასცდება სოციალურ ქსელს და ფართო განხილვის საკითხი გახდება?
მარინა ბერიძე – არ ვისურვებდი ასეთ გაგრძელებას, მართალი გითხრათ. ჩემთვის საკითხის სამეცნიერო ნაწილი ამოწურულია. ვფიქრობდი, რომ რაკი ჩემს გამოსვლას ძირითადად ლინგვისტებში გამოუჩნდა ოპონენტები, აქამდე რომელიმე მათგანი დადებდა საპასუხო კვლევას, რომლითაც საწინააღმდეგოს დაამტკიცებდა. განსაკუთრებით ეხება ეს მანანა თანდაშვილს. ის თავადაც წერს, რომ ქართული ციფრული მონაცემების უდიდესი ნაწილი, რომელზეც 500 (!) ქართველი მეცნიერი მუშაობდა, მის ხელთაა „ქართული ეროვნული კორპუსისა“ და „პოლიტიკური კორპუსის“ სახით. ეს რესურსი ჩვენი კვლევის ერთ-ერთი საყრდენი მასალაც იყო. რასაკვირველია, ჯობდა, ქალბატონ მანანას წარმოედგინა საკუთარი კვლევის შედეგად მიღებული დასკვნა. ასეთი დასკვნა ცალსახად გამოავლენდა, საით იხრება მისი, როგორც მეცნიერის, „პოლიტიკურ მანიპულაციათა“ გზამკვლევი ისარი.
ვიმეორებ: მე სასამართლოს ყველა კითხვას გავეცი პასუხი. ახლა ამ „პასუხების პასუხი“ იქნება:
1. კონსტიტუციური სასამართლოს გადაწყვეტილება;
2. ალტერნატული აკადემიური კვლევა, რომელიც ჩვენგან განსხვავებულ შედეგს დადებს.
ქალბატონო მარინა, წავიკითხავ ამონარიდს თქვენი სტატუსიდან: ეს პოსტი პირველი ემოციაა და ძალიან ვეცადე, ყველაფერი არ „წამომეყარა“. აუცილებლად მივმართავ იურისტს შემდგომი ნაბიჯებისათვის. მაშ, რას გეგმავს მარინე ბერიძე უახლოეს მომავალში?
მარინა ბერიძე – მართალი გითხრათ, არ მახსოვს ასეთი მძიმე რამ ოდესმე მეთქვას ან დამეწეროს. არ გაგიკვირდეთ. ამ ადამიანთან თანამშრომლობის მრავალი წელი მაკავშირებს. უამრავი საქმე გაგვიკეთებია ერთად და ერთმანეთის იმედით. სამწუხაროა, რომ ასეთ იაფფასიან, მართლაც რომ „პოლიტიკურ მანიპუალაციაში“ ჩაერთო. სამწუხაროა, რომ ევროპაში ამდენი ხნის „მოღვაწეობის“ შემდეგ ასეთ არაევროპულ პოზიციაზე აღმოჩნდა. რა გეგმა უნდა მქონდეს მასთან დაკავშირებით?
… რა გეგმაც არ უნდა მქონდეს, ვიცი, რამე რომ გაუჭირდეს მას და მის შვილებს, მაინც ისე გადავეფარები და დავიცავ, როგორც აქამდე… მთავარია მანაც დაიცვას მთავარი ხაზები! დაიცვას პროფესიული, ადამიანური, საზოგადოებრივი ეთიკის საბაზისო მოთხოვნები.
ქალბატონო მარინა, საინტერესოა როგორ ხდება ფრანკფურტში არსებული ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის არჩევა?
მარინა ბერიძე – ეს ცენტრი თუ პოზიცია, როგორც ვიცი, იქმნება საზღვარგარეთ ქართველოლოგიური მიმართულების განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით. პროგრამას პირობითად ვამბობ, თორემ მაინცდამაინც ბევრი რამ მის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ძირითადად, ფრაგმენტული ინფორმაცია მაქვს. არ ვიცი, კონკრეტულად რომელი უწყება კურირებს ამ საქმეს. ერთადერთი, რაც ვიცი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით (თუ თანადაფინასებით) იქმნება 0,5 საშტატო ერთეული ფრანკფურტში. პოზიცია საკონკურსოა. ამ კონკურსს თავად გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიულ კვლევათა ინსტიტუტი ატარებს. სხვა ინფორმაცია ამ კონკურსის შესახებ არა მაქვს. ვფიქრობ ამ კუთხით თქვენს ინტერესს უფრო ოფიციალური ინსტიტუციები უპასუხებენ.
სპეციალურად საიტისათვის, ნინო ჩხეიძე