მარიამ ქვრივიშვილმა ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ეკატერინე სისაური წარუდგინა

Primetime.ge 1 დღე წინ 13
მარიამ ქვრივიშვილმა ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ეკატერინე სისაური წარუდგინა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებს უწყების ახალი გენერალური დირექტორი, ეკატერინე სისაური წარუდგინა, რომელიც ამ დრომდე ფინანსურ და ქონების მართვის საკითხებში კორპორაციის დირექტორის პოსტს იკავებდა.„ეკატერინე უკვე არაერთი წელია, ამ სისტემაში მუშაობს, დარგის გამოცდილი პროფესიონალია და დეტალურად იცნობს ნავთობის და გაზის კორპორაციის საქმიანობას. თავად კორპორაცია ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით, შრომით და თავდადებით კიდევ უფრო მეტ ახალ, მნიშვნელოვან პროექტებს გავაკეთებთ, უწყება, მთლიანად მისი გუნდი კი წარმატებულად იმუშავებთ ახალ ხელმძღვანელთან ერთად“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.კორპორაციის ახალი გენერალური დირექტორის წარდგენას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე.ეკატერინე სისაურს ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ნავთობისა და გაზის კორპორაციაში საქმიანობა მან 2018 წლიდან დაიწყო - ქონების მართვის მიმართულებით დირექტორის პოზიციაზე. 2022 წლის ივნისიდან კი, პოზიციების შერწყმის შედეგად, მისი თანამდებობა განისაზღვრა როგორც დირექტორი ფინანსურ და ქონების მართვის საკითხებში. ამასთან, ეკატერინე სისაური სხვადასხვა დროს იკავებდა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს თავმჯდომარის, სსიპ იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალის მენეჯერის მოადგილის, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტებს და ა.შ.ეკატერინე სისაურს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი აქვს.ეროვნული კომპანიის სტატუსის მქონე, დივერსიფიცირებული საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ინვესტორებთან გაფორმებულ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებებში სახელმწიფოს ინტერესებს იცავს. კორპორაცია, როგორც საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის მფლობელი, წამყვან როლს ასრულებს სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში.        
სრულად წაიკითხეთ სტატია