მაკა ბოჭორიშვილი  UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორს  შეხვდა

Civil Georgia 3 დღის წინ 12
მაკა ბოჭორიშვილი  UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორს  შეხვდა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 28 მაისს გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილესა და UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორს, ივანა ჟივკოვიჩს შეხვდა, სადაც მათ საქართველოსა და UNDP-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს მთავრობასა და UNDP-ის შორის არსებული 30 წლიანი, მჭიდრო პარტნიორობა და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა UNDP-ის ძალისხმევაზე ქვეყანაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით“.

სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, საუბარი შეეხო ქვეყნის როლს რეგიონში, „შუა დერეფნის“ პოტენციალსა და მის მზარდ მნიშვნელობას. „ამ კონტექსტში, აღინიშნა საქართველოში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებების მხარდაჭერის პროცესში UNDP-ის  ჩართულობის მნიშვნელობა“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ამავე პრესრელიზის თანახმად, საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.

UNDP-ის წარმომადგენელი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებთანაც მართავს შეხვედრებს.

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ არაერთხელ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მთავრობის რეპრესიული კანონები და ქმედებები. 2023 წელს პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის წარდგენისას, მან განაცხადა, რომ ამ კანონის მიღებამ, „შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი“. გაეროს ოფისმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი მიღება „საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მუშაობას და მათ მიერ ქართული დემოკრატიის განვითარებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს“.

2024 წლის 9 აპრილის განცხადებაში, გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების გამო და ასევე „წუხილი“ გამოთქვა პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო სიებში სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმების გამო. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს წევრობის გათვალისწინებით, გაერო-მ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, „გამოიწვიოს კანონპროექტი და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია