მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა და ადამიანის უფლებათა საბჭოს სიტყვით მიმართა  

Civil Georgia 1 თვე წინ 26
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა და ადამიანის უფლებათა საბჭოს სიტყვით მიმართა  

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 24 თებერვალს ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბოჭორიშვილის ვიზიტი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ჩართულობა გაეროში, რეგიონული უსაფრთხოება და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები.

შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოჭორიშვილმა და გუტიერეშმა გაეროს ინიციატივებში საქართველოს წვლილზე, საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუციების განხორციელებასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაეროს მონაწილეობაზე იმსჯელეს.

„შეხვედრაზე საუბარი  შეეხო საქართველოს  ეკონომიკური განვითარების  პოზიტიურ  დინამიკას და მის  როლს რეგიონში“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ბოჭორიშვილმა გენერალური მდივანი საქართველოში მიიწვია და კიდევ ერთხელ აღუთქვა ქართული მხარის მზაობა განაგრძოს ორგანიზაციის ინიციატივების მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა მსოფლიოში მშვიდობის, განვითარების და გლობალური გამოწვევების დასაძლევად.

გამოსვლა ადამიანის უფლებათა საბჭოში

იმავე დღეს, ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მან გამოსვლა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე საუბრით დაიწყო და განაცხადა, რომ „ეს ომი გამოხატავს ძალადობრივი კონფლიქტის დამანგრეველ გავლენას ადამიანის უფლებების დაცვაზე“.

მან გაიხსენა 25 თებერვალი, 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღე, რომელმაც შეაჩერა „ჩვენი დემოკრატიული განვითარება შვიდი ათეული წლის განმავლობაში“ და დასძინა, რომ საქართველო აგრძელებს ბრძოლას „სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის“.

მან დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“, ხაზი გაუსვა მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ადამიანის უფლებათა დარღვევებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, გაიმეორა საქართველოს მზადყოფნა წარმოადგინოს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური რეზოლუცია სექტემბერში და გაეროს მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გამოთქვა.

ბოჭორიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს „პროგრესს სასამართლო რეფორმების განხორციელების კუთხით“, და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების რაოდენობის კლებაზე, შესაბამისად კი კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება.

26 ოქტომბრის სადავო არჩევნებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეებმა „თავისუფალი პოლიტიკური არჩევანი გააკეთეს“, არჩევნების ირგვლივ სპეკულაციები გრძელდება და დასძინა, რომ „ხელოვნური კრიზისის შექმნისა და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართული მანიპულაციები უნდა შეჩერდეს“.

„ნება მომეცით გავიმეორო ჩემი მთავრობის სრული მზადყოფნა გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და აქტიური ჩართულობა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებთან“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია